პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თებერვალში მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხი განიხილებოდა.
„არც ვადასტურებ, არც უარვყოფ.
იყო მსჯელობები იმაზე, რომ ჩემი პრინციპულობა არის მიუღებელი, დეტალებში არ შევდივარ”, – განაცხადა პრეზიდენტმა „რეაქციაში“ სტუმრობისას.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ ის ვადაზე ადრე გადადგეს, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ეს სწორ გადაწყვეტილებად არ მიაჩნია.
„არანაირად არ მიმაჩნია, რომ ეს იქნება სწორი.
მე შემიძლია გითხრათ შემდეგი – თუ საქართველოს პრეზიდენტი ამ დაპირისპირების ან დაძაბულობის გამო ზურგს შეაქცევს თავის მანდატს, ეს უნდა იყოს გამოწვეული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.
მე რომ ვგრძნობდე, რომ მართლა პრობლემა ვარ ქვეყნის განვითარებისთვის, სირთულეს ვუქმნი საქართველოს წინ მიმავალ გზაზე, ბუნებრივია...
კომფორტული ამ პოზიციაში ნამდვილად არაფერი არ არის – ძალიან დიდი პატივია, მაგრამ კომფორტული არ არის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.