
მაშინ, როცა ევროპალიგის სალკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ „ცხინვალს“ რუმინეთის მერვეადგილოსან „ბოტოშანთან“ საპასუხო შეხვედრისას, „მიხეილ მესხზე“ მომდევნო ეტაპზე გასვლის ისტორიული შანსი ჰქონდა, თბილისში ფეხბურთის მოყვარულები არჩევანის წინაშე დადგნენ.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, „მიხეილ მესხზე“, ოკუპირებული რეგიონის საფეხბურთო კლუბის მხარდასაჭერად არ მისულა მთავრობის ან სპორტის სამინისტროს არცერთი წონიანი წარმომადგენელი, მაშინ, როცა მათი ნაკლებობა არ შეიმჩნეოდა „ბენდელაზე“, სადაც სპორტის მინისტრის „საბურთალო“ ამხანაგურ შეხვედრას მართავდა ქუთაისის „ტორპედოსთან“.
დღეს უკვე ვიცით, რომ „ცხინვალმა“ ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა და რუმინეთში მიღწეული ფრე (1:1) თბილისში გააცამტვერა (1:3), მაგრამ ეს წინასწარ ვერაფრით ეცოდინებოდათ სპორტის სამინისტროსა და მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებმაც „ბენდელაზე“ იმის ყურება ამჯობინეს, როგორ დაამარცხა უმაღლესში გადასულმა „საბურთალომ“ „ტორპედო“ იგივე ანგარიშით, რა ანგარიშითაც „ბოტოშანმა“ მოუგო „ცხინვალს“.
თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ ორ მატჩს, ანგარიშის გარდა, კიდევ ერთი რამ ჰქონდა საერთო: ისინი პარალელურად მიმდინარეობდა, ანუ ორივე ერთ დროს დაიწყო. და თუ პირვე;ლ შემთხვევაში, ანუ „მიხეილ მესხზე“ თამაშის დაწყება მეტწილად, უეფას მიდგომებს იყო მისადაგებული, მეორე შემთხვევაში, ანუ, „ბენდელაზე“, ელემენტარული სპორტული, საფეხბურთო სოლიდარობის დაუწერელი კანონებით, მატჩი უნდა გადაედოთ ან ზუსტად იმ დროს მაინც არ უნდა დაეწყოთ, როცა „მიხეილ მესხზე“ შეკრებილები „ცხინვალი“-„ბოტოშანის“ თამაშს ადევნებდნენ თვალს.
რასაკვირველია, არაფერი გვაქვს „საბურთალოს“ საწინააღმდეგო, მაგრამ შეიძლება თამამად ითქვას, რომ „საბურთალოსა“ და „ცხინვალის“ თამაშებისადმი სპორტის სამინისტროს, ზოგადად, ხელისუფლების მიდგომა ზუსტად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რაც ხელისუფლების „სპორტულ შტოს“ აქვს საქართველოს რეგიონების საფეხბურთო კლუბების მიმართ და ამ დამოკიდებულების ახსნას მივყავართ ზუსტად იმ ლოგიკამდე, რომ სპორტის სამინისტროსთვის, ხელისუფლების სპორტული ელიტისთვის ნაკლებადმნიშვნელოვანია რეგიონთა გუნდების ბედი და ისინი მოხარული იქნებოდნენ, უმაღლეს ლიგაში, რაც შეიძლება ნაკლები გუნდი იყოს და რამდენიც იქნება, იქ თბილისურ გუნდებს საგრძნობი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდეთ - ამ თემაზე ბევრი არ იწერება, მაგრამ საუბრები ყველას გვსმენია და, ბოლოს და ბოლოს, რატომაც არ უნდა დაიწეროს?
როგორც გახსოვთ, ზვიად სიჭინავას მიმართ მთავარი „ბრალდება“ სწორედ ეს იყო - თორმეტიანის ნაცვლად, თექვსმეტიანი უმაღლესი ლიგა და ამ 16-ში სრულად წარმოდგენილი რეგიონების გუნდები.
სტრატეგიამ, რომლის მიხედვითაც რეგიონული კლუბები აქტიურად უნდა ჩართულიყვნენ ქვეყნის საფეხბურთო ცხოვრებაში, გაამართლა კიდეც - სწორედ რეგიონებიდან უმაღლეს ლიგაში დამატებულმა გუნდებმა უჩვენეს შარშანდელ სეზონში ყველაზე შთამბეჭდავი შედეგები საერთაშორისო ასპარეზე, სულაც თავი გავანებოთ იმას, რომ რეგიონული გუნდების ჩართვა უმაღლეს ლიგაში ზრდიდა მათ მოტივაციას და ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა გეოგრაფიულ არეალსაც ფართოდ ხატავდა...
სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ფეხბურთის მოყვარულებისთვის, რბილად რომ ვთქვათ, მოულოდნელი, „ცხინვალის“ თამაშის პარალელუარდ „საბურთალოს“ ამხანაგური მატჩის დაწყება...
როსტომ გადელია, სპეციალურად "აფხაზეთის ხმისთვის"