აკაკი ბაქრაძე: რუსეთი კეთილმეზობლურ ურთიერთობას მხოლოდ მაშინ აირჩევს, როცა იმპერია დაიშლება

Image

1998 წელს გამოქვეყნებულ აკაკი ბაქრაძის პუბლიცისტურ წერილში "მთავარია დავიბრუნოთ ღირსება" განხილულია იმდროინდელი ვითარება რუსეთთან ქართული საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების კუთხით. მაშინ ბაქრაძის მიერ გამოთქმული მოსაზრებები დღესაც აქტუალურია. "აფხაზეთის ხმა" წერილის ფრაგმენტს გთავაზობთ.

 

"ერთხელ რევაზ გაბაშვილის მოგონებებში _ «რაც მახსოვს» _ დაუჯერებელი რამ წავიკითხე. ეს მაშინ მომხდარა, როცა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულებით რუსეთის ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოს ტერიტორია, ქართველთა უკითხავად, თურქეთს დაუთმო. ვითარების მოსაწესრიგებლად ტრაპიზონის კონფერენციაც გაიმართა. მაგრამ იგი ქართველთა მარცხით დამთავრდა. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებითა და ტრაპიზონის კონფერენციის მარცხით გათამამებული თურქეთის არმია ბათუმსაც დაპყრობით დაემუქრა. ქართველ პოლიტიკოსებს თავგზა აერიათ. თავწაჭრილი ქათამივით ფართხალებდნენ. აქეთ-იქით აწყდებოდნენ საშველის ძებნაში.

 

მაშინ გენერალი ვასილ გაბაშვილი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, გამოცდილი და გამობრძმედილი მეომარი, მისულა ქართველ პოლიტიკოსებთან და უთქვამს _ ბათუმის ციხესიმაგრეს ისე ვიცნობ, როგორც ჩემს ხუთ თითს. მომეცით სამი ათასი ჯარისკაცი და სიტყვას გაძლევთ, თურექთის ჯარი კი არა, ჩიტიც ვერ გადმოფრინდებაო საზღვარზე.

 

ევგენი გეგეჭკორი, დემოკრატიული საქართველოს მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი, საშინლად აღშფოთებულა, ეს სიტყვები რომ გაუგონია.

 

«_ რას ბრძანებთ, ბატონო გენერალო, თქვენი თავი საშუალო საუკუნეებში ხომ არა გგონიათ, _ ზარბაზნებსა და ციხეებზე გველაპარაკებით? ან სადა გვყავს ჯარი?! ბათუმში ჯარი კი არ უნდა წავიყვანოთ, არამედ ხალხი. იქ საპროტესტო მიტინგები გავმართოთ და, როცა ოსმალები დაინახავენ, რომ მთელი ქართველი დემოკრატია წინააღმდეგია მათი, _ დღეს დემოკრატიის ხანაა და ოსმალეთის დემოკრატიაც ჩვენი ძმები არიან, _ ისინი ვერასოდეს ვერ გაბედავენ ბათუმში შესვლას» («დაბრუნება», ტ.3, 1992 წ., გვ.199).

 

ჯარის მაგიერ მიტინგები. თავდაპირველად გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ ამგვარი სიბრიყვე შეიძლებოდა ეთქვა პოლიტიკოსს. ვიფიქრე: რევაზ გაბაშვილს, პარტიულობით ეროვნულ-დემოკრატს, სძულდა სოციალ-დემოკრატები და ამას მათი სახელის გასატეხად ამბობს-მეთქი. მაგრამ მერე ჩემთვის ცხადი გახდა, რომ რევაზ გაბაშვილი იოტის ოდენადაც არ აჭარბებდა. ჯარის მაგიერ მიტინგები _ ქართული პოლიტიკის «აღმოჩენა» და «თავისებურება» ყოფილა.

 

მიუნხენში «ბაიერიშეს ჰაუპშტაატსარხივში» (ბავარიის სახელმწიფო მთავარი არქივი) ინახება არტილერიის გენერლის ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინის მოგონებანი _ «ჩემი მისია კავკასიაში». იგი 1918 წელს საქართველოში, კერძოდ, და, საერთოდ, კავკასიაში გერმანიის სამხედრო მისიას ხელმძღვანელობდა. გერმანელი გენერალი ადასტურებს: მართლაც არ სურდათ, თურმე 1918-21 წლებში საქართველოს სოციალ-დემოკრატ ხელმძღვანელებს არმიის შექმნა. მტრებს მიტინგებითაც იოლად გავუსწორდებითო, _ ამტკიცებდნენ.

 

ქართველი პოლიტიკოსების «სიბრძნით» გაოგნებულა გერმანელი და უფიქრია: ეს უბედური ქვეყანა შეშლილებს ჩავარდნიაო ხელში.
მათი მმართველობის შედეგიც ბუნებრივია: საქართველომ, რომელსაც ბრძოლისუნარიანი არმია არ ჰყავდა, ერც შეძლო თავდაცვა. ბოლშევიკ-კომუნისტურმა რუსეთმა ადვილად მოახერხა მისი ისევ დაპყრობა. მას მერე 80 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ არმიის შექმნისადმი დამოკიდებულება საქართველოში არსებითად არ შეცვლილა. ისეთ სასხვათაშორისოდ კეთდება ეს საქმე. ისევ მიტინგებით ფიქრობენ ომის მოგებას. ისეთ «ხალხთა ძმობის» ზღაპრების მოყოლა გრძელდება. ამგვარ საქმიანობას, როგორც წესი, ყოველთვის საქართველოს საბედისწერო დამარცხება მოაქვს.

 

დღესაც დამარცხებულია საქართველო. მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი მტერს აქვს დაპყრობილი. ამ ტერიტორიის დაბრუნების იმედის ნაპერწკალიც კი არსად ჩანს. დაბრუნება კი არადა, თუ ჩვენ ისეთი არმია ვერ შევქმენით როგორიც ისრაელს ჰყავს შესაძლებელია ჩვენი ქვეყანა იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რაშიც მე-18 საუკუნის ბოლოს იყო, როცა ქართულმა სახელმწიფომ რუსეთის კალთაში დალია სული. გახსოვთ, რა უთხრა ტარას ბულბამ ანდრის, სანამ მოკლავდა? «მე გშობე, მევე უნდა მოგკლა».

 

რუსეთმა დაშლილ-დანაკუწებული ქართული სამეფო-სამთავროები დაიკავა. იგი თვლის, რომ ტერიტორიულად საქართველო მან გააერთიანა (სამწუხაროდ, უმეცრების გამო ბევრი ქართველი პოლიტიკოსიც იმეორებს ამას თუთიყუშივით). იმას კი რუსებიც მალავენ და ქართველებიც, რომ რუსეთი საქართველოს კი არ აერთიანებდა, არამედ იმპერიის საზღვრებს აფართოებდა. ამას უტყუარად ადასტურებს ის პოლიტიკა, რომელსაც მე-19 საუკუნეში რუსეთი ატარებდა საქართველოში. ამ პოლიტიკას ქართველი ხალხის სულიერი, ეთნიკური და რელიგიური დაშლა ერქვა სახელად. იგი მეტად ინტენსიურად მიმდინარეობდა.

 

ამის დასაბუთებით თავს არ შეგაწყენთ. ვისაც მართლა აღელვებს საქართველოს ბედ-იღბალი, იმან ეს კარგად იცის. მარტო იმას გაგახსენებთ, როგორ ხდებოდა მე-19 საუკუნეში საქართველოში და თბილისის მოსახლეობის აღწერა. აღწერილია ასე _ ქართველები, იმერლები, ხევსურები, ფშავლები, გურულები, მეგრელები, აჭარლები და ა.შ. ამის ნიმუშებს ნებისმიერ სტატისტიკურ ცნობარში იპოვნით. ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაშიც კი. როგორ ფიქრობთ, _ რუსმა სპეციალისტებმა არ იცოდნენ, რომ აქ ჩამოთვლილი ტომები ერთიან ქართველ ხალხს შეადგენდნენ?

 

რა თქმა უნდა, იცოდნენ. მაგრამ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას ჭირდებოდა ქართული ეროვნული სხეულის დაშლა და შლიდნენ. ეს პოლიტიკა გრძელდებოდა ბოლშევიკურ-კომუნისტური რეჟიმის დროსაც. ამის შედეგია ერთი ციცქნა საქართველოში ავტონომიები. ქართული მიწა-წყლის გადაცემა სხვისათვის.

 

ასე, რომ «მეგობარი» რუსეთი ტარას ბულბასავით ეუბნება საქართველოს: მე გაგაერთიანე და მევე დაგანაკუწებ. ქართული პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კი ალერსიანად შესციცინებს თვალებში რუსეთს და ყმური ერთგულებით უდასტურებს _ მართალი ბრძანდებითო. ადამიანი ან უზომოდ ემინი უნდა იყოს ან უნუგეშოდ აბუეტი, რომ დაიჯეროს რუსეთს საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეოცნებებაო.

 

რუსეთი იყო საქართველოს მტერი და ასეთად დარჩება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ირწმუნებს, რომ მისი დიდი იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დაიშალა. როცა ამას დაიჯერებს, მერე აირჩევს კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მანამდე კი არა..."

 

აკაკი ბაქრაძე, "მთავარია, დავიბრუნოთ ღირსება", 1998

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !