
გიორგი თხელიძე, ნიკა ქურდიანი და დავით წიკლაური დღეს "თიბისი ბანკის" ვიცე-პრეზიდენტებად დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ისინი მსოფლიოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებში ტოპ-მენეჯერების პოზიციებზე მუშაობდნენ, თანამდებობები დატოვეს ისეთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციებში, როგორიცაა Barclays საინვესტიციო ბანკი, UniCredit Group და Deutsche Bank და "თიბისი ბანკში" სხვადასხვა მიმართულება ჩაიბარეს.
მისივე თქმით, გიორგი თხელიძე რისკების მართვას უხელმძღვანელებს, ნიკა ქურდიანი - მიკროსაფინანსოებს, დავით წიკლაური კი - კორპორატიულ მიმართულებას.
ამასთან, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის თქმით, ახალ თანამშრომლებს არავინ ჩაუნაცვლებიათ, არამედ ბანკის გუნდი სამი პროფესიონალით გაიზარდა.
"ძალიან მოხარულები ვართ, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად "თიბისი ბანკმა" მოახერხა ამ სამი წარმატებული ქართველის დაბრუნება საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ამით არა მხოლოდ ჩვენს ბანკს შემოემატა პროფესიონალთა გუნდი, არამედ მთლიანად ქართულ ეკონომიკას" , - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თავის მხრივ, "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ ბანკს ამბიციური გეგმები აქვს და ის უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.