
რა ხდება ერთ კონკრეტულ კლინიკაში, რომელსაც ჟურნალისტი არ ასახელებს - სალომე ლილუაშვილი სტატუსს აქვეყნებს, რომელიც პირადი ურთიერთობიდან მიღებულ დასკვნებზეა აგებული. სტატუსიდან ჩანს, რომ ზოგ შემთხვევაში ექიმები ჰიპოკრატეს ფიცს საკმაოდ გულგრილად ეკიდებიან.
სალომე ლილუაშვილი წერს:
„ჩემი ბიძაშვილი გამთენიისას ავარიაში მოხვდა. უმძიმესი მდგომარეობით გადაიყვანეს ღუდუშაურში. მარტო იყო. დას შეატყობინეს და მივიდა. ჯერ უთხრეს, გამოვიკვლიეთ და ნორმალურადააო. რამდენიმე საათის მერე მუცელი შეებერა - ისევ გაუკეთდა რენტგენი და აღმოჩნდა, რომ სისხლი აქვს მუცელში. გაუკეთეს ოპერაცია - ძალიან მძიმე შედეგით.
გამოვდინენ და უთხრეს, ილოცეთ და გადარჩებაო. მერე მეც მივედი. ექიმთან შეხვედრა მოვითხოვე. ზედაც არ შემომხედა, არ ვარ ვალდებული, ყველა ნათესავს ავუხსნა პაციენტის მდგომარეობაო. კაბინეტიდან მაგდებდა. როგორც კი ვუთხარი, რომ ვარ ჟურნალისტი და დავუსახელე სამუშაო ადგილი, სავარძლისკენ მიმითითა, დაბრძანდითო, ვგიჟდები თქვენს ტელევიზიაზეო.
მოვითხოვე პაციენტის ისტორია, ოქმი ჯერაც არ გადმოუციათ, ხან რას იმიზეზებენ, ხან რას. მოვითხოვე პაციენტის ნახვა, ბ-ნმა ექიმმა, არ შეიძლება, მაგრამ მობრძანდითო. შევედით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავთ მიერთებული. რეანიმაციაში არავინ იყო. მთავარმა ექიმმა აღმოაჩინა, რომ საშარდე გზებიდან კათეტერს სისხლი მოჰყვებოდა. მორიგე ექიმს დაუძახა.
გოგოები ბრეიქზე იყვნენ გასულები, ყავას და ნამცხვარს მიირთმევდნენ. მთავარმა ექიმმა, მოახსენა რა, ვინც ვიყავი, ელვის სისწრაფით დაიძრა თეთრხალათიანთა ნაკადი - გამოიძახეს უროლოგი, ახლიდან გაუკეთდა რენტგენი, გაუკეთდა ტომოგრაფია და ა.შ. ძაღლივით მიგდებული პაციენტი უცბად ძალიან საშიშ და მნიშვნელოვან ავადმყოფად იქცა. ვიდექი და ბოღმისგან ვკვდებოდი.
მერე გამოვიდნენ - არ გვინდა კონფლიქტი და აჟიოტაჟი, ყველაფერს გავაკეთებთ, აქ 16 უმძიმესი ავადმყოფი წევს და თქვენსას განსაკუთრებული ყურადღებით მივხედავთო. ჰოდა, ვფიქრობ, რა დააშავა დანარჩენმა 15-მა, სიცოცხლეს რომ ამათ იმედად ებრძვის? ან, დანარჩენი 15-ის გამო ჩემსას რატომ შეიძლება შეექმნას პრობლემა? რა ხდება ეს ჯანდაცვის სისტემაში, აქამდე არასდროს მქონია პირადად შეხება. ჯერ შოკში და სტრესში ვარ... პრობლემების უზარმაზარ ჯაჭვს და სიმყრალეს გადავაწყდი.
რაზე ლაპარაკობთ, მსჯელობთ და ოცნებობთ ქვეყანაში, სადაც ექიმები ექიმები მორალურთან ერთად, კრიმინალურ დანაშაულს სჩადიან - პაციენტების სიცოცხლეს მათივე ორგანიზმის იმუნიტეტს და ბედს მიანდობენ, ხოლო თუ კლინიკის პრესტიჟს და ექიმს კარიერული საფრთხე ემუქრება ან პატრონების რეგალიები ქაჩავს, იმ შემთხვევაში აგონდებათ ჰიპოკრატეს ფიცი..."