აშშ-ის არმიის ევროპის სამეთაურო შტაბმა (USEUCOM) განაახლა თავისი სტრატეგია, რომელიც ევროპაში უსაფრთხოებას უკავშირდება. Military Times-ის ცნობით, სტრატეგიაში რუსეთის აგრესია ოფიციალურადაა მიჩნეული ევროპისთვის მთავარ საფრთხედ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „შეშფოთებას იწვევს რუსეთის მიერ მისი მეზობლების სუვერენიტეტის იგნორირება, ასევე, რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქმედებები გამოწვევაა აშშ-ის მოკავშირეებისთვის.
დოკუმენტში არის ფრაზა, სადაც რუსეთის აგრესია მეზობელი ქვეყნების მიმართ შეფასებულია, როგორც „გლობალური გამოწვევა, რომელიც გლობალურ პასუხს მოითხოვს“.
ამ საფრთხის საპასუხო სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს შორის, დოკუმენტში აქცენტირებულია მზადყოფნა „აშშ-ის არმიის შტაბების სინქრონულ მოქმედებაზე კოლექტიური ძალების გამოყენების შემთხვევაში, სასურველი ეფექტის მისაღწევად , ზედმეტი ესკალაციისა და პროვოკაციის გარეშე“.
რუსული აგრესიის შემაკავებელ ძირითად საყრდენად დასახელებული არიან ნატოს თავდაცვითი ალიანსი და რეგიონში აშშ-ის არმიის დანაყოფები.
Military Times აღნიშნავს, რომ ამჟამად რეგიონში დაახლოებით 65 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება. გამოცემა შეგვახსენებს, რომ ცივი ომის პერიოდში, გასული საუკუნის 80-იან წლებში ევროპაში ამერიკელ სამხედროთა რაოდენობა 200 ათასს აჭარბებდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-მა ევროპაში თავისი სამხედრო ძალების რაოდენობა გაზარდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ყირიმი დაიპყრო.