
Foreign Policy-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის ალბათობაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება და "ინტერპრესნიუსს", რომელმაც უწყებას შეკითხვებით მიმართა, ურჩევს თავდაცვის მდივან ჰეიგელის განცხადებებს გაეცნონ.
ამერიკული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით , რომლის მიხედვითაც, ქართულმა მხარემ აშშ-ს საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა შესთავაზა, "ინტერპრესნიუსმა" საელჩოს წერილობითი შეკითხვით მიმართა, რაზეც საელჩოსგან შემდეგი პასუხი მიიღო:
ვფიქრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფისი და თავდაცვის სამინისტრო უკეთ გიპასუხებენ, რა წვლილს შეიტანს საქართველო ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ძალისხმევაში.
შეერთებული შტატების პოზიციასთან დაკავშირებით გთხოვთ, გაეცნოთ თავდაცვის მდივან ჰეიგელის განცხადებებს, რომელიც მან თბილისში ყოფნისას გააკეთა. მდივანმა ჰეიგელმა საერთაშორისო ტერორიზმთან აქამდე წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს მადლობა გადაუხადა", - აცხადებენ საქართველოში აშშ-ის საელჩოში.
Foreign Policy-ის ცნობით, საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით ამერიკულმა გამოცემამ საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულ ინფორმაციას მას საქართველოს ელჩი აშშ-ში, არჩილ გეგეშიძე უდასტურებს.
"საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა", - აცხადებს გეგეშიძე გამოცემასთან საუბარში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი გაკეთდა თავდაცვის სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით, თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება.
დღის ბოლოს Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველომ ამერიკას სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა, თავად აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე გამოეხმაურა და აღნიშნული არ დაადასტურა. გეგეშიძე ვარაუდობს, რომ გამოცემის ჟურნალისტმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო.