
ბიუჯეტის 9 თვის გეგმის შესრულებას 1,8 მილიარდი ლარი სჭირდება, რისი 2 თვეში მობილიზებაც შეუძლებელია – ამის შესახებ 25 აგვისტოს გაზეთი „რეზონანსი“ წერს და აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 9–თვიანი გეგმის ჩავარდნა გარდაუვალია.
ბიუჯეტის ჩავარდნაში ლომის წილი ისევ გრანტებსა და საგარეო ვალდებულებებზე მოდის.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 7 თვის შემოსულობებმა 4,729 მილიარდი დოლარი შეადგინა, 9 თვის გეგმა კი 6,538 მილიონი ლარია. გეგმის შესასრულებლად 2 თვეში 1,809 მილიარდი ლარია საჭირო, ანუ თვეში 900 მილიონზე მეტი. სპეციალისტების განმარტებით, ამ რაოდენობის თანხის მობილიზება აქტიურ თვეებშიც კი წარმოუდგენელია, არათუ აგვისტოში.
გრანტებსა და საგარეო ვალდებულებებში ისეთი გარღვევაა, რომ წლის ბოლოს ამ კუთხით 50%–იანი შესრულებაც კი სათუო ხდება. კერძოდ, 9 თვის გეგმით ფინანსთა სამინისტრომ 123,715 მილიონი გრანტი დაგეგმა, 7 თვის მონაცემებით კი მხოლოდ 51 მილიონ ლარამდეა შემოსული ანუ გეგმის შესრულებას 73 მილიონი ლარი აკლია.
რაც შეეხება საგარეო ვალდებულებებს, 9 თვეში 1,119 მილიარდი ლარი უნდა შემოსულიყო, 7 თვეში კი ქვეყანას დონორებმა მხოლოდ 600 მილიონამდე გადმოურიცხეს, ანუ ამ შემთხვევაში გეგმის შესასრულებლად 500 მილიონ ლარზე მეტია საჭირო. სამაგიეროდ წარმატებით სრულდება შიდა ვალის ზრდა და 7 თვეში გეგმის 83% უკვე შესრულებულია.
დღეს ქვეყანაში ერთ–ერთი მთავარი პრობლემა უწყლობაა, ამ პრობლემისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 9–თვიანი გეგმის მიხედვით 89 მილიონ ლარამდე გამოიყო, თუმცა 7 ვეში მხოლოდ 29 მილიონ ნარზე ცოტა მეტია ათვისებული. ასევე მნიშვნელოვან პრობლემაზე, რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში 158 მილიონი ლარი გაიწერა, ამ დროისთვის მხოლოდ 46 მილიონი ლარის სამუშაოებია შესრულებული. 209 მილიონი ლარიდან 131 მილიონი ლარია დახარჯული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 51 მილიონი გამოიყო, დაახლოებით სამ კვირაში სწავლა იწყება და ამ მიმართულებით მხოლოდ 11 მილიონი ლარია ათვისებული.