დღეს ფიზიკური განშორების მორიგი ეტაპი დგება - რატი სამყურაშვილის მეუღლე ეკატერინე ტოგონიძე მიმართვას აკეთებს

Image

 რატი სამყურაშვილის მეუღლე ეკატერინე ტოგონიძე მიმართვას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

უშენობის მესამე დილა. დღეს ფიზიკური განშორების მორიგი ეტაპი დგება, სიონში გადასვენება და ღამე უშენო სახლი.
ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო. ამაზე ისედაც ნაფიქრი მქონდა და ძალიან მტკიცედ ვიცოდი, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, რადგან უშენობას ჯობს ყველაფერი. ვუპასუხე, რომ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მთელი ცხოვრება მეყოლებოდი, თუმცა ეს არ არის სწორი არჩევანი. დამეთანხმა. თუთა აღმოჩნდა ყველაზე მამაცი გოგო, ნამდვილი რატის გოგო, რომელიც იქით ზრუნავს და ამშვიდებს დედას. წმენდს ცრემლებს და ეუბნება: ღმრად ისუნთქე, ისუნთქე! ჰო, აი, ასე, დამშვიდდი, მაკის არ უნდა, რომ ასეთი იყო („მაკი“ „მაკინოს“ ანუ თუთას მიერ პირველად წარმოთქმული „მამიკოს“ შემოკლებითი სახელი და ყველაზე ტკბილი სიტყვაა ჩვენს ცხოვრებაში. მაკისნაირი - რატისნაირი მამა არავის ჰყოლია და ახლა აღარც თუთას ჰყავს)...

ეს ფოტო მაშინ გადაგიღე, როცა პირველად გაბანავე. ეტლი უკვე მქონდა და საშხაპე დავშალეთ, კარი ჩამოვიღეთ, რომ სივრცე გვქონოდა. ცოტას ვნერვიულობდი, რამე არასწორად არ გამეკეთებინა. პატარა დისკომფორტიც არ გეგრძნო, შამპუნი არ ჩაგსვლოდა თვალში ან გამოსვლისას არ შეგციებოდა. მინდოდა, რომ ყველაფერი მეკეთებინა საუკეთესოდ, რადგან მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებ შენ. მაშინ უკვე აღარ ლაპარაკობდი და მე ჯერ არ მქონდა ნასწავლი ამ სიჩუმეში შენი გაგება. მერე ეგეც მოხდა. ჩვენი კონტაქტი 100% აღდგა და შეიძლება იმაზე მეტადაც, ვიდრე სიტყვებით და წინადადებებით.
საოცარია! ყველაფერი შეიზღუდა და ურთიერთობა გაღრმავდა. შენი ერთი საღი თვალი და ხმა, უბრალოდ ყელიდან ამოშვებული ხმა ინტონაციით და ტონალობით ყველაფერს უკლებლივ მაგებინებდა. მაგებინებდა ოდნავ მოძრავი მარცხენა ხელიც და მთელი უძრავი სხეულიც. არასდროს ამდენი სითბო და სიყვარული არსად მინახავს, რამდენიც შენს ერთ თვალში, ამ მართლა სულის სარკმელში, რომლიდანაც უწყვეტ ნაკადად იფრქვეოდა ემოცია და სათქმელი. საერთოდ ამ თვეებში მივხვდი ერთ რამეს, რომ შენ შეძელი ყოფილიყავი შენ მაშინაც კი, როცა პარალიზებული სხეულის ტყვედ ჩავარდი. აზრზე არა ვარ, როგორ მოახერხე თავის შენარჩუნება და შენად დარჩენა. წარმოუდგენელია, მაგრამ საერთოდ არ შეცვლილხარ და მთელი შენი ხასიათის, შინაგანი სამყაროს ენერგია მოდიოდა ამ გაჩერებული კადრიდან. დაუჯერებელია, რომ ასე უმოძრაოდ, უსიტყვოდ და ცალ-თვალაკრული იყავი ასეთი სავსე, საინტერესო, მადლიერი, ღირსეული და მუდმივ ურთიერთობაში ჩართული, უწყვეტ კავშირზე მყოფი, მოსიყვარული და ისევ და ისევ აქეთ ჩემი მფარველი! მე ზუსტად ვიცი, რატომ იცოცხლე იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით ვარაუდობდნენ. ეს ჩვენთვის გააკეთე, ხათრით და სიყვარულით, როგორც ყოველთვის ყველაფერი.

ძალიან მაწუხებს ის, რომ მშვიდი გამომშვიდობების და მადლობის ნაცვლად, თავზე დაგყვიროდი შეშლილი, არ მიღალატო-მეთქი, არადა ღალატი შენ საერთოდ არ იცი რა არის! (თურმე ასეთი კაცებიც არსებობენ)! დედაჩემის არაადამიანური ხმაც ჩამესმოდა სასწრაფოში რომ რეკავდა და სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვს გიჟივით ვაკოწიწებდი, ვენაცვლებოდი ექთანს გულის მასაჟზე, ხელით, ძალით, ხელოვნურად გიმუშავებდი დაღლილ გულს და მერე როცა ექთანი აგრძელებდა ამის კეთებას, ხელოვნურ სუნთქვაზე გადავდიოდი, რომელიც არ ვიცი, როგორ კეთდება, მაგრამ ვიცი, რომ იმ ჩაბერვით საკუთარ სულს და სიცოცხლეს გაძლევდი.

გული გაიჩერა - ეს ფრაზა ექიმებისგან და ექთნებისგან ადრე რამდენჯერმე გავიგე და ძალიან ყურში მომხვდა, გამიკვირდა, რადგან არც ერთ სხვა ორგანოზე ასე არ ამბობდნენ. გაუჩერდა, ყველა სხვა ორგანო გაუჩერდა, მაგრამ გული თურმე გაიჩერა. ასეა დამკვიდრებული ეს ტერმინი და არის ამ სიტყვაში რაღაც ისეთი, რაც გაიძულებს პატივი სცე ადამიანის გადაწყვეტილებას.

სასოწარკვეთის დრო არაა, ეს არ გითხოვია შენ ჩემთვის. შენ ერთადერთი რამე მთხოვე, სიყვარული, რომელიც მეგონა, ისედაც საკმარისი გვქონდა, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ... თურმე ის, რაც ადრე გვქონდა, იყო შესავალი. თურმე დადგებოდა დრო და მე ყოველ დღე ვიქნებოდი ბედნიერი შენი სუნთქვის გაგონებით და მნიშვნელობა აღარ ექნებოდა სხვას აღარაფერს. ადამიანებს გაუკვირდებოდათ, როგორ ვუძლებ, რატომ არ ვიღლები, რატომ შიშისგან არ ვკვდები, როცა დღე არ გადის კრიტიკული ეპიზოდის გარეშე, რეანიმატოლოგი მეტყოდა, მიუშვით ექთნები, ასე თქვენ გახდებით სამკურნალო... ბუნებრივია, რადგან მათ არ იცოდნენ სიყვარულის რა ენერგიაზე გყავდი მიერთებული.

 

92289173_10157044780511301_4609812815685877760_n.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !