
„დანაშაული მიგვიძღვის იმაში, რომ ფული ავიღეთ, მაგრამ ეს თანხა არ იდებოდა ტოტალიზატორში, ხოლო პიროვნება, რომელიც ჩვენთან მოვიდა, იყო ჩანერგილი, ეს გადმოგდებული ანკესი იყო“ –
ამის შესახებ გარიგებული მატჩების გამო დაკავებულმა და გირაოთი გათავისუფლებულმა ერთერთმა მსაჯმა ვახო სანაიას ეთერში განაცხადა.
ამასთან, შეკითხვაზე, რას აპირებს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს, ირაკლი ურუშაძემ თქვა, რომ ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში მათი რეაბილიტაცია შეუძლებელია:
„ეს შეუძლებელია მოქმედი ფედერაციის პირობებში, მაგრამ არის იმედი, რომ ლევან კობიაშვილი მოვიდეს და იმედია, შეგვიწყალებს ბიჭებს“, - განაცხადა ირაკლი ურუშაძემ.
კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა მსაჯმა თორნიკე გვანცალაძემ კი მათი დაკავების ოპერაციას „გადმოგდებული ანკესი“ უწოდა:
„ეს იყო საგამოძიებო სტრუქტურებიდან გადმოგდებული ანკესი, რომელსაც თუ ვინმე წამოეგებოდა, წამოეგებოდა და ასეთები აღმოვჩნდით ჩვენ, მე და ჩემი მეგობრები. მე არ ვიცი, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, მაგრამ ეს თანხა არ იდებოდა ტოტალიზატორში“, - აღნიშნა გვანცელაძემ და დაამატა, რომ მან მსაჯობის გარდა, სხვა საქმე არ იცის:
„ათი წლიდან ფეხბურთს ვთამაშობდი, მერე ვერ შევძელი, გავყოლოდი და დავიწყე მსაჯობა. ფაქტობრივად, სხვა საქმე არაფერი არ ვიცი, სამი შვილი მყავს. ღვთის წყალობით, რამეს მოვახერხებ“, - აღნიშნა მან სამომავლო გეგმებზე საუბრისას.