
პოლიტოლოგი, განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია "ფეისბუქში" წერს, რომ გოგი თოფაძემ გიორგი მარგველაშვილის ადრინდელი სტატია "წააკითხა", სადაც "ინტელექტუალი მარგველაშვილი" ქართველ ერს აფასებს, თუმცა, ნოდიას თქმით, იმ წერილში საბოდიშო არც არაფერია. საუბარია გიორგი მარგველაშვილის ცნობილ წერილზე "ნიჩურტა! მე ქართველი ვარ!".
"გოგი თოფაძემ ერთი საქმე კი გამიკეთა - გიორგი მარგველაშვილის 2001 წელს გამოქვეყნებული სტატია წამაკითხა. საკმაოდ საინტერესო სტატია აღმოჩნდა - უკეთესი, ვიდრე ველოდი (მარგველაშვილი-პოლიტიკოსის გამოსვლებმა უფრო დაბალ სტანდარტებს მიმაჩვია). გარდა ამისა, თოფაძის წარმოთქმული ფრაზისგან განსხვავებით, მასში რომელიმე ინდივიდის მიმართ არაკორექტულიც არაფერი წერია და ბოდიშიც არაფერზე აქვს მოსახდელი. აი, ყველაზე მწვავე პასაჟი:
„დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია – გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით – ანუ ფაქტიურად მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ ფორმამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისათვის შესაფერისი აზროვნება – აი საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა.“
ამის შემდეგ მარგველაშვილი განმარტავს, რომ ეს შეფასება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს მის შემადგენელ ინდივიდებზე, რადგან (ამაში მიხაკო წერეთელს იმოწმებს) ერი მეტია, ვიდრე ინდივიდების ჯამი.
შეიძლება ეს აბზაცი მაინც შოკისმომგვრელად მოეჩვენოს ვინმეს (რაც, გარკვეულად, არის კიდეც ტექსტის მიზანი), მაგრამ დაშოკილმა ისიც უნდა გაიხსენოს, რომ ეს სენტენცია სულაც არ არის უფრო მწვავე, ვიდრე ბევრი რამ, რაც ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, დიმიტრი უზნაძეს, სერგი დანელიას, კონსტანტინე კაპანელს და მრავალ სხვას უთქვამს. ევროპელ ინტელექტუალებს როგორ ულანძღიათ თავისი ერები, ეს კიდევ სხვა საკითხია.
(საინტერესოა აგრეთვე, ერთ-ერთი ბოლო ფეისბუქ-სკანდალი რომ გავიხსენოთ, რომ მოყვანილი აბზაცის შინაარსი გამოდგება საკმაოდ ზუსტ განსაზღვრებად იმისა, რასაც ლევან ვარაზმა ქართველი ხალხის „პედომორფოზი“ დაარქვა. ეს ისე, გამახსენდა უბრალოდ).
რა თქმა უნდა, ერის, როგორც მთლიანობის ასეთი განზოგადებული შეფასებები ყოველთვის სარისკოა და მკაცრ ემპირიულ შემოწმებებს ნაკლებად უძლებს. მაგრამ ეს სხვა ჟანრია - სოციოლოგია კი არა, ინტელექტუალური პუბლიცისტიკა, სოციალური კრიტიკა, რაც გინდა დაუძახე. შეიძლება შევუტრიალოთ ავტორს მისივე სტატიის სხვა ფრაზა:
„ქართველები, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, პოლუსურ, “ზე” რეგისტრში აფასებენ თავის თავს, ან ძალიან კარგები, ან ყველაზე ცუდები“ და ვთქვათ, რომ მისივე შეფასება, უკიდურესობების „ქართული“ სიყვარულის მაგალითია. შეიძლება. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ გასაკვირი, პრინციპულად ახალი, და ბოდიშის მოსახდელი აქ არაფერი წერია, თორემ დათანხმება სულ არ არის საჭირო.
თუმცა, არის კიდევ ერთი მომენტი, რაშიც თოფაძის ნათქვამსაც ჰქონდა ჭეშმარიტების მარცვალი. ერთია, როდესაც ერზე, როგორც მთლიანობაზე, ინდივიდუალური ინტელექტუალი წერს, მეორეა, როცა იგივე ერი პირადად შენ პრეზიდენტად გირჩევს. ხომ არ გამოდის, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევა სწორედ ქართველი ერის ინფანტილიზმის გამოხატულებაა, ანუ იმ თვისებებისა, რასაც მანამდე ინტელექტუალი მარგველაშვილი ამხელდა? „მსუბუქი კოლექტიური დებილობა“ რომ არა, ბიძინა ივანიშვილს და, შემდეგ, მისი რეკომენდაციით, მარგველაშვილს, ხალხი აირჩევდა? მე მგონი, ლეგიტიმური შეკითხვაა. აი, ეს უნდა ეკითხათ პარლამენტში პრეზიდენტისთვის.
იგივე შეკითხვა ეხება, რა თქმა უნდა, იმ ბრძენ კაცს, ბიძინასაც: როცა ის ამბობს, რომ ქართველი ხალხი ვერ არის მთლად მოწიფული პოლიტიკურ საკითხებში და ხანდახან მთლად სწორ არჩევანს ვერ აკეთებს, აქედან ხომ არ გამოდის, რომ სწორედ ამ უმწიფრობას უნდა უმადლოდეს ბატონი ბიძინა საკუთარ პოლიტიკურ წარმატებას?", - წერს გია ნოდია.