
"რია ნოვოსტის" ქართული პრესცენტრის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქართველ ხალხსა და დიდი სამამულო ომის ვეტერანებს დამდეგ გამარჯვების დღეს ულოცავს.
"ძვირფასო ვეტერანებო! ძვირფასო, საქართველოს მოქალაქეებო! სულითა და გულით გილოცავთ დიადი გამარჯვების 69 წლის იუბილეს. ჩვენი მამებისა და პაპების უკვდავი გმირობა, რომელთაც სამშობლო და მომავალი თაობებისთვის მშვიდობა სასტიკ, სისხლიან ომში დაიცვეს, გმირული და ურყევი თავფურცელია რუსეთ-საქართველოს ერთიან ისტორიაში", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის წერილში.
ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, მრავალსაუკუნოვანი კავშირი, კულტურული და სულიერი სიახლოვე, მეგობრობისა და ურთიერთგაგების ტრადიციები დღეს უმნიშვნელოვანესი საწინდარია რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლობის აღსადგენად.
"ამ საზეიმო დღეს დიდი სამამულო ომის ვეტერანებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ, საქართველოს ყველა მოქალაქეს კი მშვიდობასა და აყვავებას", - ნათქვამია ვლადიმირ პუტინის წერილში.