
„საწყალი კაცის დაჭერას არაფერი არ უნდა, ხვალ შეიძლება დაგეგმო და ორმოცდაათი კაცი დააკავო“, - განაცხადა გარიგებული თამაშების გამო დაკავებულმა და გირაოთი გათავისუფლებულმა ერთერთმა მსაჯმა ზვიად ოსკარ-ოღლიმ ვახო სანაიას ეთერში.
ტელეკომპანია „ტვ ს“-ის ეთერში ზვიად ოსკარ-ოღლიმ მსაჯების გისოსებს მიღმა აღმოჩენის მიზეზად დაბალი ანაზღაურება დაასახელა: „მარტო მსაჯებზე არ არის, ამას შეიძლება, ნებისმიერი წამოეგოს - როცა ფეხბურთელი წვიმაში და ტალახში 100 ლარად დარბის, ის ამაზე წავა“, - განაცხადა ოსკარ-ოღლიმ და მოუწოდა ფეხბურთის ფედერაციას და შსს-ს, არ დაგეგმონ მსგავსი დაკავებები.
ოსკარ-ოღლის თქმით, „ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რომ ბრძანა, მსაჯებს 1.200 ლარი აქვთო, ეს სიმართლეა, მაგრამ დაქვითვის მერე რჩება 850 ლარი. ეს უმაღლესი ლიგის მსაჯებს, პირველი ლიგის მსაჯებს ერთ თამაშზე აქვთ 150 ლარი და ეს არის 1998 წლიდან, მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობის დროს გაზრდილი ხელფასი, ამაში შედის გზის ფული, კვება და არ შედის დაზღვევა, როცა მსაჯი, ვთქვათ, ბათუმში მიდის...
მინდა კითხვა დავსვა: როგორ უნდა ეყოს ეს თანხა მსაჯს ისე, რომ ოჯახიც არჩინოს, სპორტულ ფორმასაც მიხედოს? რამდენი თამაში უნდა იმსაჯოს? თანაც, ეს თამაშები არის სეზონურად და ამ ხელფასიდან უნდა გამოვიზოგოთ თანხა. მგონი, არ გაუჭირდება შსს-ს, გადაამოწმოს, რა ხელფასები გვერიცხება. ამასთან, მე არ ვამართლებ ჩვენს საქციელს და ბოდიშს ვუხდი სპორტულ საზოგადოებას“, - განაცხადა ზვიად ოსკარ-ოღლიმ ვახო სანაიას ეთერში, „ტვ ს“-ზე.
შეკითხვაზე, რას აპირებს მომავალში იმის გათვალისწინებით, რომ სამუდამო დისკვალიფიკაცია აქვს, ოსკარ-ოღლიმ აღნიშნა, რომ რაც უნდა შეიცვალოს, არ აპირებს ქართულ ფეხბურთში დაბრუნებას: "ფეხბურთის ფედერაციას მოვუწოდებ, მარტო მსაჯებზე ნუ გადატეხენ ჯოხს, ქართულ ფეხბურთს მიხედონ, ჩვენ წავედით უკვე, ცხრა თვეა და რა შედეგები იყო მანამდე, ვხედავდით და იმასაც ვნახავთ, რა შედეგები იქნება", - თქვა გარიგებული მატჩების გამო დაკავებულმა და გირაოთი გათავისუფლებულმა ზვიად ოსკარ-ოღლიმ.
შეგახსენებთ, შსს-მ გარიგებული მატჩების გამო მსაჯები და ერთერთი კლუბის პრეზიდენტი დააკავა. ისინი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა მსაჯებს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა.