ბალტინის ნაამბობი შევარდნაძეზე, ანუ როგორ გადარჩა ფოთი რუსებისთვის ჩუქებას

Image

2002 წელს გამოქვეყნდა ედუარდ ბალტინის ინტერვიუ, რომელიც მის გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გახდა საჯარო და სადაც იგი 1993 წლის ამბებს იხსენებს.

 

ედუარდ ბალტინი, სსრ კავშირის გმირი, შავი ზღვის ფლოტის ყოფილი სარდალი:

 

– 1993 წლის სექტემბერში, ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც მაშინ სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ჩაფრინდა აფხაზური ფორმირებებისგან გარშემორტყმულ სოხუმში, რათა პირადი მაგალითით გაემხნევებინა ქართველი მეომრები და მათი საბრძოლო სულისკვეთება აემაღლებინა. თუმცა, მისმა ჩასვლამ სოხუმში უკურეაქცია გამოიწვია, ანუ აფხაზური ფორმირებები გააქტიურდნენ და „გადამწყვეტი ბრძოლისთვის“ განაწყვნენ. დაიწყო შტურმი სოხუმზე და ედუარდ შევარდნაძის მდგომარეობა სახიფათო გახდა. ფაქტობრივად, თვის ბოლოს ქართული შენაერთები მხოლოდ სოხუმის ცენტრსა და აეროპორტზე ინარჩუნებდნენ კონტროლს. საზღვაო გასასვლელი ასევე ბლოკირებული იყო სწრაფმავალი კატარღებით, რომელთა ბორტზეც მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და ქვემეხები იყო დამონტაჟებული.

 

აი, ასეთი პერიოდია და ჩემს კაბინეტში, სევასტოპოლში, გაისმა ზარი თბილისიდან. მეორე მხარეს ედუარდ შევარდნაძის პირადი თანაშემწე იყო: „ედუარდ დიმიტრის ძევ, გვიშველეთ. შეგიძლიათ უზრუნველყოთ შევარდნაძის უსაფრთხო გამოსვლა საზღვაო გზით?“

 

და რა მოვიმოქმედე მე? გავეცი სასწრაფო ბრძანება, რომ მოემზადებინათ საჰაერო ბალიშებზე მოქმედი სადესანტო ხომალდი „ზუბრი“, სადაც უნდა განეთავსებინათ საზღვაო ქვეითთა ასეული და ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი. რამდენიმე დღის შემდეგ, უფრო ზუსტად კი 27 სექტემბერს, ეს ხომალდი დადგა სოხუმის ნაპირიდან 20 მილის დაშორებით და ღამის დადგომისთანავე სცადა ხმელეთზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გადმოსხმა. მაგრამ ნაპირთან მიახლოებისთანავე ხმელეთიდან მეზღვაურებს ცეცხლი გაუხსნეს. მათ მცდელობა რამდენჯერმე გაიმეორეს, მაგრამ ამაოდ. დრო კი გადიოდა...

 

– გამოდის ინფორმაციამ სადღაც გაჟონა?

 

– რა თქმა უნდა. თბილისთან ყველა მოლაპარაკება დახურული, სამხედრო ხაზით მიმდინარეობდა. მაგრამ შევარდნაძის მრჩევლები მას ღიად უკავშირდებოდნენ, რაც აფხაზებმა კარგად გამოიყენეს. მათ ყველაფერი იცოდნენ ჩვენი საუბრებისა და გეგმების შესახებ. მაგრამ მათ არ იცოდნენ, რა გზით დავაკმაყოფილებდით ჩვენ თბილისის თხოვნას. რასაკვირველია, ჩემი გეგმები მე მხოლოდ „ზუბრისა“ და საზღვაო ქვეითთა მეთაურს გავაცანი.

 

– როგორ აპირებდით ამ ამოცანის შესრულებას?

 

– „ზუბრს“ ერთი მთავარი დავალება მიეცა: ნებისმიერ ფასად მიეღწია ხმელეთამდე, ხომალდისა და ჯავშანტრანსპორტიორების საცეცხლე მხარდაჭერით გადაესხა საზღვაო ქვეითთა ასეული, დაეკავებინა პლაცდარმი და მოეხდინა ედუარდ შევარდნაძის ბორტზე უსაფრთხოდ აყვანის ორგანიზება.

 

მართალია, საბოლოოდ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, მაგრამ ამოცანა მაინც შესრულდა. „ზუბრმა“ ჩართო თავისი მაქსიმალური შესაძლებლობები და ნაპირისკენ სრული ტექნიკური პარამეტრების ამოქმედებით გაიჭრა. როცა ნაპირამდე დაახლოებით 300 მეტრი რჩებოდა, აფხაზებმა მოტორების ხმაური გაიგონეს – იფიქრეს, რომ ზღვიდან საავიაციო შტურმი იწყებოდა და თავიანთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველა დანადგარი ზღვისკენ შეატრიალეს. ამ დროს კი შევარდნაძის თანაშემწეები დაფაცურდნენ, იაკ–40, რომლის ბორტზეც მათი ლიდერი იმყოფებოდა, ჰაერში აფრინდა, სიმაღლე სწრაფად აიღო და...

 

როცა აფხაზები გონს მოვიდნენ, უკვე გვიან იყო: ერთი საათის შემდეგ შევარდნაძე მშვიდობით ჩაფრინდა თბილისში.

 

– შემდეგ რა ხდებოდა?

 

– საქართველოში მოვლენები სისხლიანი სცენარით ვითარდებოდა. სოხუმი დაეცა. საერთოდ, იქ მანამდეც არეული იყო ყველაფერი, ვინ ვის ესროდა და ვინ ვის მხარეს ომობდა, ვერ გაიგებდი. რა თქმა უნდა, ყველაფრის ამოსავალი წერტილი ფული იყო. მოწინააღმდეგის პოზიციებზე ერთი წარმატებული შეტევა 800 აშშ დოლარი ღირდა თითო კაცზე. გამსახურდია თავის მომხრეებს უხდიდა, შევარდნაძე – თავისას. ჩემი საზღვაო ქვეითების დაქირავებაც უნდოდათ. მოვიდნენ ჩემთან და მეუბნებიან: „მეთაურო, მოგვეცი შენი სერჟანტი, თავიდანვე ასეულის მეთაურად დავნიშნავთ, თვეში 1.200 დოლარს გადავუხდით“.

 

მე ვეუბნები: „ჯერ ერთი, მე ჩემს ხალხს არ ვყიდი. რუსეთში ეს მიღებული არ არის. მეორეც – რომ დაიჭრას, ვინ უმკურნალებს? რომ დაინვალიდდეს, ვინ გადაუხდის პენსიას?“. პასუხი ისეთი იყო, როგორიც დღემდე აქვთ ჩეჩნეთში მოქმედი ბანდფორმირებების ლიდერებს. გეფიცებით, ასე მიპასუხეს: „ჩვენ მას ცოცხალს გადავუხდით, სხვა შემთხვევები კი ჩვენი საქმე არ არის...“

 

– თბილისში ჩაფრენის შემდეგ რა მოიმოქმედა შევარდნაძემ?

 

– ძალიან ცუდი სიტუაცია ჰქონდა – სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე იყო. რუსეთში დაბრუნება უკვე აღარ შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ კუტუზოვის პროსპექტზე მას დღემდე აქვს ბინა. მართალი გითხრათ, არაერთხელ დაინტერესებულა, რუსეთში რომ დაბრუნებულიყო, გადაუხდიდნენ თუ არა პენსიას. მისი ჯარი თითქმის მთლიანად განადგურებული იყო ზვიადისტებისა და აფხაზების მიერ. ჯარიც არ ეთქმოდა – რაღაც ბანდები იყო დარჩენილი.

 

– მაგრამ იგივეს თქმა შეიძლებოდა ზვიად გამსახურდიაზეც, ასე არ არის?

 

– კი, ასეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამსახურდია იმ დროს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი იყო. ვინ იყო შევარდნაძე? არაკონსტიტუციური სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ავტორიტეტული სახე, რომელსაც, უბრალოდ, სახელმწიფოს მეთაურს უწოდებდნენ. თუმცა ის, ასე ვთქვათ, ალტერნატიული პოლიტიკური ლიდერი იყო.

 

ზვიადისტებს იმ დროს მთელი დასავლეთ საქართველო ჰქონდათ აღებული: ზუგდიდი, ფოთი. გამსახურდიას შენაერთები ქუთაისამდე იყვნენ მისულნი. ქვეყნის სამხრეთი, ანუ, აჭარა აბაშიძის ხელში იყო. შევარდნაძე მხოლოდ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს აკონტროლებდა.

 

ამ დროს სევასტოპოლში გამოჩნდა შევარდნაძის ნდობით აღჭურვილი პირი, ლეონარდო დევდარიანი, რომელმაც გამსახურდიასგან საქართველოს გათავისუფლება ითხოვა. ჩემამდე მათ იგივე თხოვნით ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძრვანელობას მიმართეს, მაგრამ გენერალ–პოლკოვნიკმა თეოდორ რეუტმა და შტაბის უფროსმა იური ბალუევსკიმ უარი უთხრეს – მოიმიზეზეს, რომ მათ დიდი დრო სჭირდებათ სამხედრო ოპერაციის მოსამზადებლად.

 

მე ხომ ოპერატიული დაჯგუფებები ყოველთვის მზად მყავს. 1 ნოემბერს, პარასკევს, კვირის ბოლო სამუშაო დღეს ვიღებ ВЧ–ს (მაღალხარისხიანი სპეციალური სამთავრობო და სამხედრო სატელეფონო ხაზი სსრკ–სა და რუსეთში, –ლ.ბ.) და ვურეკავ ლეონიდ კრავჩუკს (უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი) – ასე უნდა მოვქცეულიყავი, მე ხომ ორ პრეზიდენტს დაქვემდებარებული ვიყავი. ვეუბნები: „ლეონიდ მაკარის ძევ, უკვე წელიწადნახევარზე მეტია, ფლოტის ოპერაციების ზონაში წესრიგი არ არის, განუწყვეტელი შეტაკებები და ომია. მე შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გადავალ, გავისეირნებ და შევხედავ, რა სიტუაციაა...“ იმასაც, ბევრი არ უფიქრია და მითხრა: „როგორც საჭიროდ ჩათვლით...“.

 

ვიცოდი, რომ ელცინს ვერ დავურეკავდი, ამიტომაც პატაკი პავლე გრაჩოვს ჩავაბარე: „კრავჩუკისგან მწვანე მაქვს, აღმოსავლეთით მივდივარ, ზღვაზე, იქ გაუთავებელი ომია, ხალხი იღუპება, ასეულობით გვამია გამორიყული ნაპირზე, ქალები გამოფატრული მუცლებით...“. მან კი მითხრა: „მიდი, გაიარე და ნახე. რა შემადგენლობას წაიყვან თან?“

 

საბოლოოდ, მე ავიყვანე: სახომალდო დაჯგუფება 15 ხომალდით, საზღვაო ქვეითები, საავიაციო დაჯგუფება, საავარიო და სამაშველო მოწყობილობები – სულ 2, 5 ათასი ადამიანი, მათ შორის, გაძლიერებული მოიერიშე ბატალიონი ტანკებისა და არტილერიის ასეულის მხარდაჭერით – 1.300 კაცი. ჩავტვირთეთ საბრძოლო მასალები, რომლებიც 30 დღის განუწყვეტელი ბრძოლისთვის გვეყოფოდა.

 

აი, სწორედ ამ არმადით გამოვცხადდი 4 ნოემბერს რეიდზე ფოთში. ჩავკეტეთ საზღვაო სივრცე თურქეთის საზღვრიდან ადლერამდე. ჩავკეტეთ საჰაერო სივრცეც. ყველაფერი ოფიციალურად გამოვაცხადეთ: „საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის გამო“. ყველაფერი ეს საერთაშორისო დონეზეც გავახმოვანეთ.

 

– სად იყო ამ დროს ედუარდ შევარდნაძე?

 

– ის ნაპირზე გადმოსვლისას შემეგება. ჩვენ ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას შავი ზღვის ფლოტსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის და შემდეგ ჩვენ ეს შეთანხმება შევასრულეთ.

 

30 წუთში დავიკავეთ ფოთი – თითქმის მთელი ქალაქი, სრულიად უბრძოლველად. ზვიადისტების ფორმირებები დაბნეულნი იყვნენ და გარბოდნენ. გავამაგრეთ დაკავებული ტერიტორია. შემდეგ ჯავშანტექნიკა 70 კმ–სთ სიჩქარით დაიძრა და შეიჭრა სენაკის აეროპორტში. ერთ კვირაში მივედით ენგურამდე. სადაც შევდიოდით, ყველგან შევარდნაძის ხელისუფლება ცხადდებოდა, ინიშნებოდნენ მერები. ძალიან დაგვეხმარა ქართული ტელევიზია და რადიო. ქართულ და რუსულ ენებზე ისინი მოსახლეობას მორჩილებისკენ მოუწოდებდნენ.

 

– რამდენ ხანს ეხმარებოდა ფლოტი წესრიგის დაცვაში საქართველოს ხელისუფლებას?

 

– დაახლოებით ორი კვირა დავგეგმეთ. 9 ნოემბერს, პირველად კოსმოსურ ხაზზე გრაჩოვი გამოვიდა და მეკითხება: „დიდხანს იქნები მანდ?“. ამ დროს მე მთხოვდნენ მივსულიყავი ქუთაისში, თბილისში, მაგრამ ხომ არ შემეძლო არასანქცირებულად მეომა მთელ კავკასიაში?

 

მაგრამ იმდენ ხანში, რაც მე იქ დავრჩი, ჩვენი მოქმდების ზონაში შემავალი ყველა შეიარაღებული ფორმირება განაიარაღეს. დაახლოებით 1.500 კაცი.

 

– როდის და როგორ დასრულდა შევარდნაძის დახმარების ეს სისხლიანი სცენარი?

 

– ჩვენ გავაფორმეთ სამხედრო–პოლიტიკური შეთანხმება, რომლის აზრიც იმაში მდებარეობდა, რომ ჩვენს თავზე ვიღებდით წესრიგის დამყარებას და საომარი მოქმედებების შეწყვეტას საქართველოს ტერიტორიაზე, რათა შექმნილიყო ადამიანთა ცხოვრებისთვის ნორმალური პირობები, ტერორიზმთან, ნარკომანიასთან, ბრძოლისთვის, ფოთის პორტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სატრანსპორტო და საზღვაო კომუნიკაციების დაცვისთვის, საზღვაო საზღვრის ხელშეუხებლობისთვის, საჰაერო სივრცის კონტროლისთვის – სწორედ ეს დეტალები იყო შეთანხმებაში. მათ ძალიან გაიხარეს ამ შეთანხმების შემდეგ.

 

იცით, მაშინდელი ჩვენი ხელისუფლების სურვილი რომ ყოფილიყო, ფოთი მთლიანად ჩვენი გახდებოდა. მაშინ მე ელცინს პირადად გავუგზავნე დაშიფრული დეპეშა. ქართველები პირდაპირ მაბარებდნენ ფოთს და ითხოვდნენ, რომ იქ ფლოტი მუდმივი ბაზირებით დაბრუნებულიყო. შევარდნაძემ ოთხი, ოთხმოცბინიანი საცხოვრებელი კორპუსი მიჩვენა, მზად იყო, მაშინვე გადმოეცა ჩემთვის, რათა იქ ოფიცრები და მიჩმანები ჩასახლებულიყვნენ. სხვათა შორის, იჯარაზეც უარს ამბობდა: „თქვენ მხოლოდ ეს შეთანხმება შეასრულეთ, დანარჩენი ჩვენზეა“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !