-
2020-03-28 20:51
არც მე და არც პაატა პოლიტიკურ დისკუსიებში არ შევდივართ, ჩვენ აპოლიტიკური პიროვნებები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მთავრობების დროს გვიმუშავია და პატიოსნად ვასრულებდით ორივე ჩვენს მოვალეობას ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, თავადაც და პაატა იმნაძეც ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებლები არიან.
„ორივე ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვართ, ბევრ იმის შესახებ, ვინც ჩვენ დღეს გვაკრიტიკებს და ბევრს ვთხოვე მე, გუშინაც მოვუწოდე – გვაკრიტიკეთ, არ არის პრობლემა, რადგან ვისაც საქმე არ უკეთებია, მას შეცდომა არასდროს დაუშვია, ვინც საქმეს აკეთებს, ის უშვებს ხანდახან შეცდომებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კითხვაზე, მიზანმიმართულია თუ არა ეს კამპანია, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს.
„არ მინდა პოლიტიკურ დისკუსიაში შევიდე, აკადემიურ დისკუსიაში, სიამოვნებით, დავსხდეთ, გავაკრიტიკეთ, თუ რამეს სწორად ვერ ვაკეთებთ მითხარით, კი ბატონო და გამოვასწორებთ. ამ დარგის ექსპერტებს მოეხსენებათ, მე დიდი ხანია ჯანდაცვის სისტემაში ვმოღვაწეობ, პრაქტიკოსი ექიმი, მასწავლებელი, მეცნიერი, ჩინოვნიკი, მათ შორის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი და ასე შემდეგ. ბევრს ვიცნობ ქვეყანაში, ვის რა ცოდნის „ბაგაჟი“ აქვს, ამიტომ აკადემიურ დისკუსიაში სიამოვნებით შემოვალ, იქნებ მართლა ვუშვებ რაღაც შეცდომებს, მიმითითეთ ამაზე, სიამოვნებით, მაგრამ ამას პოლიტიკურ სარჩულს ნუ დავუდებთ, არ არის დღეს პოლიტიკური გარჩევების დრო, მერე გავარჩიოთ, ყველაფერი რომ დამთავრდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.