
საქართველოს ყოფილი პრემიერი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი იმ პირებს შორისაა, ვინც ჟურნალისტ-გამომძიებელთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ მოპოვებულ წყაროებში ოფშორულ კომპანიებთან საეჭვო კავშირების გამო მოხვდნენ. ამ კონსორციუმის მასალები 82 ქვეყნის 100-ზე მეტ მედიასაშაუალებაში გავრცელდა.
ნინო ბაქრაძე და დევიდ ბლოსი პროექტ "ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის" საიტზე ამასთან დაკავშირებით დაწვრილებით ანალიზს აქვეყნებენ. გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია "ნეტგაზეთის" ქართულენოვანი გრაფიკული გამოსახულება ანალოგიური სტატიის შესახებ მომზადებული მასალიდან.
ბიძინა ივანიშვილის მთელი ქონება სეიფებში არაა დამალული
ნინო ბაქრაძე, დევიდ ბლოსი
მისი შუშის სახლი 10033 კვ.მეტრის ფართობით წამომართულია დედაქალაქის თავზე, სადაც ის რუსეთიდან პრემიერ-მინისტრად დაბრუნდა. რუსეთში კი ის სრულიად ახალგაზრდა წავიდა და იქ მილიარდობით დოლარი დააგროვა, სანამ 2004 წელს საქართველოში დაბრუნდებოდა.
ასევე არაა დაფარული კვალი მისი ფულის საცავისა და ინვესტიციებისა. როგორც 2012-2013 წლებში პრემიერ-მინისტრს, მას უნდა წარმოედგინა ოფიციალური დეკლარაციები ქონების შესახებ. 72 გვერდზე ჩამოთვლილია უძრავი ქონების ათობით ობიექტი, აქციები, საბანკო ანგარიშები და ბიზნესები. მაგრამ მისი იმპერიის ერთი კომპანია Lynden Management Ltd ამ დეკლარაციებში არ შესულა.
ივანიშვილს ეს კომპანია იმდენად შორს ჰქონდა, რომ მთელი 4 წლის განმავლობაში თავის წარმომადგენლებს არ აძლევდა უფლებას, გაეგზავნათ პასპორტის ასლი და დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართს Mossack Fonseka-ში, რომელიც პანამაში მდებარეობს.
ესაა ოფშორული აღმასრულებელი ორგანიზაცია რომელმაც დაარეგისტრირა Lynden Management Ltd 2006 წელს. კომპანია Lynden Management იმითაა საინტერესო, რომ ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა ახლახანს დაკარგეს 100 მილიონი დოლარი სხვა კომპანიაში - Raptor Pharmaceuticals-ში, რომლის აქციებსაც ის ფლობს სხვა კომპანიების მეშვეობით, ეს კომპანიები კი დაკავშირებულნი არიან Lynden Management-თან.
Mossack Fonseca-ს სჭირდებოდა ივანიშვილის პასპორტის ასლი და დოკუმენტი საცხოვრებელი ადგილის მისამართით, რათა დაეკმაყოფილებინა ფინანსური გამოძიებების სააგენტოს 2011 წლის მოთხოვნა და იმისთვისაც, რომ შესაბამისობაში ყოფილიყო 2012 წლის შესწორებებთან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კოდექსში.
მის უარს შეიძლება თვალი მიადევნოთ ათობით შეტყობინებებში ელექტრონულ ფოსტაზე და თანდართულ დოკუმენტებში 2011-2015 წლებში, რომლებიც გერმანულმა გაზეთმა Suddeutsche Zeitung-მა მოიპოვა და შემდეგ გაავრცელა ჟურნალისტ-გამომძიებლების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ 82 ქვეყანაში.
Suddeutsche Zeitung-მა ეს ფაილები ანონიმური წყაროდან მიიღო და გაუზიარა ზემოთხსენებულ კონსორციუმს. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი იყო აღიარებული ბენეფიციარ-მფლობელი კომპანია Lynden Management-ისა 2011 წელს, შემდეგი 4 წელი Mossack Fonseca ცდილობდა, მოეპოვებინა ივანიშვილის პასპორტის ასლი, რაც აუცილებელი იყო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ არსებული კანონების შესასრულებლად.
2015 წლის აგვისტოში მათ, როგორც იქნა, მიიღეს პასპორტის ასლი, თუმცა 2015 წლის სექტემბრისთვის მათ არ ჰქონდათ დოკუმენტი საცხოვრებელი ადგილის მისამართის შესახებ. Lynden Management-ისა და სხვა სტრუქტურების მეშვეობით ივანიშვილი და მისი პარტნიორები აკონტროლებდნენ Raptor Pharmaceuticals-ის აქციების 20%-ს.
ესაა უზარმაზარი ამერიკული კომპანია მჩქეფარე წარსულით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. 2015 წელს კომპანია Raptor-ი დაზარალდა იმის შედეგად, რომ ვერ მიიღეს დადებითი შედეგები საბავშვო პრეპარატის კვლევებში არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის - ღვიძლში ცხიმების დაგროვებით გამოწვეული ანთების წიინააღმდეგ.
ამის შედეგად ივანიშვილმა დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაკარგა. მან სარჩელი შეიტანა სასამართლოში Credit Suisse Bank-ის (შვეიცარია) წინააღმდეგ, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ამ ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უკანონოდ დაუმალა ივანიშვილს ინფორმაცია სარისკო ინვესტიციების შესახებ.
ბანკის თანამშრომელი დადანაშაულებული იყო ივანიშვილის ანგარიშიდან თანხის მოხსნასა და მის გადარიცხვაში "გაზპრომთან" დაკავშირებული უცნობი რუსი მოქალაქეების ანგარიშებზე. ეს დანაკარგი ივანიშვილისთვის, რომელმაც თავისი ქონება მოიპოვა საბანკო საქმიანობითა და სამთო საბადოებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შედარებით მცირეა.
ჟურნალ Forbes-ის 2016 წლის მონაცემებით მისი ქონება 4,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 400 მილიონი დოლარით ნაკლებია, ვიდრე შარშან. 2011 წელს Mossack Fonseca-ს სინგაპურის ოფისი სამი კვირის განმავლობაში ატყობინებდა მთავარ ოფისს პანამაში, რომ ივანიშვილი იყო ბენეფიციარი-მესაკუთრე კომპანიისა. პანამის ოფისიდან კი უპასუხეს: "თუ ჩვენ დავიწყებთ სპეციალურ გამოძიებას ამ კომპანიის შესახებ და ვერ წარმოვადგენთ საჭირო ინფორმაციას, ჩვენ შეიძლება დაგვსაჯონ ადმინისტრაციული სასჯელითა და ჯარიმებით".
ვერც ივანიშვილის შვეიცარიელმა ადვოკატმა და ვერც მისმა ფინანსურმა წარმომადგენლებმა არ უპასუხეს კითხვას, თუ რისთვის შეიქმნა კომპანია Lynden Management, რა ბიზნესითაა იგი დაკავებული და რატომ დასჭირდა ამდენი დრო პასპორტის ასლის წარდგენას.