
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს.
„ქვეყნის პოლიტიკური სტრუქტურა დარღვეულია. პარლამენტი არ პარლამენტობს, მინისტრი არ მინისტრობს.
ყოველ შემთხვევაში, ის, რაც გარეთ გამოდის, პრეზერვატივების კანონით დაწყებული, ლუდის სმის აკრძალვით დამთავრებული, ამ შთაბეჭდილებას ტოვებს. ნუთუ ქვეყანაში, სადაც უკიდურესად ღარიბი ადამიანები ცხოვრობენ, სხვა პრიორიტეტები არ არსებობს?
თუ უფრო სერიოზულ საკითხებზეც მსჯელობენ, რატომ არ საუბრობენ ამის შესახებ საზოგადოებასთან? მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი აუცილებელია.
არასაპარლამენტო ოპოზიცია ქვეყანაში აღარ არსებობს და თუ არ შეიცვლება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონი, ქვეყანაში 21-ე საუკუნის შესაბამისი პოლიტიკური ძალებიც ვეღარ ჩამოყალიბდება.
სწორედ არსებული კანონმდებლობის შედეგია, რომ პოლიტიკურ უდაბნოში ვართ და არც პოლიტიკური დისკურსები გვაქვს, ამიტომ საუბრობენ ვინ სად მიდის, სად იყო და რომელი პოლიტიკოსი საუბრობს ცუდი ინგლისურით. ეს საკითხები რაში მაინტერესებს?..
საქართველოდან 2010 წლის ნოემბერში წავედი განცხადებით, რომ მაშინ არსებულ პირობებში, დაკავებისა და წნეხის ქვეშ პოლიტიკაში დარჩენა შეუძლებელი იყო. დღეს შიში გაქრა, არც ზეწოლა შეიმჩნევა, მაგრამ პოლიტიკური სივრცეც გაქრა. საქართველოში რომ ჩამოვიდე, რა უნდა გავაკეთო?
დღეს სერიოზული დებატები არ იმართება, არარეალურ საკითხებზე მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს ვისმენთ, რაც კიდევ ვიმეორებ, არაჯანსაღ პოლიტიკურ ფონს ქმნის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა,
„ვერსია“