
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ მეორე ფრაგმენტს (პირველის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე) დათო გამცემლიძის წიგნიდან "ჟამი ჭეშმარიტი - დამარცხებული მოძრაობის ქრონიკა", რომელიც სულ სხვა ასპექტში განიხილავს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის პრე და პოსტ მოვლენებს, არ ეთანხმება გავრცელებულ სტერეოტიპულ მოძრაობებს და ხშირ შემთხვევაში სადავო, მაგრამ საინტერესო მოსაზრებებსა და დასკვნებს შეიცავს.
გენერალ ლებედის კომენდანტის საათი
10 აპრილს თბილისში ჩამოვიდა სკკპ პოლიტბიუროს წევრი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. მაგრამ იგი ჩამოვიდა არა მარტო, არამედ პოლიტბიუროს წევრ რაზუმოვსკისთან ერთად.
ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტია. რაზუმოვსკი შევარდნაძეს გორბაჩოვის ბრძანებით გამოჰყვა. ანუ შევარდნაძე დამოუკიდებლად თბილისში ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ამ მაგალითითაც სჩანს, რამდენად ენდობოდა (სინამდვილეში) გორბაჩოვი თავის “ქართველ მეგობარს”, რომელიც ზესახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.
შევარდნაძე გრძნობდა, რომ 9 აპრილი, გარკვეულწილად, რუსული გენერალიტეტისა და რუსული შოვინისტური საზოგადოების მისდამი სიძულვილის გამოხატულებაც იყო. რუსულმა საზოგადოებამ ვერაფრით აპატია გორბაჩოვს “სპეკულიანტი გრუზინების” წარმომადგენლის დანიშვნა მშობლიური “დერჟავის” საგარეო საქმეთა მინისტრად. ხოლო შევარდნაძე იქნებოდა თუ რომელიმე სხვა “გრუზინი”, - ამას მნიშვნელობა არა აქვს.
ამ თვალსაზრისით ძალზე საინტერესო და ნიშანდობლივია გენერალ ლებედის მოგონება, რომელიც 9 აპრილის დღეებში 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკს მეთაურობდა და “კომენდანტის საათს” უშუალოდ ახორციელებდა. მისი წიგნის შესაბამის თავს “Тбилисская смута” ეწოდება.
ალექსანდრე ლებედი იგონებს, რომ თბილისში რუსმა სამხედროებმა (მისმა კოლეგებმა) შესჩივლეს: “შევარდნაძე ძაღლადაც არ გვაგდებს, გამარჯობასაც არ გვეუბნება, გამოვა სახლიდან და ისე ჯდება მანქანაში, ჩვენსკენ ერთხელაც არ გამოიხედავსო”.
ლებედმა ეს სცენა საკუთარი თვალითაც იხილა ერთხელ და კოლეგებს ასეთი რჩევა მისცა: “თუ შევარდნაძე არ გესალმებათ, ნურც თქვენ მიესალმებით, ის თუ არ იხედება თქვენსკენ, ნურც თქვენ გაიხედავთ მისკენ - თუ ის არაფრად გაგდებთ, ნურც თქვენ ჩააგდებთ”.
შემდეგ გენერალი ლებედი აშკარა შოვინისტური ტკბობით აღწერს სცენას, რომელიც მომდევნო დღეს გაიმართა: “მეორე დილით შევარდნაძე გამოვიდა თავისი რეზიდენციიდან ჩვეულებისამებრ “მჟავე სახით”, არავის მისალმებია იქვე მყოფი სამხედროებიდან, მაგრამ არც მას მიესალმა ვინმე, - სამხედროებიც ასეთივე “მჟავე სახით” იდგნენ მის გარშემო მდუმარედ და ყურადღებას არ აქცევდნენ”.
ედუარდ შევარდნაძე ყოველივე ამას, რასაკვირველია შეამჩნევდა, მაგრამ მისი მთავარი თვისება საოცარი მოთმინებისა და თავდაჭერილობის უნარია. თუმცა ძნელი მისახვედრი არ არის რა უტრიალებდა გულში: შეუძლებელია 9 აპრილი მას პიროვნულ შეურაცხყოფად არ აღექვა.
ნამდვილად საცოდავნი და უბადრუკნი არიან ისინი, ვინც დღემდე ფიქრობს, თითქოს 9 აპრილი შევარდნაძისათვის პიროვნულად არაფერს ნიშნავდა. სინამდვილეში 9 აპრილის მოვლენები, ისევე, როგორც ვიქტორ ასტაფიევის პასკვილის გამოქვეყნება, - რუსული შოვინიზმის ორი გამოვლინება იყო. შევარდნაძემ ეს იგრძნო, მაგრამ ეცადა არ შეემჩნია.
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც საკუთარი ეროვნული თვისებრიობის დაძლევა შეეძლოს, - რომც სურდეს.
(რაც შეეხება გენერალ ლებედს, - რამდენიმე წლის შემდეგ ქართველებისადმი სიძულვილს იგი აფხაზეთშიც უხვად დაირწყულებს. უფრო მოგვიანებით კი, მოვა დრო, როდესაც “მოძრაობის” ლიდერები მასთან ერთად იქეიფებენ ბათუმში და “ვახტანგურად” (ბრუდერშაფტ) შესვამენ “საქართველოსა და რუსეთის ერთიანობის” სადღეგრძელოს იმ სალდაფონთან, რომელმაც, ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, პირსისხლიანი როდიონოვი დანიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრად ერთადერთი ნიშნით, - 9 აპრილის “დამსახურების” გამო!)
9 აპრილს, შუადღისას, ტელევიზიით გამოვიდა “წაშლილი და განადგურებული” ჯუმბერ პატიაშვილი. თუმცა მისი სიტყვები მაინც ძალზე ნიშანდობლივი იყო: “რაოდენ ძნელიც არ უნდა იყოს ამჟამად თქვენს წინაშე გამოსვლა.... ამის გვეშინოდა, ამას ვერიდებოდით.... ეს უნდოდათ, ამისკენ ისწრაფვოდნენ.... აქეთ მიჰყავდათ და აი....”
პატიაშვილი ნამდვილად განიცდიდა მომხდარს. მით უმეტეს, რომ ნათლად აცნობიერებდა საკუთარ ისტორიულ პასუხისმგებლობას. ჯუმბერ პატიაშვილს ისტორია არ აპატიებს იმას, რომ საქმე 9 აპრილამდე მიიყვანა. თორემ რაკი საქმე აქამდე მივიდა, რაკი დაიწყო საბედისწერო მიტინგი, - შემდეგ სისხლისღვრა უკვე გარდაუვალი იყო. სწორედ ეს არის პატიაშვილის დანაშაული და არა თვით 9 აპრილის სასაკლაო, - რაშიც მას (ქართული მხრიდან) მიტინგის ორგანიზატორებზე გაცილებით ნაკლები ბრალი მიუძღვის.
10 აპრილს, საღამოს, შევარდნაძის მონაწილეობით გაიმართა პირველი შეხვედრა 31-ე ქარხნის “კოლექტივთან”. პატიაშვილის თქმით (იგი ოდნავ გამოცოცხლებული ჩანდა და რუსულად ლაპარაკობდა), არაფორმალთა ლიდერები ჯარის გამოჩენისთანავე გაიქცნენ (уплыли), ხოლო დაიღუპნენ სრულიად უდანაშაულო ადამიანები.
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გამოსვლისას, შევარდნაძემ მთელი საქართველოს გასაგონად თქვა: “ეს ჭრილობა უნდა მოვიშუშოთ”. მაგრამ მას ალბათ თავად აღარ სჯეროდა საკუთარი სიტყვებისა: 9 აპრილის “მოშუშება” შეუძლებელი იყო.
მეცნიერებათა აკადემიაში შევარდნაძე-რაზუმოვსკის სტუმრობისას, ირაკლი აბაშიძემ წარმოთქვა ძალზე ნიშანდობლივი სიტყვა: მან გაიხსენა მე-20-ე ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვის გამოსვლა სტალინის კულტის წინააღმდეგ, როდესაც ხრუშჩოვი ლამის ყოველი ფრაზის შემდეგ ამატებდა: “Вот вам великй сын грузинского народа, вот вам сын Грузии…” ანუ 9 აპრილის თაობაზე საუბრისას მან სწორედ ეს შეურაცხყოფა გაიხსენა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენი მნიშვნელობა ჰქონდა 9 მარტს საქართველოში ცნობიერი პროცესების შემდგომი, დამანგრეველი განვითარებისათვის.
რექტორი ნოდარ ამაღლობელი შევარდნაძეს უნივერსიტეტში მისვლას არ ურჩევდა. თუმცა, თავისთავად ასეთი “რჩევა” უკვე იმთავითვე ნიშნავდა, რომ შევარდნაძე იქ აუცილებლად მივიდოდა და სტუდენტთა მღელვარებას არ მოერიდებოდა.
დათო ტურაშვილი: “თუ არაფერი შეიცვლება, ჩვენ იარაღს მოვკიდებთ ხელს”.
გელა დოლიძე: “ის, რაც აფხაზეთში მოხდა, ბატონო ედუარდ, არის თქვენი ბრალი”.
მარიკა ლორთქიფანიძე: “Уже не вызывает сомненй факт применения химичесского оружия”.
ედუარდ შევარდნაძე: “გარდაქმნის პროცესში ყველაზე რთული ადამიანის ფსიქიკის შეცვლა ყოფილა.... როცა საქმე ტანკებამდე მივა, ის ბავშვი კი არ უნდა დაუწვეს ტანკს, - შენ უნდა დაუწვე ტანკს.... საქართველოში არ არსებობს პარტიული მუშაობა ინტელიგენციასთან მუშაობის გარეშე”.
მაგრამ ყველაზე ემოციური კინოს სახლში შეხვედრა გამოდგა. გურამ პეტრიაშვილმა რაზუმოვსკის მიმართა: “Передайте Горбачёвым, Лигачёвым, всем другим овым.... уйдите из cибири, там живут чуваши, а то лопнете как жаба!”
ირაკლი შენგელაიამ წაიკითხა მცირე ლექცია 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის გარემოებათა შესახებ.
ნოდარ ნათაძე: “სკოლის მოსწავლეებს ეუბნებიან, ქუჩაში არ გახვიდეთ, - გესვრიანო. ისინი პასუხობენ: “გვესროლონ მაგათი დედაც ვატირე!” ამ ფრაზას დამსწრე საზოგადოების მქუხარე ტაში მოჰყვა.
აკაკი ბაქრაძე: “აქვს თუ არა უფლება პარტიას, რომელიც მთელი ისტორიის განმავლობაში ან დანაშაულს ჩადიოდა, ან თავს იმართლებდა ამ დანაშაულისათვის, მართოს ქვეყანა? ვპასუხობ, - არა, არა აქვს!”
საღამოს ედუარდ შევარდნაძემ საკავშირო ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “Мы договариваемся с другими государствами, но порой не можем договорится с собственным народом”.
თბილისში კი კომენდანტის საათი ხორციელდებოდა. რუსი სამხედროები მთელი ღამის განმავლობაში დაჰქროდნენ მანქანებით დაცარიელებულ ქუჩებში, აპატიმრებდნენ წესრიგის დამრღვევთ, რუსთაველის გამზირზე ხეებიდან ჰგლეჯდნენ “ლირიულ-პატრიოტული” შინაარსის წერილებსა და ლექსებს.
ქალაქის ცენტრში ძირითადად ელიტარული სადესანტო შენაერთები განლაგდნენ. გარეუბნები კი აივსო ჭუჭყიან “ხე-ბე”-ში გამოწყობილი უზბეკი, თათარი და ”ჩუჩმეკი” ჯარისკაცებით, რომლებიც იქვე, გზის პირას იცვლიდნენ ”პორტიანკებს”. მათ მიეცათ შესანიშნავი საშუალება (ისევე, სხვათა შორის, როგორც თვით 9 აპრილის მიტინგის დამრბევ ჯარისკაცებს) შური ეძიათ საძულველ “გრუზინებზე”, რომლებიც ჯარში მათ ყველანაირად ამცირებდნენ და თავის ნაცვლად ამუშავებდნენ. რაკი ასეთი შანსი მიეცათ, მას, რასაკვირველია, ხელიდან არ გაუშვებდნენ.
საავტომობილო მაგისტრალები ქალაქში ტანკებით იყო გადაკეტილი. “ჩელიუსკინელების ხიდზე” (დღევანდელი “თამარ მეფის გამზირის” ხიდი) იდგა ტ-72, რომელსაც ლულა გზის სიღრმეში ჰქონდა გაშვერილი, რათა მანქანებს ნელა ემოძრავათ, - როგორც შეეფერება კომენდანტის საათს.
10 აპრილს სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოში მიტინგის გამართვა სცადეს. რუსმა მედესანტეებმა ჰაერში გახსნეს ცეცხლი. სტუდენტები შენობაში შეცვივდნენ. მათთან ერთად იყვნენ აკაკი ბაქრაძე და პარმენ მარგველაშვილი. ორიოდე საათის შემდეგ ახალგაზრდები უნივერსიტეტის უკანა კარიდან გამოუშვეს. მოძრაობას არეგულირებდნენ კიროვობადის (განჯა) საჰაერო-სადესანტო დივიზიის 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ჯარისკაცები, რომლებიც ნიჩბებით (სწორედ “იმ” ნიჩბებით) იყვნენ შეიარაღებულნი. გოლიათური აღნაგობის რუს ჯარისკაცებს, რომელნიც სულ ახლახანს დაბრუნებულიყვნენ ავღანეთის ჯოჯოხეთიდან, თბილისური ორომტრიალი, რასაკვირველია, სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ.
ამასობაში, ქართული “ელიტარული ინტელიგენცია” დიდ ფაცი-ფუცში იყო. სალონური შეკრებებისას მომხდარს “აანალიზებდნენ” რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, მწერლები და თვიანთი პოლიტიკური ინტელექტის შესაბამისი ბრძნული დასკვნებიც გამოჰქონდათ.
ერთ-ერთ ასეთ სალონურ შეკრებაზე გადაწყვიტეს, ჯუმბერ პატიაშვილის ნაცვლად, საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნის პოსტზე რეზო ჩხეიძის კანდიდატურა წარედგინათ. ამასთან დაკავშირებით სერიოზული “ბრძოლის” გამართვასაც კი აპირებდნენ პლენუმზე, რომელსაც პირველი მდივანი უნდა “აერჩია”.
რეზო ჩხეიძე “ელიტარული ინტელიგენციის” წარმომადგენელი კი იყო, მაგრამ კომუნისტურ მმართველ წრეში უშუალოდ არ შედიოდა, ამიტომ მისი კანდიდატურა ერთნაირად მიუღებელი აღმოჩნდა როგორც ქართული კომუნისტური ნომენკლატურის, ასევე მოსკოვისათვის.
არ არის გამორიცხული, სხვა “ელიტარულ ინტელიგენტებსაც” გაელაშქრათ მის წინააღმდეგ პრინციპით: “რატომ ის და არა მე?” ყოველ შემთხვევაში ამგვარი რამ საქართველოსათვის უფრო თვისებრივი და ჩვეულებრივი იქნებოდა, ვიდრე თუნდაც ამ საკითხში ერთიანობა და ერთსულოვნება.
გორბაჩოვის “წინადადებით”, პლენუმმა გივი გუმბარიძე დაამტკიცა. პროგრამა “время”- მ უჩვენა ინტერვიუ სიხარულით სახეგაბადრულ, ახლადგამოჩეკილ ცკ-ს პირველ მდივანთან. კითხვაზე, არის თუ არა ანტირუსული განწყობა საქართველოში, გუმბარიძემ უპასუხა: “ამგვარი დასკვნისათვის არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს”. თუმცა, ამ განცხადებისა არც საქართველოში, არც რუსეთში უკვე აღარავის სჯეროდა და მართალნიც იყვნენ.
“კომენდანტის საათი” თბილისში 18 აპრილს (ტრაგედიიდან 9 დღის შემდეგ) გაუქმდა. სამხედრო რეჟიმის შენარჩუნებას აზრი არ ჰქონდა, - საზოგადოება განადგურებული და სასოწარკვეთილი იყო საკუთარი უმწეობით. არავითარი საშიშროება (კრემლისათვის) რაიმე ექსცესისა აღარ არსებობდა.
18 აპრილს, კომენდანტის საათის გაუქმებით, პროცესები საქართველოში თვითდინებაზე მიუშვეს. “მოსკოვი” დარწმუნდა, რომ 9 აპრილის შედეგად წარმოშობილი ტალღა ფოლადის კედელს შეეხეთქა და ვეღარც წარიმართებოდა სხვა მიმართულებით, - მისთვის წინასწარ მომზადებული კალაპოტის თვინიერ.
გუმბარიძის ხელისუფლებამ, ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელთა მოთხოვნით, ციხიდან გაათავისუფლა 9 აპრილის შემდეგ დაპატიმრებული დისიდენტები: საბედისწერო მიტინგის მთავარი ორგანიზატორი ირაკლი წერეთელი; აგრეთვე ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და გია ჭანტურია.
ტრაგედიის “ორმოცზე” რუსთაველის გამზირზე მოეწყო სამგლოვიარო მსვლელობა. უდანაშაულო ადამიანთა დაღუპვის ადგილას ხალხმა დაიჩოქა და, იმავდროულად, მუშტშეკრული მარჯვენა შემართა.
ამ რიტუალის ერთ-ერთი მონაწილის ფოტო რუსეთისა და მსოფლიოს მრავალმა გაზეთმა გამოაქვეყნა. ეს ფოტო ბევრ თქვენთაგანს უნახავს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ: მუხლებზე დაჩოქილ, ბრგე, თავჩაქინდრულ მამაკაცს მუშტად შეკრული მარჯვენა აქვს ზეაწეული.
მეტი აბსურდი წარმოუდგენელია! - ან დაჩოქილი და თავჩაქინდრული უნდა იყო, ან ფეხზე მდგომი, თავაწეული და მუშტშემართული. ორივე ერთად არაფერს გამოხატავს. უფრო სწორად, გამოხატავს მხოლოდ უმწეო, უილაჯო, უბადრუკ პროტესტს, რომელიც არც თანაგრძნობას იწვევს და არც სიბრალულს.
სწორედ ეს აბსურდული სურათი ასახავს იმდროინდელი საქართველოს, 9 აპრილის შემდგომი ქართული საზოგადოების სულიერ მდგომარეობას.
მსგავსი რამ თუ ვინმეს სადმე სხვაგან უნახავს, მზადა ვარ ბოდიში მოვიხადო. ანუ, თუ ვინმეს უნახავს რომელიმე ქვეყანაში პროტესტის ასეთი ფორმა, ამგვარი პოზით მისი გამოხატვა: მუხლებზე დაჩოქილი მამაკაცი (მით უმეტეს, ათასობით ადამიანი) თავჩაქინდრული და, იმავდროულად, მაღლა აღმართული მუშტშეკრული მარჯვენით.
უმწეო, უილაჯო, სასოწარკვეთილი პროტესტის ეს ფორმა, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ კრახსაც გამოხატავდა, - ძალიან მძიმე, საზარელ მომავალს უწინასწარმეტყველებდა საქართველოს.
და ეს წინასწარმეტყველება, სამწუხაროდ, მთლიანად ახდა.
სახალხო დეპუტატთა ყრილობა
9 აპრილის მოვლენები მხოლოდ ერთ დღის განმავლობაში რჩებოდა მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებათა მთავარ თემად. მეორე დღეს ბარენცის ზღვაში ჩაიძირა საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავი. ერთ-ერთ განყოფილებაში კახელი ბიჭი დაიწვა, რომელიც ბოლომდე ვაჟკაცურად ებრძოლა სტიქიას. სულ სამოცდაათი მეზღვაური და ოფიცერი დარჩა ოკეანის ფსკერზე. ატომური რეაქტორი დღემდე არ არის ბოლომდე ჩამქრალი. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა რეაქციას გამოიწვევდა ევროპაში ატომური წყალქვეშა ნავის ჩაძირვა სკანდინავიის ნაპირებთან. მით უმეტეს ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ. ასეთ ვითარებაში ვიღას გაახსენდებოდა 9 აპრილი?
რამდენიმე დღეში ინგლისის ერთ-ერთ სტადიონზე მოხდა საზარელი ტრაგედია: ფეხბურთის ფანატიკოს გულშემატკივართა ჩხუბის შედეგად დაიწყო პანიკა, გაჩნდა ხანძარი. დაახლოებით ასი ადამიანი დაიღუპა ტრიბუნებისა და მოედნის გამყოფ რკინის ჯებირთან ჭყლეტაში. საშინელი ფოტოსურათები “საკავშირო პრესამ” გამოაქვეყნა აშკარა ქვეტექსტით, რომელიც “9 აპრილს” უკავშირდებოდა.
მაისის ბოლოს საქართველოში მომავალი “საკავშირო ყრილობის” თაობაზე ალაპარაკდნენ. გორბაჩოვის რეფორმათა შედეგად “საკანონმდებლო” ხელისუფლებამ გარკვეული სახეცვლილება განიცადა. შეიქმნა ახალი ორგანო: “სახალხო დეპუტატთა ყრილობა”, რომელსაც უნდა აერჩია როტაციული უმაღლესი საბჭო.
ზოგადად, საბჭოთა კავშირისათვის ეს მართლაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო. თუმცა, საბჭოთა “პარლამენტს” მთლიანობაში მაინც ბუტაფორიის ფუნქცია ეკისრებოდა. მისი არჩევის წესი, შემადგენლობა, ძალთა განლაგება იმგვარი იყო, რომ რეალური ზეგავლენა პროცესებზე არ ექნებოდა. სამაგიეროდ, მთავარი ფუნქცია შეასრულა და დასავლეთში “დემოკრატიულობის” შთაბეჭდილება შექმნა.
რაიმე საპარლამენტო კულტურაზე საუბარი, რა თქმა უნდა, სასაცილო იქნებოდა - ამგვარ კულტურას მხოლოდ ბალტიის რესპუბლიკათა წარმომადგენლები ამჟღავნებდნენ. “სახალხო დეპუტატთა” 80 პროცენტი (წინასწარ შედგენილი სიების შესაბამისად), ან გონებაჩლუნგი “პროლეტარი” იყო, ან კომუნისტური ნომენკლატურის წარმომადგენელი.
საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ყრილობის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შესახებ. პირველი სხდომა პოლიტბიუროს სხდომაზე დამტკიცებული “საარჩევნო კომისიის” თავჯდომარემ გახსნა. მას სიტყვა ჯერ დასრულებული არ ჰქონდა, რომ ტრიბუნაზე ავარდა დეპუტატი ტოლპეჟნიკოვი ლატვიიდან, რომელმაც მოითხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ 9 აპრილს, თბილისში დაღუპულთა ხსოვნისათვის. მთელი ყრილობა ფეხზე წამოდგა. წამოდგნენ (მაგრამ უმალვე დასხდნენ) პოლიტბიუროს წევრებიც. ტელეეკრანზე მსხვილი პლანით გამოჩნდა დარბაზში მჯდომი (“პრეზიდიუმში” მოგვიანებით მიიწვიეს) მიხეილ გორბაჩოვის სახე - იგი აშკარად შეწუხებული და შეშფოთებული იყო ასეთი დასაწყისით.
9 აპრილის თემამ პირველ ორ დღეს რამოდენიმეჯერ გაიჟღერა ყრილობაზე სხვადასხვა კონტექსტში. ერთხელ ესტონელი დეპუტატი ქალის გამოსვლაში: “В тбилиси женшины погибли страшной смертью”. მეორედ ანდრეი სახაროვის რაპლიკაში, რომელმაც პროტესტი გამოთქვა მოსკოვში ძერჟინსკის სახელობის დივიზიის შემოყვანის გამო: “Мы же знаем как действовала она в тбилиси!” ამ დროს დარბაზში რომელიღაც რუსი დეპუტატი წამოხტა: “Правильно, правильно действовала!”. ავღანეთის ვეტერანი ახალგაზრდა რუსი ოფიცერი: “…Политиканы из грузии и прибалтики … а для меня … отечесство, держава, комунизм!”.
მაშინაც კი, როდესაც 9 აპრილზე არ იყო საუბარი, დარბაზში და გამომსვლელთა სიტყვებშიც იგრძნობოდა დაძაბული მოლოდინი ამ საკითხის განხილვისა. მეორე დღეს ელდარ შენგელაიამ ტრიბუნიდან წაიკითხა გენერალ როდიონოვის ამომრჩეველთა განცხადება (როდიონოვი ახალციხე-აბასთუმნიდან იყო არჩეული სახალხო დეპუტატად) - მისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევისა და გაწვევის შესახებ: “Такой депутат не нужен нам здесь”. გარდა ამისა, შენგელაიამ (იგი, როგორც ყოველთვის, დამტვრეული რუსულით, ბორძიკით ლაპარაკობდა), - ყრილობას შესთავაზა ენახათ 9 აპრილის მოვლენათა ამსახველი ვიდეოფილმი.
ყრილობის მეორე დღეს “საერთო დისკუსიაში” მონაწილეობა მიიღო გურამ მგელაძემ, რომელმაც ეკონომიკური რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა: “Мяса нам нада, а от маркса отказыватся нам не нада”. ამ გამოსვლას აფხაზეთის სახალხო ფრონტის გაზეთი ნიშანდობლივად გამოეხმაურა: მგელაძის სიტყვამ დაადასტურა, რომ ქართველები კაპიტალიზმის მომხრენი არიან და ამ დანაშაულებრივ მისწრაფებას საქართველოს კომუნისტური ხელმძღვანელობაც მხარს უჭერსო.
ყაზახი პოეტის, ოლჟას სულეიმენოვის გამოსვლაში გაიჟღერა მოულოდნელმა პასაჟმა: “Мы должны прислушатся к голосу абхазского народа…” იგი, რა თქმა უნდა, გულისხმობდა სწორედ იმ «აფხაზურ წერილს», რაც ლიხნის შეკრების შემდეგ დაეგზავნა საბჭოურ ისტებლიშმენტს - პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს.
9 აპრილთან დაკავშირებით მთავარი მოვლენები მხოლოდ ყრილობის მესამე-მეოთხე დღეს გაიმართა.
საქართველოსაგან (ისევ და ისევ საერთო დისკუსიის ფარგლებში) სიტყვა მიიღო აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ. იგი ტრიბუნაზე ავიდა და წინასწარ დაწერილი ტექსტი წაიკითხა. მასში დაწვრილებით იყო აღწერილი 9 აპრილის პერიპეტიები. ძირითადი აქცენტი თამაზ გამყრელიძემ მიტინგის “მშვიდობიანობაზე” დასვა. მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ეს იყო თუმცა არასანქცირებული, მაგრამ მშვიდობიანი მიტინგი. მეორე დღეს, ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ვლადისლავ არძინბამ იგივე აქცენტი დასვა და აღნიშნა, რომ ლიხნის მიტინგი “სანქციონირებული” იყო - იგულისხმებოდა: განსხვავებით თბილისის მიტინგისაგან.
თამაზ გამყრელიძემ პირდაპირ დაადანაშაულა რუსული გენერალიტეტი და პირადად გენერალი როდიონოვი უმწეო ადამიანთა მკვლელობაში. “ძერჟინსკის დივიზიას” კი მან “დამსჯელი ექსპედიცია” (“каратели”) და “მკვლელთა რაზმი” უწოდა.
საერთოდ, თავის სიტყვაში (მეტისმეტად, გამაღიზიანებლად «გადატყლარჭული» რუსულით) გამყრელიძემ საგანგებო ყურადღება დაუთმო კონკრეტულად იგორ როდიონოვს, რითაც ამ უკანასკნელს საშუალება მისცა, სიტყვა დაუყოვნებლივ მოეთხოვა «საპასუხო გამოსვლისათვის». როგორც კი გამყრელიძემ სიტყვა დაასრულა, დარბაზშიც აყვირდნენ: “Родионова!” ანუ, “სიტყვა მიეცით როდიონოვს!”.
იგორ როდიონოვი მკაცრი სახით ავიდა ტრიბუნაზე და სხდომის წამყვანი, რაფიკ ნიშანოვი გააფრთხილა: შეიძლება რეგლამენტს გადავაჭარბოო. უზბეკეთის ლიდერმა სცადა დისკუსია გაემართა ამ საკითხზე, მაგრამ როდიონოვი დარბაზის მხარდაჭერით იყო გულმოცემული: “Но я же не просил выступать…”.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ როდიონოვმა ძირითადი ყურადღება მიაპყრო სწორედ “ანტირუსულ” და არა “ანტიკომუნისტურ” სულისკვეთებას, რაც 9 აპრილის მიტინგზე სუფევდა. მან წაიკითხა შესაბამისი ლოზუნგები და ეს გააკეთა ისეთნაირად, რომ ყველა დარწმუნდებოდა: 9 აპრილს ქართველებს ანტირუსული განწყობა ამოძრავებდათ და არა ანტიკომუნისტური: “Долой прогнившую Русскую империю; долой Русский комунизм; Русские окупанты убирайтесь из Грузии!” და ა.შ. ეს ლოზუნგები დარბაზში მყოფი რუსი “დემოკრატებისთვისაც” საწყენი იქნებოდა. ამით როდიონოვმა რუსულ ეროვნულ სიმებსაც გამოჰკრა ხელი: “Вот слушал я рассказы Грузинских депутатов о том, что русские солдаты убивали женщин и детей, о том, как десантник гонялся за старухой три километра и наконец добил её в кустах и вспоминал слова наши русские, волшебные, - от возмущения!” როდიონოვის ამ სიტყვებისთანავე დარბაზს მოწონებისა და კმაყოფილების ტალღამ გადაუარა. ტელეეკრანზე გამოჩნდა გაწითლებული და თავჩაქინდრული მუხრან მაჭავარიანი, რომლის მეზობლად მჯდომმა რუსმა დეპუტატმა (როდიონოვის მისამართით) ჩაილაპარაკა: молодец!
ასეთივე “ყურებჩამოყრილნი” იყვნენ სხვა ქართველი დეპუტატებიც. იგორ როდიონოვი მქუხარე ოვაციით გააცილეს ტრიბუნიდან. მოულოდნელად ადგილიდან წამოდგა მიხეილ გორბაჩოვი:
“Не скрою от вас: знаю эту республику, знаю этот народ и люблю его очень… я всегда был против применения силы в Грузии, потому что считал: тем самым мы оскорбим Грузина,- Война, который никогда с этим не смирится!”
სხვათა შორის, გორბაჩოვმა იმავე საღამოს მიიღო ქართული დეპუტაცია. დახურულ კარს მიღმა იგი უკვე სულ სხვა ტონალობაში ესაუბრებოდა ქართველ დეპუტატებს და უკმეხად გამოლანძღა ისინი. არგუმენტად ისევ და ისევ ლოზუნგები მოჰყავდა. ქართველები კვლავ ყურებჩამოყრილნი ისხდნენ. რეზო თაბუკაშვილმა ისღა მოახერხა ეთქვა: ასეთი ლოზუნგები კი იყო, მაგრამ ლოზუნგების გულისათვის ადამიანების დახოცვა მაინც მეტისმეტიაო.
თბილისის მოვლენათა შემსწავლელი კომისიის თავჯდომარედ ანატოლი სობჩაკი აირჩიეს.
იმ დროს, როდესაც მთელი ეს ორომტრიალი ვითარდებოდა ყრილობათა სასახლეში, ედუარდ შევარდნაძე უეჭველად საგონებელში იქნებოდა ჩავარდნილი. იმ მომენტში მას ჰქონდა შანსი, რომლის გამოყენებას ცდილობდა კიდეც: იგი გადადგომის, ანუ “კარის გაჯახუნების” შესაძლებლობაზე ფიქრობდა.
ერთის მხრივ, შევარდნაძე რომ მაშინ პროტესტის ნიშნად გადამდგარიყო მინისტრის პოსტიდან, ეს თითქოს ძალზე ძლიერი სვლა იქნებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ამით საქართველოში მისი სახელი დაუკავშირდებოდა 9 აპრილს და ზოგიერთები უეჭველად იტყოდნენ: “შევარდნაძის გამო დაგვსაჯესო”. ედუარდ შევარდნაძის, როგორც პოლიტიკოსის, ერთ-ერთი უძლიერესი თვისება ის არის, რომ იგი შესანიშნავად იცნობს საკუთარი ხალხისა და საზოგადოების ფსიქოლოგიას. ამიტომაც გადაავადა გადადგომა წელიწადნახევრით.
მეორე დღეს ყრილობის მონაწილეებმა ნახეს ვიდეოფილმი 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა (შემდგომში პრეზიდენტმა) ნურსულტან ნაზარბაევმა ნანახს, ყრილობის ტრიბუნიდან, ასეთი კომენტარი გაუკეთა: “ქართველი დეპუტატები გვარწმუნებდნენ, რომ ამ ფილმში იქნებოდა რაღაც ფაქტები, მაგრამ გარდა დიქტორის ხმისა, რომელიც მომხდარის საკუთარი ვერსიის ჩვენთვის თავსმოხვევას ცდილობდა, - არავითარი ფაქტები ფილმში არ იყო”. ამ განცხადებას დარბაზში, რა თქმა უნდა, მქუხარე ოვაცია მოჰყვა.
მკითხველს ვთხოვ მიაქციოს ყურადღება (ნაზარბაევი, სულეიმენოვი, ყალმუხი პოეტი კუგულტდინოვი და ა.შ.) - აფხაზი სეპარატისტები აქტიურად ეძებდნენ და პოულობდნენ მოკავშირეებს თვით საბჭოთა კავშირის ხალხებს შორის. ჩვენში კი ამას აბა ვის შეასმენდი, - ამის საჭიროება სასაცილოდაც არ ეყოფოდათ: “ხა, ხა ხა რა სისულელეა, ჩვენ ქართველებს(!!!) როგორ გვეკადრება იმპერიის შიგნით, მონებთან ინტერესთა თანხვედრაზე ფიქრი. ეს ხომ “პოლიტიკური ანანიზმი” იქნებოდა (”მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გამოთქმაა -ავტ.), - სულ ერთია, რასაც მოსკოვი ეტყვით იმას გააკეთებენ. ოლჟას სულეიმენოვმა რაც თქვა, - იმიტომ თქვა, რომ “კრემლმა დაავალა”...
ერთი სიტყვით, “ქართველებს როგორ გვეკადრება საზიზღარ “მონებს” შორის მოკავშირეების ძიება”.
ერთადერთი “ბალტიისპირელები” - კიდევ ჰო. ისიც იმ პირობით, თუ აღფრთოვანდებიან და აღიარებენ, რომ მათ “ბევრად ვუსწრებთ” დამოუკიდებლობისაკენ სავალ გზაზე.
სწორედ ამ დღეს ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ვლადისლავ არძინბა. მისი გამოსვლა იყო უაღრესად რაფინირებული, ჭკვიანური, ეშმაკური, კარგად გათვლილი და, სეპარატისტთა ინტერესებიდან გამომდინარე, სრულიად მიზანშეწონილი.
მან სიტყვა დაიწყო ციტატით ედუარდ შევარდნაძის რომელიღაც სტატიიდან. ოღონდ ეს გააკეთა არა მისდამი პატივისცემით, არამედ იმ მიზნით, რათა “შევარდნაძის” ხსენებაზე დარბაზის რუსული ნაწილი გაღიზიანებულიყო. შემდეგ, რაკი შესაბამისი ფონი და განწყობა შექმნა დარბაზში, ქართველებს თვალთმაქცურად “მიუსამძიმრა” მომხდარის გამო.
ესეც ზუსტად გათვლილი სვლა გახლდათ: აფხაზ სეპარატისტებს ძალიან ეშინოდათ, რომ ქართულ დელეგაციაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო თუნდაც ერთი ჭკვიანი ადამიანი, ვინც მიხვდებოდა: სიტუაციისა და პერსპექტივის გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო ყველაფრის ლიხნის შეკრებისათვის დაბრალება და თბილისში ანტირუსული გამოსვლების ახსნა სწორედ აფხაზი სეპარატისტების აქციით. ამით საქართველო უეჭველად მოიგებდა!
ამას ხვდებოდნენ სეპარატისტებიც, ამიტომ არძინბამ ქვეწარმავლური ეშმაკობით გააძლიერა (ამ “მისამძიმრებით”) ის სულელური განწყობა, რომ ასეთი არგუმენტის მოტანა “არავაჟკაცური” და “ქართველებისათვის შეუფერებელი” იქნებოდა.
აი, სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეს გველური “მისამძიმრება”. და მან უმალვე გაჭრა: რომელიღაც ქართველმა ტაშის დაკვრა სცადა, - “კეთილშობილების” მოწონების ნიშნად. მას სხვა ქართველებიც აჰყვებოდნენ, მაგრამ დარბაზის ცივმა მდუმარებამ აიძულათ ტაში “მოესხიპათ”. მით უმეტეს, რომ არძინბამ უმალვე (“მისამძიმრებისთანავე”) აღნიშნა: “Некоторые утверждают, что сущесствует некая связь между Тбилисскими событиями и санкционированным митингом в Лыхны. но мы отвергаем такую связь: митинг в Тбилиси ставил перед собой другие цели и митингующие действовали другими методами”.
ასე აღმოვჩნდით კიდევ ერთხელ გასულელებული. აქვე გამოჩნდა, რა განსხვავება იყო ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსებს შორის: თამაზ გამყრელიძეს რომ თავის გამოსვლაში ძირითადი აქცენტი ლიხნის შეკრებაზე გადაეტანა და დაეწყო მტკიცება: 9 აპრილის მოვლენები აფხაზეთში სეპარატისტთა პროვოკაციამ განაპირობაო (რაც, ნაწილობრივ მართალიც იყო), - ამით საქართველო (ვიმეორებ) პოლიტიკურად ბევრს მოიგებდა: ყრილობის რუსული ნაწილი სეპარატისტთა წინააღმდეგაც განეწყობოდა, ვინაიდან აფსუებსაც დაბრალდებოდათ თბილისში “ანტირუსული გამოსვლების” პროვოცირება.
მაგრამ თამაზ გამყრელიძეს ამგვარი რამ აზრადაც არ მოსვლია. რომც მოსვლოდა აზრად და ეთქვა, - მეტისმეტად ამბიციური ქართული მენტალიტეტი ამას არ მიიღებდა, “არავაჟკაცურად” ჩათვლიდა.
აფხაზებს ასეთი პრობლემა არასდროს ჰქონიათ. ისინი პოლიტიკაში მოქმედებდნენ ერთადერთი პრინციპით, -მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ქართველები კი ცდილობდნენ, პოლიტიკაში შემოეტანათ მისთვის სრულიად უცხო კატეგორიები და ცნობიერი სტერეოტიპები. ამიტომაც დაგვამარცხეს სეპარატისტებმა. და საერთოდ, ყოველთვის დავმარცხდებით, სანამ არ შევიგნებთ, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს მხოლოდ რაციონალური და ცინიკურობამდე მიზანშეწონილი. სხვაგვარი პოლიტიკა პოლიტიკა არ არის.
ერთი მაგალითი: როდიონოვის გამოსვლის შემდეგ რომელიღაც ლიტველმა დეპუტატმა სადეპუტატო უფლებამოსილება მოიხსნა პროტესტის ნიშნად. ქართველი დეპუტატები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მისი კეთილშობილებით, - მიეჭრნენ მადლობის სათქმელად, თუმცა მან ცივად უპასუხა: მე ისე მოვიქეცი, როგორც უნდა მოვქცეულიყავიო. სინამდვილეში იგი ასე მოიქცა მართლაც მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ლიტვას სჭირდებოდა: ბალტიისპირელები დაინტერესებულნი იყვნენ იმის დაფიქსირებით, რომ მხოლოდ ისინი არ მოითხოვდნენ საბჭოთა კავშირიდან გასვლას.
ხოლო როცა საქმე საქმეზე მიდგა, - ლიტვამ ყველაზე გვიან სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ჯერ იმ საბაბით არ სცნობდა, რომ “საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმი იყო” (იგულისხმება “გამსახურდია და კამარილია”), შემდეგ იმ მიზეზით, რომ “ახალი ხელისუფლება ძალადობრივად მოვიდა სამხედრო გადატრიალების შედეგად” და ა.შ.
სინამდვილეში, ლიტვა ორივე შემთხვევაში გამოდიოდა ერთი და იმავე ჯანსაღი პოლიტიკური პრინციპიდან: “რატომ ავიტკივო აუტკივარი თავი როდესაც ეს არ მჭირდება და არაფერს მაძლევს”?
არადა ჩვენ გაუთავებლად “ვიტკივებდით” თავს მაშინაც კი, როდესაც ეს არაფერს გვაძლევდა.
სახალხო დეპუტატთა პირველ ყრილობაზე საქართველოსათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა უზბეკეთის ფერღანის ოლქში დატრიალებული საზარელი ტრაგედია. უზბეკებმა ასეულობით გათურქებული ქართველი (იგივე “თურქი მესხი”) გაჟლიტეს ენით აუწერელი სისასტიკით. არც ერთ ქართველს ამის თაობაზე კრინტი არ დაუძრავს. არადა, გამოსვლა და რაღაცის თქმა აუცილებელი ჩანდა. თუმცა, ასეთი რამ გასაკვირი აღარავისთვის იყო: თბილისში ქართველ დეპუტატებს “დუმილის ბიჭები” შეარქვეს.
ყრილობაზე ისინი აშკარად შერცხვენილნი და დაგლახავებულნი იყვნენ: გულგასიებულნი აკვირდებოდნენ ცინიკურ რეაქციას ქართველი ხალხის ტრაგედიაზე სხვა ხალხთა წარმომადგენლების მხრიდან: ქართველების სატკივარი არავის ტკიოდა; ჩვენი ტრაგედია პოლიტიკური არგუმენტი გახდა სხვათა თამაშში.
რასაკვირველია, საქართველომ იბრძოლა “იმპერიის” წინააღმდეგ და სხვათათვის გამოსადეგი არგუმენტიც შეჰქმნა 9 აპრილით, მაგრამ საეჭვოა იმ “სხვას” საამისოდ თავისი შვილები გაეწირა.
რაც შეეხება მეტისმეტ ამბიციას, ამ თვალსაზრისით საყურადღებოა თამაზ გამყრელიძის სიტყვები, რომლითაც მან ყრილობაზე გამოსვლა დაასრულა: “По словам каталикоса-патриарха всея грузии ильи второго, Грузинский народ взвалил на себя крест (იტვირთა ჯვარი)……”
თბილისში კი იმ დღეს სევდიანად, უღონოდ, უღიმღამოდ, ილაჯგაწყვეტილად წვიმდა..."