
იტალიის სარდინიის მხარის ქალაქ სოროკის წარმომადგენლები და სარდინიელი ბიზნესმენები ოკუპირებულ გაგრაში ჩავიდნენ და ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ხელი მოაწერეს „მეგობრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ოქმს“.
ამის შესახებ აფხაზური მედია იტყობინება. ოქმს ხელი სარდინიის წარმომადგენელმა, შპს „ფაროს"-ის გენერალურმა დირექტორმა როკკო მელონიმ (იტალია) და გაგრის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გრიგორი ენიკმა მოაწერეს.
აფხაზური მედიის ცნობით, „ერთი წლის წინ გაგრასა და სარდინიის ქალაქ სოროკის ადმინისტრაციას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ამჟერად, იტალიერი ბიზნესმენები უკვე თავად ჩამოვიდნენ აფხაზეთში“.
როგორც ცნობილია, თანამშრომლობა ეხება სოფლის მეურნეობის, საკურორტო და სარესტორნო ბიზნესის სფეროებს, იტალიური პროდუქციის იმპორტს და აფხაზური პროდუქციის ექსპორტს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.