
ფრაგმენტი რეზო ჭეიშვილის მოთხრობიდან "მუსიკა ქარში".
სად არის გეგელიძე
"მუსიკა ქარში"
რეზო ჭეიშვილი
ქვების მრავალრიცხოვან ლაბირინთებს გაცდება რიონი, გაიმდორებს და უცნაური ლოდები, ნაწისქვილართან რომ იწყება და ახალ ხიდამდე არ თავდება, ქრება მხედველობიდან. ვიწრო კალაპოტი კი თეთრი ხიდიდან ფართოვდება და ქვების უკანასკნელ გროვასთან, კოკის ჩქერებთან იშლება საბოლოოდ. გვერდებიდან დახრამული და დაკბილული, ზემოდან გლუვი, მაგრამ უსწორმასწორო ქვები მეტად რთული ბარიერია გამოუცდელი მოცურავისთვის, განსაკუთრებით გაზაფხულის მიწურულს, წყალდიდობის დასასრულს.
როცა წყალი აიქოჩრებოდა, აიფიფრებოდა, როცა მთლიანად გადასილისფერდებოდა, ყველა ქვასა და ლოდს რომ გადაფარავდა, მაშინაც კი შევდიოდი შიგ და თავისუფლად მივცურავდი სახიფათო გასაძრომ-გასასვლელებში; მოხერხებულად ვუვლიდი ხოლმე გვერდს კლდის შენიღბულ ქიმებს.
ყველაფერი მიჩვევაზეა, თანდათანობით, ცოტცოტაობით ყოველივეს შეეგუები, დიდი სირთულე დიდ საზრიანობას, სიმარჯვეს გამოგაჩენინებს, კოკი კი ალბათ მდორე წყალში, დამშრალ კალაპოტში დაიხრჩო. დაიხრჩო მაშინ, როცა სააღდგომოდ გადარჩენილ გოჭს საპნით ბანენ შუა მდინარეში.
ყველაფერს ბედი უნდა. რატომ უნდა დამხრჩვალიყო ეს ბავშვი მაინცდამაინ აქ, ამ ალაგას. იმიტომ ხომ არა, რომ მისი სახელი დარქმეუოდა აქაურობას. კანონზომიერება, - ბედისწერა და შემთხვევითობა მშვენივრად ეთავსებიან ერთმანეთს და ერთიმეორეს, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავენ.
იმ დღეს სახიფათო მოსახვევიდან დავუყევი კოკის ჩქერებს, ქვებსა და ქვებშუა გავიკვლიე გზა, გავყევი გადარეულ მდინარებას და აღტაცებული შევძვერი გადაბრუნებულ გობის მსგავს სპონდიოზე. შევძვერი და ვიღაც ბიჭიც ამოფოფხდა, გახურებულ, იმჟამად ჩემს მიერ დასველებულ გობზე. ეს საიდანღა გაჩნდა-მეთქი, გამიკვირდა. წყლის ხმაურში არც კი გამიგია, თუ უკან ვინმე მომყვებოდა.
ლოდს ჩაფრენილი, მზისგან განარინჯისფერებული ბიჭი მიცინოდა, ჩამოშლილი თმიდან ჩამოღვრილი წყლის იქიდან აელვარებდა კბილებს.
- ვახ, გიგლა!
ჩემი სკოლის ამხანაგის უმცროსი ძმა ვიცანი. იმ ადგილებში ადრე არ შემინიშნავს და რა ჩქერს და რა წყალს ჩამოყვა, ვერ გავიგე. გაზრდილიყო, კიდევ უფრო ჩასუქებულ-ჩამრგვალებულიყო. უმცროსობას ვეღარც კი დასწამებდი ეგრე იოლად.
როგორ ხარო, მკითხა სერიოზულად.
კარგად-მეთქი. თვითონ კითხვა აღარ ჭირდებოდა.
- სად არის შენი ძმა?
- მოკვდა. - მითხრა გიგლამ და უცბად მოიწყინა. მწუხარების ჩრდილმა გადაუარა სახეზე.
- მოკვდა? - გავიმეორე მე და ამ სიტყვამ საშინლად შემაშფოთა.
უმცროსი გეგელიძე ხმას აღარ იღებდა. არ იცოდიო, მეკითხებოდა თანაგრძნობით.
- როდის მოკვდა?
- წლისთავი გადავუხადეთ.
წლისთავი. როგორ. საიდან? რამდენიმე თვის წინ არ ვნახე გეგელიძე? ჩაკეტილ ოთახში არ მივაკითხე ამ გაზაფხულს?
...თუმცა ბოლო ერთი წელი გეგელიძეს სკოლაში აღარ უვლია. წლის ბოლოს მე თვითონ გადავედი სხვა სკოლაში. ერთი წელი, სრული ერთი წელი გასულიყო მართლაც. ერთი წლის წინათ გარდაცვლილიყო ჩემი სკოლის ამხანაგი გეგელიძე. სად არის ახლა ნეტავი? სად უნდა იყოს? მიწაში!
...ვეღარ ისწავლის, ვეღარ ითამაშებს, ფერად ქაღალდებს ვეღარ დააწეპებს ერთმანეთს, მუყაოსგან ვერ გამოჭრის უცნაურ სათამაშოებს. რა უაზრობაა, წარმოუდგენელი უაზრობა.
- ასეა... - დიდივით თქვა ჩემი მწუხარებით მადლიერმა ბიჭმა, წყალში ჩასრიალდა და ნაპირისკენ
გაცურა.
დღიდან სკოლაში მოსვლისა ავადმყოფობდა გეგელიძე, გაკვეთილებს აცდენდა ხშირად. მასწავლებლები არ ურტყამდნენ, სწავლასაც არ თხოვდნენ ჩვენსავით, თუმცა სხვაზე მეტად მონდომებული და მეცადინე ბავშვი იყო. გულკეთილს და მოსიყვარულეს მოყვითალო ფერი ედო მუდამ სახეზე. ყვრიმალებზე ღინღლი ჰქონდა წამოზრდილი და ეს ღინღლი კიდევ უფრო უგრძელებდა ისედაც მოგრძო სახეს. რა უნდა გეთხოვა, რომ არ მოეცა ან არ ენათხოვრებინა. გულკეთილი იყო ძალიან ჩემი ამხანაგი გეგელიძე.
...მამა ომში ჰყავდა უგზო-უკვლოდ დაკარგული. დედა, ტანდაბალი, ჩემი შეტყობითაც კი ნერვიული ქალი, რომელიღაც ფაბრიკაში მუშაობდა. ხან დღე გადიოდა ცვლაში, ხან - ღამე. ბიჭები კი ნახევრად ბნელ ოთახში ჰყავდა ამ დროს გამომწყვდეული. ოთახში ისხდნენ ძმები ზაფხულობითაც. გარედან გადაკეტილ კარს ვერ მიღებდნენ და ფანჯრიდან ველაპარაკებოდით ერთმანეთს.
ფანჯარაზე ვერ გადმოვალ, ავადა ვარ, არ შეიძლება, დედაჩემი მომკლავს, რომ გაიგოსო, მეუბნებოდა გეგელიძე. დედამისის შიშით ვერც მე შევდიოდი შიგ და ვერც გეგელიძე მეპატიჟებოდა თავგამოდებული. ვიდექით ფანჯარასთან და ისე ვლაპარაკობდით.
ზოგჯერ, მართალი გითხრათ, გულიც კი მომდიოდა გეგელიძეზე. სულ სახლში რა აჩერებს, ავადმყოფობა როგორ არ სწყინდება, ამნაირი მოურჩენელი არ მინახავს არაფერი-მეთქი, ვბრაზობდი ჩემთვის. ზამთრის ცივ და ნესტიან ამინდში ფანჯარასაც ვერ მიღებდა და თუკი დედამისიც შენ არ იყო, შუშაზე სახემიბჯენილი ვიდექი სარკმელთან და ვხედავდი, როგორ ჭრიდა გეგელიძე მაკრატლით ფერად ქაღალდებს, ქაღალდებს მუყაოზე აწეპებდა და რაღაც უცნაური ფიგურები გამოჰყავდა.
ძმა ხელს უშლიდა, აწვალებდა, კი არ ეხმარებიოდა, ნამუშევრებს უფუჭებდა და ზოგჯერ სცემდა კიდეც: ამის დანახვაზე ვგიჟდებოდი, სიბრაზისგან ვიხრჩობოდი, უმცროს გეგელიძეს გარედან ვემუქრებოდი, მუჭებს ვაჩვენებდი. ჩემი ამხანაგი ოთახიდან მიღიმოდა, მანდ თუ იდექი, რატომ არ გამაგებინე, რატომ არ დამიკაკუნეო, ამას ნუ უყურებ, გიჟიაო. სულ ერთია ვცემ, გარეთ გამოვათქვა, ვანიშნებდი ფანჯრიდან. გიგლა ამ დროს ოთახიდან მეჭყანებოდა, ცხვირზე გაშლილ თითებს იდებდა, იგრიხებოდა და კიდევ უფრო მაცოფებდა.
გნახავ ხვალ სკოლაში-მეთქი, ვექადნებოდი უკვე ხმამაღლა და გუნებაში ვანგარიშობდი, რამდენს წავუთაქებდი მეორე დღეს. მარტო ამის წარმოდგენაზე ვწყნარდებოდი. ალბათ საჭმელსაც გიგლაია უჭამს, იმიტომ არის ჩემი ამხანაგი გამხდარი და ავადმყოფი-მეთქი.
ვაი, რა საცემი იყო უმცროსი გეგელიძე. კაცი პატრონი არ ჰყავდა გამლახავი. სკოლაში ერთად მოსულ ძმებს რომ დავინახავდი, მეორე დღეს როცა შევხედავდი, როგორ ფრთხილად, მზრუნველობით მოყავდა უფროს ძმას მამა აბრამის ბატკანივით გალურსული უმცროსი, ყველაფერი მავიწყდებოდა; ამას რომ თითი ვინმემ დააკაროს, ჩემს ამხანაგს ეტკინება-მეთქი, ვფიქრობდი და საკუთარ თავს ვკიცხავდი სულსწრაფობისთვის. გეგელიძესაც უხაროდა, მის ძმას რომ აღარ ვერჩოდი, ეღიმებოდა, გადაღლილ, უსიცოცხლო თვალებში სიყვარულის შუქი უდგებოდა.
მომკვდარიყო საწყალი გეგელიძე.
...ჩახუთულ ოთახში თბილოდა და დაორთქლილი ფანჯრის მინიდან ჩანდა გეგელიძის ფერმიხდილი, მოგრძო სახე. მაკრატლით ჭრიდა მუყაოს, ფერად ქაღალდებს აწეპებდა ზედ. გეგელიძის ლანდთან ერთად მოძრაობდა მაკრატელი, ფოლადზე არეკლილი უსიცოცხლო თვალთა სხივის ათინათი. რატომ ჭრიდა მუყაოს, რატომ აწეპებდა ფერად-ფერად ქაღალდებს? ვინ ურჩია, ფერად-ფერადებით შეიყოლიე თავი ამ ცის ქვეშეთში ცოტა ხნითო.
...საშინაო დავალებას წერდა გეგელიძე, წერდა სუფთად, წყნარად, უხმაუროდ, ბურუსში და ფანჯრის მიღმა დამდგარ ნისლში გამოჰყავდა ასოები. სწორხაზობრივად, აუჩქარებლად მოძრაობდნენ ასოები, გამხდარი ხელი და უსიცოცხლო თვალების სხივები; მისი გარსის გარშემოწერილობა ირხეოდა ჩაგმანულ ოთახში, დიდი ბინის ერთ უჯრედში. ბინა ქალაქის საკუთრებას შეადგენდა და ნისლში გახვეული ქალაქი უფრო ნელა და შეუმჩნევლად მოძრაობდა სამყაროს დეკორაციაში. რატომ ვერ მოასწრო გეგელიძემ თავისი როლის შესრულება. იქნებ მოასწრო და შეასრულა კიდეც.
სად არის ახლა იგი. კეთილი, წყნარი, მოგრძო სახის, ყვრიმალებზე ღინღლდაჩენილი ბიჭი, ჩემი ამხანაგი გეგელიძე?