-
2014-03-21 21:37
ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გავიდა გადაცემა, სადაც GDS-ის ერთერთი გადაცემის ავტორი გველების თავისებურებებზე და იმაზე ამახვილებს ყურადღებას, როგორ იკვებებიან ისინი.
ამასთან, ეთერში გავიდა ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობის ნატურალური კადრები: გადაცემის წამყვანი გველებს ჯერ ცოცხალი თაგვებით კამერების წინ „ამარაგებს“, მოგვიანებით კი გველს შესაჭმელად ცოცხალ კურდღელს უგდებს. გადაღება თბილისის ზოოპარკში მიმდინარეობს.
„ნახე, რა საყვარელია, მენანება“, - ამბობს წამყვანი, მაგრამ საბოლოოდ კურდღელს მაინც გველთან აგდებს და ოპერატორი კი იღებს, როგორ გუდავს ქვეწარმავალი ცოცხალ კურდღელს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ რამდენიმე მედიასაშუალებამ და ვიდეოპორტალმა გაავრცელა კადრები, რომლებიც თბილისში, ზოოპარკში იყო გადაღებული და სადაც ასახული იყო, როგორ ჭამს გველი ცოცხალ კურდღელს. იმის მიუხედავად, რომ გადაღების ორგანიზატორები, ვიდეოს მიხედვით, ამ პროცესში არ მონაწილეობდნენ, ვიდეოს გავრცელებამ მაინც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა დანაშაულებრივი ქმედებაა. კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად
“1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: (ა) ჯგუფურად; (ბ) არაერთგზის; (გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“
GDS-ის ეთერში გასული გადაცემის სტატიაში აღწერილი ფრაგმენტის ნახვა myvideo.ge-ს საშუალებით ამ ბმულზე შეგიძლიათ.









