
ცნობილი ფაქტია, რომ პერიფერიული მხედველობა ადამიანის მხედველობის არეზეა პასუხისმგებელი, მაგრამ ის მუდამ სრულყოფილი არ გახლავთ და გვაიძულებს, „ვნახოთ“ ის, რაც სინამდვილეში, არ არის.
ამაში დასარწმუნებლად თქვენ მხოლოდ ერთი რამ უნდა გააკეთოთ: ამ ვიდეოში მონიშნული ფოტოების შუაში, ჯვარედინ ნიშნულს უნდა უყუროთ - განუწყვეტლივ და თვალების დაუხამხამებლად.
თქვენ დაინახავთ, როგორ აქცევს თქვენი პერიფერიული მხედველობა ჩვეულებრივ სახეებს საშინელებათა ფილმების ურჩხულებად. რაც უფრო დიდხანს უყურებთ ჯვარედინ ნიშნულს, მით უფრო „ურჩხულური“ ხდებიან სახეები, სწორია?
რასაკვირველია, ეს ყველაფერი უცნაურია, მაგრამ ზებუნებრივი ძალები არაფერ შუაშია - ყველაფერს თავისი მეცნიერული ახსნა აქვს:
ჩვენი თვალების ბადურაში არის არის არეალი, რომელსაც ყვითელ ლაქას უწოდებენ. მისი განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ სწორედ იქაა იმ რეცეპტორთა უმეტესი ნაწილი, რომელთა წყალობითაც ჩვენ სივრცის განსაზღვრულ მონაკვეთს უფრო სუფთად, მკვეთრად ვხედავთ. დავარქვათ ამ მონაკვეთს, ვთქვათ, მხედველობის ძირითადი ველი. ის ჩვენი დიაპაზონის დაახლოებით 10% შეადგენს და ზუსტად ის გახლავთ, რაზეც ჩვენი მზერა უშუალოდ ფოკუსირდება.
მოცემულ შემთხვევაში ჩვენი მხედველობის ველი ცარიელია - იქ მხოლოდ მუქი სივრცე და თეთრი, ჯვარედინი ნიშნულია. ამიტომაც, ჩვენი ტვინი ცდილობს მიიღოს ინფორმაცია ამ მხედველობის ძირითად ველს მიღმა მყოფი სხვა წყაროებიდან. ასეთი წყაროები ამ შემთხვევაში მარჯვნივ და მარცხნივ სწრაფად ცვლადი, მოძრავი სურათებია.
ეს წყაროები არც ისე „სანდოა“ და ტვინი ცდილობს ისინი ერთ გამოსახულებაში გააერთიანოს. ამასთან, ტვინი იმასაც ცდილობს, ფოტოები დროის ძალიან მცირე მონაკვეთში დაამუშაოს, რადგან გამოსახულებები ძალიან სწრაფად იცვლება.
აქედან გამომდინარე, იკარგება სახეების ამოცნობის, იდენტიფიცირების უნარი და ჩვენი ტვინი, უბრალოდ, აერთებს სხვადასხვა სახის კონტურებს ერთ მთლიანობაში, რის შემდეგაც ჩვენ სწორედ „ურჩხულებს“ „ვხედავთ“.