
შსს-ს განცხადებით, დავით კოდუას ცემის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე გახსნილია - ძალოვნებმა ერთი პირი დააკავეს. დეტალები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
როგორც გაირკვა, დავით კოდუაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციას ჩაბარდა. ის თავდასხმის მოტივად პირად შურისძიებას ასახელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლით.
შეგახსენებთ, რომ სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ძმა დავით კოდუა დღეს აბაშიძის ქუჩაზე სასტიკად სცემეს. თავდამსხმელები ოთხნი იყვნენ და მათ ელექტროშოკები გამოიყენეს. კოდუას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.