-
2020-04-02 17:36
შექება ჩვენთვის უცხო არ არის და არც რაიმე სისუსტეს თუ მოდუნებას განაპირობებს-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა ვაშინგტონის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ჯორჯ ვისანის სტატიას „შავი ზღვა და ახალი კორონავირუსი“.
მის კომენტარს პარლამენტის პრესსასმახური ავრცელებს.
როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ თვითკმაყოფილებას უნდა მივეცეთ, ვინაიდან მდგომარეობა ზოგადად საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში.
„შექება ჩვენთვის უცხო არ არის, და არც რაიმე სისუსტეს, მოდუნებას განაპირობებს. მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსის საფრთხე როგორღაც შენელებულია. ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად - მთელი სისტემა და არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავრობის მითითებები ემყარება მეცნიერულ დონეზე გაკეთებულ ანალიზს და ყველა მითითება ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, ვინაიდან მდგომარეობა ჯერ კიდევ საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.