
უკრაინული მედიის ნაწილმა, ასევე აქტიურმა ბლოგერებმა იქ დაწყებულ პროცესს, რომელიც სახავტოინსპექციის ჩანაცვლებას ითვალისწინებს საპატრულო პოლიციით, ხატოვნად, „გენოციდს“ მიმსგავსებულად, ГАИციდი შეარქვეს.
დავიწყოთ იმით, რომ შს მინისტრმა უკვე გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუოპოლის სახელმწიფო ავტოინსპექციის ყველა - 625 თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან და გადაყვანილია კადრების განკარგულებაში - 7 ივლისიდან ბრძანება ძალაში შედის.
მანამდე კი იყო კიევში, ქუჩებში გამოსული საპატრულო პოლიციის პირველი ორი დღე - დაუვიწყარი, ხალხის აღტაცებით სავსე დღეები ახალი პატრულ-პოლიციელებისთვის, რომლებთანაც გადაღებულმა სელფებმა სრულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
სელფებთან ერთად, ცხადია, საქმეც კეთდებოდა - პოლიციელებმა რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს, შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ოქმები.
უკრაინული მედია ქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის შეიარაღების, მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რაც, ვფიქრობთ, ქართველი მკითხველისთვისაც არ იქნება უინტერესო:
რისი უფლება აქვთ და რა შეუძლიათ პოლიციელებს:
აღჭურვილობა - რეზინისა და პლასტიკური ხელკეტები, ელექტროშოკი, ხელბორკილი, გაზის ბალონები, ტრანსპორტის შესაჩერებლად განკუთვნილი ე.წ. კაქტუსები, შესაღები სითხეები დანაშაულის ადგილის მოსანიშნად, მანათობელ-ხმოვანი ყუმბარები, აკუსტიკური და მიკროტალღური დასხივების აპარატები, საკვამლე საშუალებები, ტრავმატური და საბრძოლო იარაღი, წყლისმფრქვეველი და ჯავშანმანქანები.
პოლიციელებს უფლება აქვთ:
შეამოწმონ პირადი დოკუმენტები, ჩაატარონ დაკითხვა, ზედაპირული ჩხრეკა, გააჩერონ სატრანსორტო საშუალება, შეზღუდონ მოქალაქეთა ან/და ტრანსპორტის გადაადგილება, შევიდნენ საცხოვრებელ ადგილას, შეამოწმონ სანებართვო დოკუმენტაცია, აწარმოონ ფოტო და ვიდეოგადაღება.
როდის შეუძლიათ ისროლონ იარაღიდან:
გაფრთხილების შემდეგ: პოლიციელზე თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეთა დაცის მიზნით, მძევალთა გათავისუფლების მიზნით, დაცულ ობიექტებზე თავდასხმისას, დამნაშავის დაკავებისას, თუ ის მიმალვას ცდილობს, მოქალაქის დაკავებისას, როცა ის იარაღის გამოყენებით იმუქრება.
გაუფრთხილებლად: ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, თუ მოქალაქემ დაარღვია დისტანცია, რომლის შენარჩუნებაც პოლიციელმა უბრძანა, თუკი მოქალაქე ცდილობს, პოლიციელს იარაღი წაართვას, შეიარაღებული თავდასხმისას, თუკი დამნაშავე ცდილობს, მიიმალოს ავტომობილით.
მათი ვალდებულებაა:
არ დაარღვიონ მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლება, გაუწიონ დახმარება, მათ შორის, სამედიცინო, დანაშაულისა და საგანგებო სიტუაციის შედეგად დაზარალებულებს, მოქალაქისთვის მიმართვის დროს დაასახელოს ვინაობა, თანამდებობა, წარმოადგინოს სამსახურებრივი მოწმობა, აუხსნას დაკავების ან ტრანსპორტის გაჩერების მიზეზი, გააფრთხილოს იარაღის ან ძალის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, აუხსნას დაკავებულს მისი უფლებები.
მოამზადა ლაშა ბერულავამ