
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შსს დავით კოდუაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ნოშრევან ნამორაძის ჩვენებას ავრცელებს, რომელიც პოლიცია ჩაბარდა და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
"დათო კოდუა, შემთხვევით შემხვდა ბარნოვის ქუჩაზე. ვინაიდან მე მასთან მქონდა გარკვეულიპრეტენზიები იმის გამო, რომ 2008 წელს დავით და ერეკლე კოდუამ დაგეგმეს ჩემი დაჭერა -ნარკოტიკის ჩადება, შემომივარდნენ სახლში, ჩამიდეს ნარკოტიკი და დამიჭირეს.
ამის სანაცვლოდწაიღეს მთელი ჩემი ქონება, გადამახდევინეს ნახევარი მილიონი ლარი. ვიყავი "ტიფლის დეველოპმენტის" დამფუძნებელი, 50%-იანი წილის მფლობელი. გადაიფორმეს ყველაფერი და ასე ვთქვათ, წამართვეს, „ამახიეს" ქონება. ეს იყო მოტივი.
მანამდე მე შევხვდი დათო კოდუას დავუთხარი, რომ ეს ამბავი ასე არ დამთავრდებოდა და სიმართლე უნდა დადგენილიყო - ქონება უნდა დამბრუნებოდა, ეს ლაფი და სიბინძურე, რაც მათმა ქმედებამ გამოიწვია, ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დამთავრებულიყო.
მან არ ისურვა ამ ყველაფრის დალაგება. შემთხვევით შევხვდი ბარნოვის ქუჩაზე, ძალის გამოყენება მომიწია და ვცემე. ჩემი ერთიწლის ბავშვი იყო ამ ყველაფრის მომსწრე, როდესაც სახლში შემომივარდნენ და დამიდეს ნარკოტიკი.
მე ამას არ ვაპატიებდი არც ერეკლე და არც დათო კოდუას. ეს ყველაფერი ქონების გამო მოხდა. ქონება წაიღეს, ნახევარი მილიონი გადამახდევინეს და ასე დამთავრდა 2008 წელს ეს ისტორია", -აცხადებს ნამორაძე.