
გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებიდან წელიწად ნახევარი გავიდა. ჩვილი წყლით სავსე ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.
მისი გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა მითქმა-მოთქმა იყო. თუმცა, გამოძიება დღემდე გრძელდება, დეტალები კი კვლავ გაურკვეველია.
„ამბები.ჯი“ რაფალიანცის ოჯახის ადვოკატს ლალი ბიწოშვილს ესაუბრა:
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არც მე ვიძლევი ინფორმაციას. მოვა დრო, გამოვალ ტელევიზიით და ვიტყვი ყველაფერს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 30 სექტემბერს, არჩევნების წინა ღამით, "ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა პირდაპირი ეთერის საშუალებით საქართველოს ამცნო სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, სადაც გარდაცვლილი ჩვილის ქვევრიდან ამოყვანას ტელევიზიის ვიდეო-კამერა იღებდა.
10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში იპოვეს გარდაცვლილი. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. გოგონას დეიდამ, დალი მექერიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა.
ჩვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავჳშრებით „ნაციონალური მოძრაიბის“ წევრი გიორგი ღვინიაშვილი კომენტარს აკეთებს:
"მაქვს ინფორმაცია, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, მაგრამ არ ახმაურებენ, რადგან "ქართულ ოცნებას" არ აწყობს. იმიტომ არ ახმაურებენ, რომ როგორც კი ამას იტყვიან, ის ადამიანი, ვინც მე ტრაგედიის ღამეს დამადანაშაულა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ახლა კულტურის მინისტრის მოადგილეა, ცრუ დასმენისთვის უნდა დაისაჯოს. მე ძალიან კარგად ვიცი სისხლის სამართლის კოდექსი და ცრუ დასმენა დანაშაულია. სრულიად ნათელია, რა მოხდა ამ ღამეს, "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა ეს წინასაარჩევნოდ და ცოცხების ფონზე ამომრჩეველი ამ ტრაგედიით დამძიმებული მიიყვანა საარჩევნო ყუთებთან," - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ღვინიაშვილმა.