
„რას აპირებს ხელისუფლება და როგორ“, რამდენად ერთგულია იგი წინასაარჩევნო დაპირებების ან დემოკრატიული ღირებულებებისა, ყველაზე ზუსტად იმ სახელმწიფო ორგანოში ჩანს, რომელიც, ტრადიციულად, ნაკლებ ყურადღებას იპყრობს ხოლმე არჩევნებიდან - არჩევნებამდე.
თვით არჩევნების დღეს იცოცხლე, - სავსეა ჟურნალისტებით და ანალიტიკოსებით ცესკო-ს ოფისი. არადა, სინამდვილეში, სწორედ არჩევნებს შორის პერიოდია ყველაზე მნიშვნელოვანი: მაშინ „მზადდება“ რაც მზადდება და იკვეთება ძირითადი ტენდენციები, ეწყობა გეგმები და „მაგრდება პოზიციები“.
ამ პოზიციებიდან ბევრად იოლია შემდეგ შეტევის განხორციელება. ხოლო როცა არჩევნების დღეს ბევრს ეჩვენება, თითქოს ყოველივე ლოგიკური და იოლად გასათვლელია, სინამდვილეში ადრე ჩაწყობილის რეზულტატია! ანუ, მთავარი შედეგი კი არაა, არამედ პროცესი. ეს პროცესი კი არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ცნობილი ხრიკია, რომ მოწინააღდეგეს (ამ შემთხვევაში, სამართლიან არჩევნებს მოწყურებულ საზოგადოებას) ჯერ უნდა მოახვიო თავს ანუ „შეაპარო“ სასურველი პროცესი, შემდეგ კი, როცა ამ პროცესს ლოგიკური შედეგი მოჰყვება, მიამიტად აიჩეჩო მხრები: ყველაფერი ხომ იოლად გასათვლელი, მოსალოდნელი და კანონიერი იყო, ანუ, თამაშის წესებს მთლიანად შეესაბამებოდა.
ისე, ნებისმიერ თამაშს მოიგებ, თუ თამაშის წესებსაც თავად დაადგენ, მსაჯსაც თავად დანიშნავ და სააპელაციო არბიტრაჟსაც!
ცნობილი გამონათქვემის შესაბამისად, „არჩევნებს იგებს ის, ვინც ითვლის ხმებს“. ეს მაქსიმა მკვიდრად გაითავისა ყველა ხელისუფლებამ, დაწყებული შევარდნაძით, რომელმაც სხვათა შორის, ამჟამინდელი პარლამენტარი, მათემატიკოსი, აკადემიის ნამდვილი წევრი, ივანე კიღურაძე დანიშნა ცესკო-ს თავმჯდომარედ: აქაოდა, მათემატიკოსია, მიმატება - გამოკლება არ ეშლება და ხმებსაც კარგად დაითვლისო, რაც ცოტა ღიმილისმომგვრელი კი იყო, მაგრამ მასებისთვის დამაჯერებლად ჟღერდა,
მას შემდეგ ვინ აღარ იყო თავმჯდომარე, როგორ არ დალაგდ-გადალაგდ-გადმოლაგდა პარტიული წარმომადგენლობა, ვინ ვის არ გაურიგდა, რა თავხედური გაყალბებები არ მოხდა („თამაშის წესების“ დაცვით რასაკვირველია), მაგრამ ის რაც დღეს ტრიალებს ცესკო-ში, მაინც ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ისეთი მრავალგზის გაუპატიურებული საარჩევნო კოდექსის ქვეყნისთვისაც კი უპრეცედენტოა, როგორადაც საქართველო აქციეს 25 წლის განმავლობაში ქართველმა პოლიტიკოსებმა და მმართველმა პარტიებმა.
ბოლო ისტორიულ ეპოქაში მათ არასამთავრობო სექტორიც დაემატა. უნდა ითქვას, რომ ამ ნოვაციის ავტორი ნაციონალური ხელისუფლება იყო, თუმცა არსი ამით დიდად არ შეცვლილა: უბრალოდ, ენჯეოშნიკთა „ყუათიანად დაპურებულმა“ ნაწილმა საკუთარი „საძოვარი“ მოზომა, თუმცა დაწინაურების შემდეგ, არც ნაკლები პოლიტიკური კორუფციით, არც ნეპოტიზმით არ გამოირჩეოდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სწორედ ამის დადასტურებაა ბოლოდროინდელი აღვირახსნილობა: კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ინფორმაციით, ცესკო-ს ამჟამინდელმა თავმჯომარემ, თამარ ჟვანიამ 2014 წლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ხელფასის სახით 130 ათას 727 ლარი მიიღო! ამავე პერიოდში, ე.წ. დანამატის სახით 56 ათას 855 ლარი მიითვალა.
მისმა სამივლინებო ხარჯებმა კი 47 ათას 810 ლარი შეადგინა. თავად ქალბატონი თამარი მკაცრად გვმოძღვრავს ტელეეკრანიდან, რომ თურმე „დანამატი პრემია არ არის“. თითქოს დიდი განსხვავება იყოს და ლარისგან განსხვავებულ კუპონებთან გვქონდეს საქმე, რომელთაც „გუდვილ“-ში არ იღებენ ან დოლარზე არ ცვლიან ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში.
ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტს, „ცესკოს“ ხელმძღვანელის „შენახვა“ 292 ათას 75 ლარი დაუჯდა. სევდიანი ღიმილის მომგვრელია, რომ იმავე ივანე კიღურაძის რეალური სარგო ალბათ ამის მეათასედსაც არ შეადგენდა.
„იმიტომაც ტარდებოდა კარგად მაშინ არჩევნებიო“.
და ახლა როგორ ჩატარდება? ბოლოს და ბოლოს, ხელფას-დანამატშიც არ არის საქმე. არავის ახსოვს, რომელიმე „არაენჯეოშნიკი“ პროფესიონალი ცესკო-მენეჯერისთვის დაებრალებინათ ის, რაც ახლა ხდება თამარ ჟვანიას ირგვლივ, რომელმაც, არასამთავრობო ორგანიზაციათა ცნობით, საკუთარ უწყებაში დაასაქმა შვილები - ცისია ყაველაშვილი და გიორგი ყაველაშვილი, შვილის მეჯვარე – თამუნა ბატიაშვილი, შვილის მეგობარი თათია ზარქუა, და – ნათია ჟვანია, სიძის და - ნინო ყავრელიშვილი, მაზლის ცოლი – ლეილა სიბაშვილი, სიძის ნათესავი – ტარიელ ნათენაძე და ქმრის ნათესავი – ირინა ბუზალაძე.
როგორც ჩანს, ეს არის „ფასი“, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა გადავიხადოთ იმაში, რომ გვეწია უდიდესი ბედნიერება და როგორც იქნა „საქმის პროფესიონალი“ ჩაუდგა სათავეში საარჩევნო კომისიას. არადა, თვით ეს არგუმენტი („პროფესიონალიზმის“ შესახებ) პირწავარდნილი დემაგოგია იყო ნაციონალების დროსაც და დღესაც: „ცესკო“-ს პირველ რიგში პატიოსანი (!) და უნარიანი მენეჯერი სჭირდება, თორემ ხმების დათვლას რაც შეეხება, ამას აკადემოკოსი ივანე კიღურაძე ყველაზე უკეთ მოახერხებდა. როგორც ამბობენ, ზეპირად ამრავლებდა შვიდნიშნა ციფრებს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთავარი სისტემაა და პოლიტიკური კორუფციის არარსებობობა! თუმცა, ჩვენში კორუფცია მხოლოდ მექრთამეობად ესმით, რაც ძალიან გამარტივებული წარმოდგენაა. კორუფცია მჟღავნდება უთქმელ თუ დათქმულ გარიგებებში: როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე ასე აშკარად ბედავს ნეპოტისტურ გადაწყვეტილებებს და, იმავდროულად, არსებობს უტყუარი სიმპტომები სახელისუფლებო პარტიის ინტერესთა ლობირებისა, - ეს უკვე ლპობაა!
და ვერანაირი პროფესიონალიზმი ან ენჯეოშნიკური წარსული ამას ვერ გადაფარავს. ცესკო-მ საარჩევნო კომისიების დიდი წმენდა ჩაატარა: ერთდროულად ასეულობით მოხელე გაუშვეს (რა უცნაური ტერმინი გვაქვს ქართულ სემანტიკაში, - თითქოს დაბმულნი იყვნენ და ახლაღა გაუშვეს), სამაგიეროდ მიიღეს „სწორი“ კანდიდატები მმართველი კოლიციის რეკომენდაციებით. თითქმის ყველა ადმინისტრაციულ რგოლში ჩანაცვლდა კადრები უფრო სანდო და “სწორადმოაზროვნე” მოხელეებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც ყველაზე საინტერესოა, ამ გარიგებაში მმართველი კოალიციის წევრი ის დემოკარტიულ-ევროატლანტიკური პარტიაც მონაწილეობდა, ათეულობით წელია ყურები რომ გამოგვიჭედა პატიოსანი და გამჭვირვალე არჩევნების მოთხოვნით. მათი „აიათოლლების“ კურთხევის გარეშე, თამარ ჟვანია ნამდვილად ვერ გახდებოდა „ცესკო“ - ს თავმჯდომარე. ამიტომაც აქ გასაკვირი ან მოულოდნელი ისევ არაფერია. სასაცილოც კია საუბარი „პარტიულ კადრებზე“:
ცოლზე, ცოლის-ძმაზე, შვილზე, მაზლზე, მულზე ერთგული თანაპარტიელი ვინ შეიძლება იყოს? საქართველოში ხომ ოჯახი ყველაზე ძლიერი „პარტიაა“ - თვით ოჯახის დანგრევამდე რასაკვირველია, თუმცა ამას სხვა მიზეზები აქვს ხოლმე, რომელიც საარჩევნო-დემოკრატიულ პრობლემატიკას ნაკლებად უკავშირდება.
ხოლო როდესაც ოჯახი სახელმწიფო ინსტიტუტთა საკადრო საყრდენი ხდება, უფრო სიცილიურ ელფერს და შინაარსს იძენს. ამ ფონზე კიდევ უფრო კომიკურია ლექციები იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა „დანამატსა“ და „პრემიას“ შორის.
ხსენებული ოჯახისთვის შემკვეთს დიდი მნიშნელობა არა აქვს: იყო „ნაციონალური მოძრაობა“, იქნება „ოცნება“. ეს არის და ეს. სამაგიეროდ, უკვე „პროფესიონალიზმითა“ და ჩარჩოში ჩასმული უამრავი დასავლური სიგელით დამოწმებული.
როგორც აღმოჩნდა, „გრანტიჭამია ენჯეოშნიკები“, მთელი მათი გამოცდილებისა და ინგლისურის მიუხედავად, დიდად არ განსხვავდებიან ყველა წინა ხელისუფლებისდროინდელი ბობოლებისგან, რომლებსაც პარტიულ ოფისებში ყავის სმის, ჩაწყობის, მიწერის, ჩაყრის, გარიგების, შუამავლობის, „კარუსელებისა“ და პროვოკაციების უდიდესი გამოცდილება ჰქონდათ. შესაბამისად, ის პროფესიონალიზმიც არ აკლდათ, რაც სინამდვილეში სჭირდება ნებისმიერ ხელისუფლებას საქართველოში.
თორემ ბევრ ნორმალურ (დასავლურ) ქვეყანაში არჩევნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს და ეს არავის უკვირს.
“ჯი-ეიჩ-ენი“, გოჩა მირცხულავა