
2 მაისს ოდესაში მომხდარი არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია. ქალაქში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა - ყველა სახელმწიფო დაწესებულების თავზე და წინამდებარე ფლაგშტოკებზე უკრაინის დროშები დილიდან დაუშვეს.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრეს პროსპექტზე პრორუსული აქტივისტები შეიკრიბნენ, რომელტა უმრავლესობა ნიღბებში იყო და ხელთ ბეისბოლის ბიტები ეპყრათ. მათ შეაჩერეს მსვლელობა „ერთიანი უკრაინისთვის“. დაიწყო ხელჩართული ჩხუბი, რომელიც მეზობელ ქუჩებზეც გავრცელდა.
პირველი პროუკრაინელი აქტივისტი ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა, რის შემდეგაც სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა:
ორივე მხარემ ბარიკადების აგება დაიწყო და ერთმანეთის პოზიციებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. მოგვიანებით დაპირისპირებამ კულიკოვის ველზე გადაინაცვლა, სადაც ანტიმაიდნის კარვების ქალაი იყო განთავსებული.
სეპარატისტები პროფკავშირების სახლში გამაგრდნენ და სახურავიდან პროუკრაინელ აქტივისტებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს.
ისმოდა სროლის ხმაც. მოგვიანებით უკრაინის ერთიანობის მომხრეები შენობაში შეიჭრნენ, რის შემდეგაც პროფკავშირების სახლში ხანძარი გაჩნდა.
ალი მე-2 და მე-5 სართულებს მოედო. შენობაში მომწყვდეული პრორუსი აქტივისტები, რომლებიც გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, მარალი სართულების ფანჯრებიდან ხტებოდნენ.
სახანძრო რაზმის მოსვლამდე უკრაინის ერთიანობის მომხრეები მათ დახმარებას ცდილობდნენ და ალმოდებული შენობიდან არაერთი პრორუსი აქტივისტი გამოიყვანეს.
ამის მიუხედავად, ათეულობით ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაშავდა. დაშავებულთა შორის ათამდე მილიციელია. საბოლოო მონაცემებით, დაღუპულია 43 ადამიანი. მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა.
პროფკავშირების სახლში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი. მილიციამ არეულობის მონაწილე ათეულობით აქტივისტი დილით დააკავა.