-
2014-09-28 23:09
დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო ქადაგებას გამოეხმაურა, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, მედიამ ნაკლებად გააშუქოს კრიმინალი, რადგან ეს საზოგადოების სტრესს იწვევს.
"ვწუხვართ, თუ დანაშაულის დაფარვის პოზიციას ეკლესიაც იზიარებს, რადგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მიუხედავად იმისა თუ როგორ ხასიათს ატარებენ ისინი პოზიტიურს თუ ნეგატიურს, უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი. ჩვენს საზოგადოებას, დღეს როგორც არასდროს, ესაჭიროება სისტემის გამჭირვალობა და სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რადგან სწორედ ინფორმირებული და მობილიზებული საზოგადოებაა დემოკრატიის გარანტი.
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა მის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, პირიქით ეს ერთ-ერთი მექანიზმია იმისათვის, რომ კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანოებმა ვითარების შესაბამისად იმოქმედონ.
ვიმედოვნებთ, რომ დანაშაულის დაფარვას ქვეყანაში არცერთი კონფესია არ უჭერს მხარს და ყველა მომხრეა იმისა რომ დანაშაულის რაოდენობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. სწორედ ამას ემსახურება მედია და მისი ფუნქციაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, ხელისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირებაა.
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ საზოგადოება ირეალურ გარემოში უნდა ვამყოფოთ, პირიქით ის მუდამ უნდა იყოს ინფორმირებული და აქტიური, რომ იქონიოს გავლენა ხელისუფლებაზე და ჰქონდეს მაღალი სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ. მიგვაჩნია რომ სწორედ მედიის თავისუფლება და აქტიური მუშაობაა გზა დემოკრატიისა და მშვიდობისაკენ რაც ჩვენი საზოგადოების არჩევანია“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.