ჭიდაობას რა უნდა ანუ რა სკანდალია მოსალოდნელი ფედერაციაში კვირკველიას წინააღმდეგ

Image

გაზეთი "ქრონიკა+" აქვეყნებს სტატიას ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე შიდა პროცესებზე და საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, საზოგადოება ჭიდაობის ფედერაციაში დაწყებული კიდევ ერთი სკანდალის მოწმე გახდეს, რის საფუძველზეც, წესით და რიგით, ახლანდელი პრეზიდენტი, მინიმუმ, უნდა გადააყენონ - გამოძიების დასრულებამდე მაინც.

 

მთავარ ფოტოზე: რამაზ ნოზაძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მანუჩარ კვირკველიას ოთახში. "ფეისბუქზე" მის მიერვე ატვირთული ფოტო.

 

"საქმე ეხება ფედერაციაში ახალმისული შემადგენლობის მიერ ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვას, ე.წ. ატკატებსა და თანამშრომელთა ნაწილის მიმართ შრომის კოდექსით გათვალისწინებული მუხლების დარღვევას.

 

როცა ბიუჯეტის თანხის გაფლანგვას თუ ჯიბეში ჩადებას ვახსენებთ, არ ვგულისხმობთ რამდენიმე ათასს ან თუნდაც, ათეულობით ათასს: საუბარია, არც მეტი, არც ნაკლები, კონკრეტული მიმართულებით ზედმეტად გახარჯულ 250.000 ლარზე, რაც ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ნაკრებთა შეკრებებისთვისაა დახარჯული.

 

ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს ის ხმაურიანი პროცესები, რაც ჭიდაობის ფედერაციაში ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ დაიწყო და ხმაურით წარიმართა. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ლუკა კურტანიძე დღეს პარლამენტის წევრია, მანუჩარ კვირკველია კი - ჭიდაობის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი. იმ პროცესების კიდევ ერთი აქტიური მონაწილე - რამაზ ნოზაძე კვირკველიას ფავორიტი და მეგობარია და, როგორც ამბობენ, ორივეს კიდევ ერთი „გასაყოფი“ ობიექტი ეკუთვნის, რომელსაც ფულის საკეთებლად იყენებდნენ - ბაზა დუშეთში, რომელიც ნაკრებთა შეკრებების გასავლელად გამოიყენება ხოლმე.

 

შეკრებები, იმის გარდა, რომ წესით, მოჭიდავის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზრუნვის გამოხატულებაა და მის განვითარებას უწყობს ხელს, როგორც ჩანს, „ფულის საჭრელი“ ღონისძიებაცაა. ამაზე შეგვიძლია იმის მიხედვით ვიმსჯელოთ, თუ რა დროს რამდენი იხარჯებოდა და იხარჯება მსგავსი შეკრებების დროს თითოეულ სპორტსმენზე, რომელიც შეკრებაში მონაწილეობდა ან მონაწილეობს.

 

დავიწყოთ იმით, რომ ჭიდაობის ფედარაციის განკარგულებაში სულ 7 ნაკრებია. აქედან, წელიწადის განმავლობაში, რამდენჯერმე ჩატარებული შეკრების დროს, თითო შეკრებაში 40 სპორტსმენი მონაწილეობს. თითო შეკრება, როგორც წესი, 14 დღეს გრძელდება და სხვადასხვა ასაკის ნაკრების წევრების შეკრებას მოიცავს.  

 

შეკრებებში თითო სპორტსმენზე დახარჯული თანხის ანალიზი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მაგალითზე დავიწყოთ. ამ დროისთვის „ქრონიკა+“-ის ხელთ არსებული მონაცემებით, უკვე შეიძლება შედარება, რამდენი იხარჯებოდა ნაკრების თითოეულ წევრზე შეკრების დროს, ყოველდღიურად წინა ხელმზღვანელობის დროს და სად ტარდებოდა შეკრება და რამდენი დაიხარჯა და სად ჩატარდა შეკრება წელს, უკვე ახალი ხელმძღვანელობის პირობებში.

 

2014 წელს, მაგალითად, ერთერთი წინასაჩემპიონატო შეკრება თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა ბაკურიანში, „ვერე პალასში“ გაიარეს. მაშინ შეკრების თითოეულ მონაწილეზე ყოველდღიურად გათვალისწინებული იყო 65 ლარი. ამ თანხაში შედიოდა კვებაც, რაც საკმაოდ მაღალ დონეზე იყო გათვალისწინებული.

 

2015 წელს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. მაგალითად, ნაკრებმა მომზადების გავლა არა ბაკურიანში, არამედ დუშეთის ბაზაზე დაიწყო. დისლოკაციის ადგილის შეცვლის მიზეზის დადგენა არ იქნება ძნელი, თუ გავიხსენებთ, რომ დუშეთის ბაზის მესაკუთრეებად კვირკველიასა და ნოზაძეს მოიხსენიებენ. სულაც რომ თავი გავანებოთ კლასში ბაკურიანის „ვერე პალასისა“ და დუშეთის ბაზის შედარებას, დუშეთში შეკრებაზე თითოეული სპორტსმენი ყოველდღიურად, 90 ლარი ჯდებოდა - ასე იყო ხარჯებში გაწერილი.

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დროისთვის ასეთი უკვე 18 შეკრებაა ჩატარებული და თუკი შევადარებთ წინა ხელმძღვანელობის 18 და მიმდინარე ხელმძღვანელობის 18 შეხვედრას, აღმოჩნდება, რომ ერთსა და იმავე საანგარიშო პერიოდში წინა ფედერაციის ხელმძღვანელობამ 655, 200 ლარი, ახალმა კი მთელი 250.000 ლარით მეტი დახარჯა ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან.

 

რამდენად საჭირო იყო ერთ სპორტსმენზე თითქმის 30 ლარით მეტის გამოყოფა 2015 წელს და მოხმარდა თუ არა ეს თანხა მთლიანად სპორტსმენებს? თუ, უბრალოდ, მადა ჭამაში მოდის და ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა „ატკატებით“ დაკავდა? იმედია, ამ საკითხით სამართალდამცველი ორგანოები დაინტერესდებიან, მანამდე კი „ქრონიკა+“-ის წყარო იმასაც ამბობს, რომ ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობისგან მსგავსი „ატკატი“ დიდი მოულოდნელობა არ იქნება, რადგან ლუკა კურტანიძის წასვლისთანავე კვირკველია დაინტერესდა იმ 350.000 ლარით, რაც ფედერაციის ანგარიშზე იდო და სამჯერ მიმართა ბანკს, რათა წვდომა ჰქონოდა მის განკარგვაზე.

 

წყარო იმასაც ამბობს, რომ კვირკველიას მის დანაპირებს ხშირად ახსენებენ, განსაკუთრებით, დაპირებების იმ ნაწილს, სადაც ის ამბობდა, რომ ჭიდაობაში ნახევარი მილიონის ჩადებას აპირებდა, ხოლო ვეტერან მოჭიდავეებს ათას-ათას ლარს გამოუყოფდა. ვეტერანები დღემდე ამაოდ ელოდებიან დაპირებულ თანხას, ხოლო რაც შეეხება ნახევარი მილიონის ჩადებას, ჩვენი წყარო ამბობს, რომ კვირკველიამ მართლაც ჩადო ფული ჭიდაობაში, მხოლოდ იმ კუთხით, რომ დუშეთში არსებული თავისივე ბაზა განევითარებინა.

 

ამავე წყაროს თქმით, კვირკველიას დავალებით, საქართველოში საჩუქრად ჩამოსული სამი საჭიდაო ლეიბიც კი, რომლებიც ჯერ კიდევ ლუკა კურტანიძეს აჩუქა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა ლალოვიჩმა და თითოეულის ღირებულება 12.000 ევრო იყო, დუშეთის ბაზაზე წაიღეს.

 

კვირკველიას ფედერაციის ძველი თანამშრომლების შევიწროებაშიც სდებენ ბრალს. გასაგებია, რომ როცა ახალი ხელმძღვანელობა მოდის, საკადრო ცვლილებები მოსალოდნელია, მაგრამ როცა ეს ცვლილებები შედარებით დაბალ რგოლებში ხდება და ის ეხება სპეციალისტებს, რომელთა საქმიანობასაც ყველა დადებითად ახასიათებს, მინიმუმ, კითხვის ნიშნები ჩნდება ხოლმე.

 

 

KVIRKV1.jpg

 

 

 

მაგალითად, ფედერაციიდან 2015 წლის იანვარში წამოსული იურისტი თამთა თაყაიშვილი, რომელსაც „ქრონიკა+“ ესაუბრა, ამბობს, რომ ის სამსახურიდან წამოსვლას არ აპირებდა, იმის მიუხედავად, რომ ორსულად იყო, მაგრამ აიძულეს, რადგან მოიყვანეს ახალი თანამშრომლები, რის შემდეგაც უშუალო ხელმძღვანელებმა მასთან და კიდევ რამდენიმე თანამშრომელთან კონტაქტი გაწყვიტეს:

 

„როცა დეკრეტული შვებულება მომიწევდა, მაშინ ვაპირებდი გასვლას, როგორც ეს ხდება ხოლმე, მაგრამ იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. ხელფასი არ მერიცხებოდა, ხოლო ხელმძღვანელობა არ მეკონტაქტებოდა. ახალი თანამშრომლები მოიყვანეს, რომლებიც ასევე, არ გვეკონტაქტებოდნენ - ისინი სხვა ოთახში იყვნენ, მე სხვა ოთახში. საბოლოოდ, 2015 წლის იანვრის ბოლოს წამოვედი, შესაბამისად, წამოსვლის წინ მოვიკითხე, როდის მივიღებდი ჩემს კუთვნილ დეკემბრისა და იანვრის თვის ხელფასს, რაზეც მითხრეს, რომ ახლა ანგარიშზე თანხა არ არის და როგორც კი ჩაირიცხება, აგინაზღაურდებაო.

 

მერე, როცა უკვე შვილი მეყოლა, კიდევ რამდენჯერმე დავრეკე და იგივეს მპასუხობდნენ, ხოლო ბოლოს, სექტემბერში, როცა დავუკავშირდი, უკვე ვეღარაფერი მითხრეს და ამიხსნეს, რომ თუ ეს თანხა გინდა, სასამართლოს მიმართეო“, - ამბობს „ქრონიკა+“-თან საუბარში თამთა თაყაიშვილი. იგივე სიტუაცია განმეორდა კიდევ ერთ ქალბატონთან, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვის დედაა. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა კიდევ სამი თანამშრომელი.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ ლუკა კურტანიძის  ინიციატივებისა და მიღწევების საკუთარ თავზე მიწერაც დაიწყო - ეს ხომ ზოგადად, „ოცნების“ წარმომადგენელთა სუსტი წერტილია - წინამორბედთა მიღწევების იგნორირება და მითვისება - მაგალითად ოლიმპიადა და სუპერთასიც გამოდგება.

 

კონკრეტულად კი, უკვე 2015 წლის მარტში, ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დროს ფედერაციაში მოვიდა შეტყობინება, რომ ფილამ (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია) დააკმაყოფილა ქართული მხარის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ 2016 წელს მსოფლიო პირველობა ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, საქართველოში ჩატარდეს.

 

ეს იმდენად მასშტაბური მოვლენაა, რომ წესით, ჭერში ქუდის კვრა და მხიარული ყიჟინა უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ასე არ მომხდარა - ჭიდაობის ფედერაცია გაისუსა და შედეგად, ბევრმა დღესაც კი არ იცის, რომ მომავალ წელს საქართველო ესოდენ საპასუხისმგებლო ტურნირს მასპინძლობს. დუმილის მიზეზი ადვილი გასარკვევი იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ ამ პირველობის მასპინძლობის მოპოვება სწორედ ლუკა კურტანიძის დამსახურებაა, რომლის დროსაც საპრეზენტაციო კლიპის წარდგენა შვეიცარიაში, ასევე სხვა მოსამზადებელი სამუშაოები ისე ჩატარდა, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველომ კონკურენტებს შორის გაიმარჯვა და პირველობის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

 

ალბათ, შევთანხმდებით, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის პრესტიჟია მთავარი და ნაკლებად საინტერესოა ის პიროვნული შეუთავსებლობა, რომელიც, სავარაუდოდ, კვირკველიას შეიძლება ჰქონდეს კურტანიძის მიმართ ან პირიქით - როგორც იტყვიან, კეისარს კეისრისაო...

 

ამას გარდა, მანუჩარ კვირკველიამ საკუთარ იდეად გაასაღა ჭიდაობის ახალი დარბაზის აშენება და ამის თაობაზე პრემიერსაც სახალხოდ სთხოვა დახმარება, რაზეც დაპირება მიიღო, თუმცა, ეს იდეაც ლუკა კურტანიძეს ეკუთვნის და მეტიც, ჭიდაობის ახალი დარბაზის სხვადასხვაგვარი პროექტები, რომლებსაც დაინტერესებული პირები სთავაზობდნენ ფედერაციის ადრინდელ ხელმძღვანელებს, წელიწადზე მეტია დევს ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“.

 

 

DARB.jpg

 

DARB2.jpg

 

 

 

სტატიაში აღწერილ სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ ჯერ სპორტის მინისტრთან, შემდეგ კი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან დაკავშირების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ „ქრონიკა+“ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ვოვა კანკავას დაუკავშირდა.

 

ბატონმა ვოვამ დაადასტურა ფედერაციაში ხელფასის გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ განაცხადა, რომ ხელფასი ზოგჯერ იგვიანებს, ხანდახან ერთი, ხან კი ორი თვითაც, მაგრამ ისეთი შემთხვევა, რომ ვინმეზე საერთოდ არ გაცემულიყო, არ ყოფილა. კონკრეტულად, იურისტ თამთა თაყაიშვილს კანკავა „ძალიან კარგ სპეციალისტად“ მოიხსენიებს, თუმცა ამბობს, რომ მისი პრობლემების შესახებ პირველად ესმის:

 

„მას ჩემთვის არ მოუმართავს, თორემ ეს საკითხი მოგვარდებოდა, რაც ეკუთვნის, იმის დაკავება გამორიცხულია, ეს არ მოხდებოდა“, - ამბობს კანკავა „ქრონიკა+“-თან. ასეთივე პოზიცია აქვს მას სხვა თანამშრომლებთან დაკავშირებითაც, რომლებიც მსგავს პრეტენზიებს გამოთქვამენ.

 

როგორც ცნობილია, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ფედერაციაში არჩევითია და მას პრეზიდიუმი ირჩევს, ამიტომაც, კანკავას ყოფნა ამ თანამდებობაზე დამოკიდებული არაა ფედერაციის პრეზიდენტის განწყობებზე, შესაბამისად, მას ახალი პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება ვთხოვეთ: როგორი მენეჯერია, რამდენად სწორად განკარგავს თანხას, მისი სამწვრთნელო მეთოდიკა, გეგმები...

 

ვოვა კანკავამ ამ დეტალებში ჩაღრმავებას თავი აარიდა, ზოგადად, სპორტსმენთა წარმატებებზე დაიწყო საუბარი, რომლებიც სწორედ ახალი ხელმძღვანელობის პერიოდს ემთხვევა: „სწორედ ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში გავქვს მიღწევები ქართული სპორტის ოლიმპიური სახეობებიდან, სპორტის სხვა სახეობები წაქცეულია“, - აღნიშნა კანკავამ.

 

ბუნებრივია, „ქრონიკა+“ იმითაც დაინტერესდა, რამდენადაა შესაძლებელი, რომ ახალი ხელმძღვანელობის დროს თითო სპორტსმენზე შეკრების დროს გამოყოფილი გაზრდილი თანხა „ატკატების“ შთაბეჭდილებას ტოვებდეს:

 

„მე არ ვარ ჩახედული კონკრეტულ ციფრებში და თანხაში. მაგრამ ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ: ერთ სპორტსმენზე რაც უფრო მეტი თანხაა გამოყოფილი, უკეთესია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხა კვებაზე და სამედიცინო მომსახურებაზე აისახება - უფრო მეტი კალორიულობა, უფრო მეტი დაცვა სამედიცინო კუთხით... ვერაფერს გეტყვით, ეს თანხა ამ მიზნით იყო გაზრდილი თუ სხვა მიზნებისთვის, მაგრამ ყოველ შეკრებაზე დგება ხარჯთაღრიცხვა, რომელზეც კონკრეტული პირია პასუხისმგებელი და ეს ყველაფერი ზედამხედველობის ქვეშაა. ამაზე მეტის თქმა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ შემიძლია“, - აღნიშნავს ვოვა კანკავა „ქრონიკა+“-თან საუბარში.

 

შეკრების დროს კვებასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ დაუკავშირდა ბაკურიანის „ვერე პალასის“ დირექტორს ინგა გვალიას, რომელმაც განაცხადა, რომ კვების საკითხი შეკრებების დროს უმაღლეს დონეზე იყო გადაჭრილი და არავის პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს. მისი თქმით, მენიუ თვითონ სპორტსმენების მოთხოვნის საფუძველზე დგებოდა რაციონი შედგებოდა გაუყინავი ხორცეულისგან:

 

„გაყინული მხოლოდ ქათამი იყო, დანარჩენი იყო გაუყინავი, ნატურალური ხორცი და დესერტიც, სპორტსმენების სურვილის გათვალისწინებით. არასდროს არავის არანაირი პრეტენზია ჩვენი კვების მიმართ არ გამოუთქვამს“, - განაცხადა მან „ქრონიკა+“-თან საუბარში და დაადასტურა, რომ ერთ სპორტსმენზე დღეში 65 ლარი იყო გათვალისწინებული. 

 

გაზეთი "ქრონიკა+"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !