
“საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ გაითვალისწინა შეთავაზება კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით და რომ მოსახლეობისთვის 3 თვის განმავლობაში დაწესებული შეღავათი ოპოზიციური პარტიის მიღწევაა. ნათელაშვილი მადლობას უხდის სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ვინც აღნიშნულ ინიციატივას თავიდანვე უჭერდა მხარს და იმათაც, ვინც მოგვიანებით შემოუერთდა.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი განმარტავს, რომ საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში ნიშნავს საკუთარ მოსახლეობაზე საგანგებო ზრუნვას, ამიტომ ის კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის. ნათელაშვილი ამჯერად მთავრობისგან ითხოვს ყველა ოჯახზე 1000 ლარიანი ვაუჩერის გაცემას და ასევე საბანკო დავალიანების ჩამოწერას.
“ლეიბორისტებმა მაინც მივაღწიეთ, რომ ხალხი გათავისუფლებულია სამთვიანი კომუნალური გადასახადისგან. ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ ყველა ოჯახზე გაიცეს 1000 ლარი და საგანგებო პერიოდში, მოსახლეობას ჩამოეწეროს ყველა საბანკო გადასახადი” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.