
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "პოლიტიკის დრო" 2013 წლის 17 მაისის დემონსტრაციას და დარბევის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პოლიციამ იყოჩაღა, როცა LGBT პირები არ აცემინა, რაც მანამდე ყოველთვის ხდებოდა.
"17 მაისი არ იყო იმაზე უარესი, რაც მანამდე, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ხდებოდა. არ ვიცი, რა იგულისხმება გაუარესებაში, ამ ხალხს ყოველთვის ცემდნენ და პოლიციამ მოახერხა ის, რომ ეს ხალხი გადაარჩინა ცემა-ტყეპას.
მაშინაც ირაკლიმ ივაჟკაცა, სხვათა შორის, ის პირადად ხელმძღვანელობდა ოპერაციას, მე მახსოვს, მთავრობის სხდომა მიმყავდა და ხან ირაკლის ვურეკავდი და უფრო იაკობთან მქონდა კავშირი. ასე რომ, ეს მოხერხდა. რაც შეეხება მასშტაბურობას, მასშტაბური იყო იმიტომ, რომ მათ ეხმარებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, მაგრამ მომავალში, ალბათ, უფრო უკეთესად მოხერხდება ამ დაცვის ორგანიზება", – განაცხადა არასამთავრობო სექტორში გადასულმა ყოფილმა პრემიერმინისტრმა.