
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, თუ ადამიანი არის დაღუპული ამ ვირუსით, ამ შემთხვევაში ძალიან რთულია ამ ადამიანის ტრანსპორტირება იმ ქვეყნიდან, რომელშიც ის დაიღუპა,” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ესპანეთიდან გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო.
“სიტუაცია ძალიან რთული გახდა, ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა რამდენიმე დღე და ვცდილობდით მოლაპარაკებები გვეწარმოებინა რაღაც საწყისებიდან, თუმცა კატეგორიული უარი მივიღეთ იმიტომ, რომ თუ გამონაკლისს დაუშვებენ ერთი ქვეყნის მიმართ სხვა ქვეყნების მიმართაც უნდა დაუშვან.
დღევანდელი პროტოკოლით არსებობს ორი ტიპის გამოსავალი ამ შემთხვევიდან ერთ-ერთი არის კრემაცია, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა და ქართველებისთვის ამის გაკეთება. არსებობს მეორე შესაძლებლობაც, იქ ადგილზე გამოყოფილია შესაბამისი ტერიტორია, სადაც, შეიძლება, მოხდეს ამ ადამიანების დაკრძალვა. ესპანეთის მთავრობა ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის რელიგიურ მიდგომებს და აძლევს შესაძლებლობას ადამიანი დაიმარხოს იმ წესით, როგორიც უნდა ჭირისუფალს. ამ ადამიანის ესპანეთის ტერიტორიიდან გამოყვანას კატეგორიულად არ გვთანხმდებიან და არ გვაძლევენ ამის უფლებას,“ – აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.