
ვაქცინის გარეშე კორონავირუსს ვერასოდეს დავამარცხებთ, - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ.
მისივე თქმით, ვიდრე ვაქცინა შეიქმნება, საჭიროა ამ გარდამავალი პერიოდის მართვა და ეპიდემიის ახალი კერების თავიდან აცილება.
„მონაცემები ცხადყოფენ, რომ სწორ გზაზე ვართ, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ და შეცდომები არ დავუშვათ. არ უნდა ავყვეთ ოპტიმიზმს, რამაც შეიძლება წყალში ჩაგვიყაროს ძალისხმევა და მსხვერპლი, რომელიც გავიღეთ. პირველი დადებითი სიგნალების გამო არ უნდა შევწყვიტოთ მკაცრი ზომების გატარება. მანამ, სანამ ვაქცინას არ შევქმნით, ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ მოგებული არ იქნება. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ინფექციის გადადების მაჩვენებელი 1-ის ქვემოთ ჩამოვიყვანოთ“, - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა სენატში სიტყვით გამოსვლისას.