
ვალერი გელბახიანის ადრინდელ პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ მალე პოლიტიკაში განაცხადს პატარკაციშვილების ოჯახთან დაახლოებული ირაკლი რუხაძე, ძმები გაჩეჩილაძეები და სხვები გააკეთებდნენ, გამართლდა. ამის თაობაზე გელბახიანი „მეტრონომთან“ საუბრობდა.
„მაესტროს“ ირგვლივ დაწყებული მოვლენების შემდეგ „მეტრონომი“ ისევ დაუკავშირდა ვალერი გელბახიანს:
“ბიძინა ივანიშვილი რეალობას ვერ ითვალისწინებს და მშვიდადაა. პროცესები კი მის საწინააღმდეგოდ განვითარდება. სულ მალე პოლიტიკურ ასპარეზზე პატარკაციშვილის ჯგუფი გამოვა – ირაკლი რუხაძე და ლევან გაჩეჩილაძე, იგივე გრეჩიხა. მათ ხელში უკვე ორი ტელევიზიაა – „მაესტრო“ და „იმედი“. თავის დროზე, რა თამაშიც ითამაშა ივანიშვილმა, ბადრის ბანაკის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მერწმუნეთ, ივანიშილს დიდი საფრთხე ელის და ტყუილად სძინავს მშვიდად. არჩევნებში დომინანტი ივანიშვილის ფული აღარ იქნება“ -ამბობდა “მეტრონომთან” გელბახიანი.
ვალერი გელბახიანი დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს:
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ივანიშვილი ითვლება პატარკაციშვილის ოჯახის მფარველად, ისინი ახლა გახდებიან საარჩევნო კონკურენტები და ასე ვთქვათ, სერიოზული პროცესების მოწმენი გავხდებით. დიდი ფული, ტელევიზიები, რა თქმა უნდა, ეს არის განაცხადი ხელისუფლების მოპოვებისაკენ.
ირაკლი რუხაძის სახელი არ არის დამოუკიდებელი სახელი. ის უკვე ასოცირდება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან. ბადრი პატარკაციშვილი ქართველი ხალხის თვალში ყოველთვის დარჩება, როგორც უსამართლოდ დევნილი ადამიანი, რომელმაც ასე ვთქვათ, თავისი სიცოცხლე ანაცვალა ამ ბრძოლას. ბადრი მეხსიერებაში უკვალოდ არ დარჩება. იმუშავებს ბადრის ფაქტორი ამ გუნდის მიმართ.
ერთ თვეში, თვენახევარში მთელი საქართველო შეიძლება აშენებული იყოს, თუ რა თქმა უნდა, ფული დაიხარჯება. ამიტომაც, არ მგონია რომ ვერ მოასწრონ. ზუსტად ის მომენტია ამორჩეული, როდესაც ყველაფერს აქვს თავისი ფასეულობები“, - ამბობს ვალერი გელბახიანი.