-
2020-04-03 22:33
ჯანმოს კრიტერიუმები რომ არ გაგვემკაცრებინა, შემთხვევების ორ მესამედს ვერ აღმოვაჩენდით - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ყველა ეტაპზე ყველა ნაბიჯი გადაიდგა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად. ბევრს დაუჯერებლად მიაჩნია, რომ საქართველომ რაღაც ნაბიჯები სწორად გადადგა, ჩვენზე განვითარებულმა ქვეყნებმა, მათ შორის იტალიამ, ესპანეთმა, დანიამ, ნორვეგიამ კი არ გადადგეს. ვერ გეტყვით, რატომ არ გადადგეს - ზოგმა საფრთხე სათანადოდ ვერ შეაფასა, ზოგმა საპასუხო ღონისძიებების დაწყება დააგვიანა, ზოგმაც მხოლოდ ჯანმოს კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. ჩვენ დასაწყისში ჯანმოს რეკომენდაციები დავარღვიეთ. ისინი ამბობდნენ, რომ გამოგვეკვლია მხოლოდ ის პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურა 38 გრადუსი და მეტი ჰქონდათ. ჩვენ ეს პუნქტი პირველივე დღეებიდან ამოვიღეთ. ჩვენ გავწერეთ „ცხელებით ან ცხელების გარეშე“, ვინაიდან მუდმივად ვაკვირდებოდით ყველა შემთხვევას ჯერ კიდევ ჩინეთში, შემდეგ სხვაგანაც და ვხედავდით, რომ არიან ადამიანები, ვისაც ტემპერატურა და სიმპტომები საერთოდ არ აქვთ. სხვა ქვეყნებმა ჯანმოს რეკომენდაციები ცოტა „ბრმად“ შეასრულა.
ჯანმო ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, მაგრამ მუშაობის სტილი ცოტათი კონსერვატიული აქვს. ძალიან დიდი ბიუროკრატიის გავლა სჭირდებათ, რომ რაღაც გადაწყვეტილება შეცვალონ. როდესაც ჩვენ 120 შემთხვევა გვქონდა, დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ ჯანმოს კრიტერიუმებით მათი 2/3-ის დიაგნოზი ვერ დაისმებოდა და ისინი ქუჩებში ივლიდნენ. მაშინ შეიძლება ახლა ათასობით შემთხვევა გვქონოდა და შეიქმნებოდა ზუსტად ისეთი სიტუაცია, რაც არის ევროპაში. პირველი ინფიცირებული პაციენტები საზღვრიდან მხოლოდ იმიტომ მოვხსენით, რომ ისინი ირანის ქალაქ ყუმში უამრავ მომლოცველებთან ერთად იმყოფებოდნენ. სხვა ქვეყნები ამას არ აკეთებდნენ. ამ პაციენტებს საერთოდ არ ჰქონდათ სიმპტომები, ევროპულ ქვეყნებს კი ასეთი ხალხი გაეპარა“, - განაცხადა ცერცვაძემ.