-
2014-07-01 13:39
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტმა მაია რამიშვილმა კუკიის სასაფლაოზე ძველი საფლავის ქვას მიაკვლია, რომელსაც აქვს ასეთი წარწერა: „შეიწყალე, უფალო,ნიკალა“!
რამიშვილის ვარაუდით, საფლავი ქართველ მხატვარს ნიკო ფიროსმანს უნდა ეკუთვნოდეს. ამის დასადასტურებლად მან სასაფლაოზე მისვლა სთხოვა კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას, ფოლკლორისტებს ეთერ თათარაიძეს და ამირან არაბულს, ისტორიკოს ზაზა აბაშიძეს, მწერალ კოტე ჯანდიერს და ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძეს.
„ამას ფაქტს კი არა, არგუმენტებს უფრო ვუწოდებდი. არგუმენტებში ვგულისხმობ დაბალი სოციალური ფენისთვის დამახასიათებელ საფლავის ქვას, მის მდებარეობას, სიძველეს, ზედაპირზე გამოსახულ ზრდასრულ მამაკაცს და რაც მთავარია, ქვის ერთ მხარეს ამოტვიფრულ წარწერას – „შეიწყალე, უფალო, ნიკალა“.
გადაჭრით არ ვაცხადებ, რომ ნიკო ფიროსმანის საფლავი აღმოვაჩინე, მაგრამ ქვა რომ მეცნიერულად შესასწავლია, ეს ცხადია. გამორიცხული არაა, ეს ინფორმაცია მალე ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის“, – აცხადებს მაია რამიშვილი.
მაია რამიშვილის მოსაზრებებს იზიარებენ ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე და საფლავის ქვების ცნობილი მკვლევარები: ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.
ეთერ თათარაიძე იხსენებს ერთი ხანდაზმული ქალბატონის მონათხრობს, ბავშვობაში როგორ ადიოდა ხოლმე კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის ხელმარცხნივ მდებარე ნიკალას საფლავზე… ამირან არაბულის ვარაუდით, „ეს ქვის სრული სიმაღლე არ უნდა იყოს. ქვის სიღრმეში, წარწერის ქვეშ აუცილებლად იქნება მითითებული გარდაცვალების თარიღი.
დღემდე არსებულ ვერსიებს შორის – თითქოს საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზეა (ჟურნალისტ ნელი კობიაშვილის ვერსია), ან თუნდაც – კუკიაზე, ოღონდ ეკლესიის მარჯვენა მხარეს (ქალბატონ მანანა ხომერიკის ვერსია), ყველაზე რეალური ეს ვერსიაა.
საფიქრებელია, რომ სწორედ ეს არის ფიროსმანის საფლავი და აუცილებელია, სპეციალისტებმა სასწრაფოდ დაიწყონ საფლავის კვლევა“, - ამბობს ეთერ თათარაიძე.
კვლევას სათანადო ნებართვის გარეშე ვერავინ დაიწყებს. კუკიის სასაფლაოზე აღმოჩენილი საფლავის ქვით დაინტერესდა კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია.

