
არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აქვეყნებს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების ანალიზს და მიდის დასკვნამდე, რომ წყნეთში ჩამოწოლილ მეწყერს კატასტროფაში დიდი როლი არ მიუძღვის, ხოლო ვერეს ადიდების მიზეზი თავსხმა წვიმაა.
CENN-ის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ვერეს ადიდების შედეგად წარმოქმნილი ნიაღვრის გამტარიანობა ვერ უზრუნველყო გასული საუკუნის 30-იან წლებში და 1959 წელს აგებულმა გვირაბებმა, რამაც ზოოპარკისა და ახალი გზის ნაწილის დატბორვა გამოიწვია. დასკვნის მიხედვით, სწორედ პირველი გვირაბის დასაწყისში აიწია წყლის დონემ 5-7 მეტრით და გადავიდა ზოოპარკში ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, გადავიდა გმირთა მოედანზე და დაიწყო მოძრაობა ლაგუნა ვერეს მიმართულებით, ხოლო მეორე გვირაბის თავზე დაახლოებით 7 მ-ით მაღლა აწეულმა წყალმა დატბორა სვანიძის ქუჩა:
"აღნიშნულმა გვირაბებმა ორ დამოუკიდებელ მონაკვეთებად გაყო ტრაგედიის ზონა: გმირთა მოედნიდან ვაკე–საბურთალოს გზამდე და ვაკე საბურთალოს გზიდან სვანიძის ქუჩის ბოლომდე. მდინარის ხეობის პირველ მონაკვეთზე გაყვანილ ახალი გზის დაპროექტების პროცესში არ იყო გათვალისწინებული 1961 წელს მდ. ვერეზე ჩავლილი ასეთივე სიძლიერის კატასტროფული წყალდიდობის ფაქტი, რამაც მაშინაც გამოიწვია ზოოპარკის დაღუპვა. ეს ფაქტი რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, მაშინ ამ გზის პროექტის ავტორები დადგებოდნენ მისი ცალკეული მონაკვეთების აკვედუკებზე (5– 7 მ სიმაღლის ხიმინჯებიანი ნაგებობები) განლაგების აუცილებლობის წინაშე. ამით თავიდან იქნებოდა აცილებული ახალი გზის გავლენით მდინარის კალაპოტის გამტარუნარიანობის შეზღუდვა.
რაც შეეხება მეწყრებს, მათ მომხდარი კატასტროფის ხდომილებაში რაიმე არსებითი როლი არ მიუძღვით. დეტალურმა გეოლოგიურ–გეომორფოლოგიურმა გამოკვლევებმა და აეროგადაღების მასალებმა ეჭვიმიუტანლად დაადასტურა, რომ ბეთანია–ახალდაბის არეალში წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა, საბედნიეროდ, მდ. ვერეს კალაპოტის ძირამდე ვერ ჩაიტანა ისეთი მოცულობის მეწყრული მასალა, რასაც შეეძლო კალაპოტის ჩახერგვა და ნიაღვრების ხანგრძლივი დროით შეკავება."
"ნეტგაზეთის" მიხედვით