-
2015-06-22 23:17
ევროპის საფეხბურთო სამყაროს კულმინაციური ჯილდოები: ევროპის ჩემიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და ევროპის სუპერთასები საქართველოშია. ისინი დღეს ტელეკომპანია TV S-ის ეთერში მიიტანეს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ამბობს, რომ ეს სამი თასი საქართველოს მოივლის, ხოლო მათი მოგზაურობა ფოთიდან დაიწყება, რომელიც ქართული ფეხბურთის აკვნადაა მიჩნეული.
„ჯერ მიმდინარეობს მსჯელობა, სად, რომელ ქალაქებში უნდა ჩავიდეს ეს თასები და კვირის ბოლომდე გამოვაცხადებთ იმ ქალაქებს, სადაც მათ ჩაიტანენ. ჯერ არის ლაპარაკი, მხოლოდ იმ ქალაქებში ჩავიდეს, სადაც უმაღლესი ლიგის გუნდები ჰყავთ თუ არა, მე მგონი, ყველგან უნდა ჩავიდეს: რა დააშავა კახეთმა, რაჭა-ლეჩხუმმა და ასე შემდეგ...“, - ამბობს სიჭინავა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ამ თასებთან მიახლოების, მათი შეხებისა და მათ ფონზე ფოტოების გადაღების საშუალება ექნება ნებისმიერ მსურველს, მათ შორის, ბავშვებსაც, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ.
როგორც ცნობილია, ევროპის სუპერთასის ფინალი თბილისში 11 აგვისტოს ტარდება, ერთმანეთს ესპანური კლუბები „ბარსელონა“ და „სევილია“ უპირისპირდებიან. ზვიად სიჭინავას განცხადებით, თბილისში ესპანელებთან ერთად, სხვა ქვეყნებიდან ტურისტთა დიდ ნაკადს ელოდებიან, ზოგიერთი მეზობელი ქვეყანა კოვოტასაც ითხოვს.
ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რათა „დინამო არენა“ ამ ფინალურ მატჩს მომზადებული შეხვედროდა. „ყველაფერი გაკეთდა, რათა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი გვქონოდა“, - თქვა ზვიად სიჭინავამ.
გადაცემის წამყვანის - ვახო სანაიას შეკითხვაზე, მისი პრეზიდენტობის განმავლობაში მიაჩნია თუ არა ამ თასების ჩამოსვლა და ეს სუპერფინალი მთავარ მიღწევად, ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ მისი აზრით, ყველაზე მთავარი ისაა, რომ 2017 წელს 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში საქართველოში ჩატარდება:
„რა თქმა უნდა, სუპერთასი ძალიან კარგია, მაგრამ ეს მაინც სხვისი თასებია, „ჩვენი“ არ არის, 2017 წელს კი საქართველოს ექნება შანსი, ჩემპიონობისთვის იბრძოლოს“, - თქვა ზვიად სიჭინავამ „ვახო სანაიას ეთერში“.
