-
2015-06-22 23:27
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა „ვახო სანაიას ეთერში“ ამბობს, რომ უეფას დათანხმება სუპერთასის ფინალის ბილეთების დაბალ ფასზე და 50.000-იან სტადიონზე მისი ჩატარება ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ხელმძღვანელობის მოლაპარაკების შედეგია.
ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ აქამდე ევროპის სუპერთასის ფინალი ამხელა მოცულობის სტადიონზე არ ჩატარებულა და არც ბილეთების ფასი ყოფილა ასე დაბალი:
„თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წელს, კიევში, ევროპის სუპერთასის ფინალის მასპინძლად დასახელდა მიხეილ მესხის სტადიონი. მაგრამ შემდეგში ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა უეფა, რომ საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და რომ 50.000 ადგილიანი სტადიონი აუცილებლად შეივსება“, - თქვა ზვიად სიჭინავამ.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ფინალი ექსცესების გარეშე ჩაივლის: „იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი მესის, ნეიმარისა და სუარესის სანახავად მოვა და არა იმისთვის, რომ თამაში შეაჩეროს ან შეაფერხოს, თუმცა, ჩვენ ამასაც ვითვალისწინებთ და მზად იქნებიან როგორც სტიუარდები, ასევე შსს-ს შესაბამისი სამსახურები და დაცვის პოლიცია. თუმცა, უეფას მოთხოვნაა, რომ პირველი რიგები არ იყოს გადატვირთული პოლიციელებით - ის მაინც სანახაობაზე აკეთებს აქცენტს...
რომ იცოდეთ, სტადიონზე გადასვლის შესახებაც არსებობს ფსონები: შედიხარ და დებ ფსონს, რომ სტადიონზე ვიღაც გადავა და თამაში შეფერხდება ან შეწყდება - არაფრისგან დაზღვეული არ ვართ...“, - ამბობს ზვიად სიჭინავა.
მისი თქმით, თბილისში „ბარსელონა“ და „სევილია“ 9 აგვისტოს ჩამოვლენ.