
ყველაფერი დაახლოებით 6-7 წლის წინ დაიწყო.
ემიგრანტმა ნინო ქარჩხაძემ მაკრიანის უბნის, წმინდა გიორგისა და წმიდათა უვერცხლოთა სახელობის ეკლესიაში გარდაცვლილი შვილისთვის პანაშვიდის გადახდა განიზრახა.
პრესვიტერმა (მღვდელი) მამა იოანე კერამიძისიმ შვილმკვდარ დედას გულისყურით მოუსმინა, ანუგეშა... დაინტერესდა მისი სახელით, რადგან საბერძნეთში ,,ნინო'' მამაკაცებს ჰქვიათ. ქალბატონმა ნინომაც უამბო საქართველოსა და წმინდა ნინოს შესახებ. მღვდელმა სთხოვა, თუ შეძლებთ, ოდესმე საქართველოდან წმინდა ნინოს პატარა ხატი მოაბრძანეთო''.
იმ დღის შემდეგ მამა იოანემ საქართველოსა და ქართველების შესახებ ინფორმაციების მოგროვება დაიწყო. დროთა განმავლობაში, ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარიც მიაბრძანეს. მალე მამა იოანე მამა გაბრიელის ისტორიით დაინტერესდა და ტაძარს კიდევ ერთი სიწმინდე - მამა გაბრიელის ხატი შეემატა.
მამა გაბრიელის სულიერმა შვილმა ნანა მერკვილაძემ კი ეკლესიაში წმინდანის უმკლავო პერანგიც ჩააბრძანა და მოგვიანებით, მამა იოანეს ინიციატივით, მამა გაბრიელის ცხოვრების შესახებ წიგნი ბერძნულ ენაზეც თარგმნა. ტაძარში, საბერძნეთში მცხოვრები 12 წლის ქართველი გოგონას მიერ დაწერილი მამა გაბრიელის ხატიცაა დაბრძანებული.
18-19 წლის ბერძენი გოგონა, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, ტაძარში იმ იმედით მიიყვანეს, იქნებ, შვება იგრძნოსო, მაგრამ იმას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გოგონა ყავარჯნებს სამუდამოდ დაემშვიდობებოდა. ერთ-ერთი წირვის შემდეგ მამა იოანემ მამა გაბრიელის ხატთან, ჯანმრთელობის პარაკლისი გადაუხადა. თვითმხილველები ამბობენ, პარაკლისის დასრულებისთანავე, გოგონამ ყავარჯნები მოისროლა და ნაბიჯი გადადგაო.
კიდევ ერთი სასწაული მამა გაბრიელის უმკლავო პერანგს უკავშირდება. ნინო ქარჩხაძეს ნაცნობმა ემიგრანტმა დაურეკა, ჩემს მულს მოტოციკლი დაეჯახა, უგონოდაა, ექიმები გადარჩენის იმედს ვერ გვაძლევენ და იქნებ საქართველოში გადაყვანაში დამეხმაროო. ნინომ მამა იოანეს სთხოვა, იქნებ მამა გაბრიელის შესამოსელი და ხატი ერთი საათით გამატანოთო. დათანხმდა მღვდელი.
ქალბატონმა ნინომ, პერანგი და ხატი უგონო ემიგრანტს გულზე დაადო და მამა გაბრიელს სთხოვა, 8 წელია ოჯახის წევრები არ უნახავს, მათი ნახვის შანსს ნუ გაუქრობ, გამოაჯანმრთელეო. ავადმყოფი, რომელიც მანამდე არაფერზე რეაგირებდა, ქალბატონ ნინოს ხელზე ჩაებღაუჭა, ნიშნად, რომ ესმოდა. ამ სასწაულმა ექიმებიც კი გააკვირვა. დღეს ეს ქალი ცოცხალია, საღ-სალამათი და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს.
„ვერსია“