
მოსკოვის ერტერთი ცენტრალური - ტვერის (ყოფილი გორკის) ქუჩა ნაწილობრივ დაიტბორა გადაუღებელი წვიმის შედეგად. ქუჩაზე მოძრაობა პარალიზებული იყო. წინასწარი ინფორმაციით, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემამ წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა.
ბევრად უარესი მდგომარეობა იყო ქალაქ კურსკში, რომელიც მოსკოვიდან სამხრეთით, 530 კმ-ში მდებარეობს. დღის განმავლობაში იქ გადაუღებლად წვიმდა, საღამოსკენ კი ქალაქი, პრაქტიკულად, წყლით დაიფარა, რომლის სიმაღლე მსუბუქი ავტომანქანების სახურავს აღწევდა. ქალაქში გამოირთო ელექტროენერგია, არ მუშაობდნენ შუქნიშნები. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო აცხადებს, რომ კურსკში წყლის დონის მომატება კოლექტორთა გაუმართავმა მუშაობამ განაპირობა. სოციალურ ქსელებში რამდენიმე ვიდეო გავრცელდა. სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქს 58 მმ ნალექი მოვიდა, რაც კურსკისთვის ძალიან დიდი მაჩვენებელია (ცნობისთვის, მდ. ვერეს ადიდების მომენტისთვის 3,5 საათის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ ვერეს კალაპოტში 100 მმ-დე ნალექის ჩაღვრა განაპირობა, - რედ.). სამინისტრო აცხადებს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და რომ კურსკისთვის მსგავსი წყალდიდობა დამახასიათებელია.
ვიდეო: მეტროსადგურ "იუჟნაიას" მიმდებარე ტერიტორია მოსკოვში