
გოგა ხაინდრავა ვაკიდან სოფელში, თეთრიწყაროს რაიონში მიდის: როგორც „ბიზნესკურიერთან“ საუბარში ამბობს, ათი ოჯახი თეთრიწყაროში ახალ სოფელს დაარსებს - კოოპერატივი უკვე შექმნეს და ახლა სესხის აღებას აპირებენ.
გოგა ხაინდრავას თქმით, ის ფერმერობას მიჰყოფს ხელს. კოოპერატივს უკვე ჰყავს 50 ძროხა, თუმცა, ხაინდრავა ჩივის, რომ ექვსი თვეა, პროექტი გამზადებული აქვს, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტანციაში დადის, მაგრამ ის ადგილიდან ვერ დაძრა:
„ვაუჩერები ახალდაწყებულებს არ ეკუთვნით, ასე რომ, ამითაც ვერ ვსარგებლობ, ტექნიკაზე საერთოდ, ლაპარაკიც ზედმეტია“.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გოგა ხაინდრავა ფერმერთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომლებმაც სხვადასხვა საკითხებზე - მაგალითად, მიწის დაზღვევასა და აგროდაზღვევაზე დააკვალიანეს.
გოგა ხაინდრავამ „ბიზნესკურიერის“ გადამღებ ჯგუფს ის ტერიტორიაც გადააღებინა, სადაც ახალი სოფლის გაშენებას აპირებს.