
მწერალი შოთა იათაშვილი მწერალთა სახლში გამართულ შეხვედრას იხსენებს და წერს, რომ საჭირბოროტო საკითხებზე საუბარი საერთო განწყობის მქონე ადამიანებთან შედგა, თუმცა, გამოსავლის პოვნის გარეშე დასრულდა.
შოთა იათაშვილი, მისივე თქმით, „მარტივ ლოგიკას“ იშველიებს და ასკვნის, რომ ძაღლის თავი ბიძინა ივანიშვილის ტვინშია დამარხული, რომელიც უპრობლემოდ ითავსებს „ასავალ–დასავალსა“ და სულ სხვა ფასეულობების მქონე ადამიანებს.
შოთა იათაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:
„დღეს მწერალთა სახლში შევიკრიბეთ.... არაჩვეულებრივი ადამიანები... განწყობაც თითქოს საერთო გვქონდა... მეც დამიძახეს... გავედი, ცოტა დაბნეული, როგორიც ასეთ დროს ხშირად ვარ ხოლმე...
კონკრეტულად უნდა მელაპარაკა ალბათ, მაგრამ ვერ მოვახერხე... რომ წამოვედი, იმის მერე დალაგდა ნელ-ნელა სათქმელი. მთავარი პრობლემა დალაგდა: ერთხელ ახსენა იქ შორენა შავერდაშვილმა ბიძინა ივანიშვილი, ის ბიძინა, რომელსაც ძალიან უყვარს "ასავალ-დასავალი" (სხვათაშორის, გიორგი ლობჟანიძემ გაგვახსენა ეგ იმ მომენტში მძაფრად - რომ ძალიან უყვარს).
მეც მინდოდა მაგაზე მეთქვა, მაგრამ ავირიე, სხვა რამეებს გავყევი და მთავარი ხაზი დამეკარგა... მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ლოგიკა ყველაზე სუსტი რამაა ქართველებისთვის - ლოგიკის ძალის არასდროს სწამთ. ლოგიკას ვერ მიყვებიან ხოლმე...
აი, მარტივი ჩემი ლოგიკა, რაც დღევანდელი სრული ალოგიკურობის მაჩვენებელია: ვინაა ზურაბ ქარუმიძე? ის თარჯიმანი იყო (შეიძლება ახლაც იყოს, თუ საჭირო გახდება) ბიძინასი. მის კანცელარიაში მუშაობს, მისი ელჩი უნდა გამხდარიყო...
ვინაა რატი? ბიძინას მრჩეველი, როგორც მე ვხედავ, გვერდით რომ უდგას და ცდილობს, ქვეყანაა ააწყობინოს...
ვინაა ბასა? ასევე ბიძინას გვერდითმდგომი ადამიანი, რომელიც ახლა ამ აქციაზე იყო მოსული, მსგავსად რატისა...
და რაა "ასავალ-დასავალი"? ბიძინას საყვარელი გაზეთი, რომელსაც ის მუდამ აძლევს ინტერვიუებს, რომელმაც თავი აიშვა ბოლომდე მე მგონია სწორედ იმიტომ, რომ ბიძინამ კოჭი გაუგორა...
ბიძინა დღეს ვითომ ერთი რიგითი მოქალაქეა, მაგრამ სჯერა დღეს ვინმეს ამისი? ხომ ყველამ იცის რომ ბიძინა მართავს ამ ქვეყანას? და თუ ასეა, რატომ ვიკრიბებით შეხმატკბილებულად ჩვენ, როცა ვიცით, რომ ქვეყნის რეალურ მმართველს ის გაზეთი უყვარს და იმ გაზეთს აძლევს ინტერვიუებს, რომელიც ლაფს ასხამს კვირიდან კვირამდე კარგ ხელოვანებს და წესიერ მოქალაქეებს და სწორედ იმიტომ გაბლატავდა ბოლომდე, რომ იცის - ბიძინას საყვარელი გაზეთია, და ის ადამიანები, რომლებიც ბიძინას გვერდით დგანან და მას ქვეყნის აშენებაში ეხმარებიან, შეიძლება დღეს გამოდიოდნენ და სიტყვის თავისუფლებას იცავდნენ...
მაგრამ რა ლოგიკაა? ყველა ბიძინასთანაა - "ასავალ-დასავალიც", რატიც, ბასაც, ზურაც (არადა, ზურაზე მართლა გამოაცხადეს სვანებმა ფატვა და ეს მართლა საშიში და შემზარავია) და ჩვენ კიდევ ვიკრიბებით და გამოსავალს ვეძებთ და ვეძებთ და ვერ ვპოულობთ...
არადა მანდაა ძაღლის თავი დამარხული - ბიძინას ტვინში, რომელიც ითავსებს უპრობლემოდ "ასავალ-დასავალს", რატის, ბასას, ზურას, სოსოს (ჯაჭვლიანს) და გააგრძელეთ თქვენ როგორც გინდათ...
"სპისოკი" გრძელია...“.