
საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესში მყოფი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონი, „მოსმენების შესახებ" კანონი და მაუწყებლობის შესახებ" კანონი იყო პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პრესკონფერენციის ძირითადი საკითხები.
„მოსმენებთან დაკავშირებით, კანონპროექტთა პაკეტი მოქალაქეთა მიერ იყო ინიცირებული და საკანონმდებლო წინადადების სახით შარშან ზაფხულში შემოვიდა პარლამენტში, შემდგომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გადაამუშავა და საკანონმდებლო ინიციატივის სახე მისცა.
ამ პროექტზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა, ჩვენ იგი გავაგზავნეთ ევროსაბჭოში ექსპერტიზისთვის, მოვიწვიეთ რამდენიმე ექსპერტი საქართველოში, მარტის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.
განსაკუთრებით, პროდუქტიული იყო აპრილში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებისა და პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და და იუსტიციის სამინისტროების, ასევე პრემიერ-მინისტრის აპარატის, უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობა. დღეისთვის ჩვენ შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ საკითხების 90-95%-ში მიღწეულია შეთანხმებები, საქართველოში დასრულდეს საუბარი იმის თაობაზე, რომ ვინმე ვინმეს უკანონოდ უსმენს.
პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს მოუწოდა მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
01.05.2014