
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, გაეროს მისიიდან მოწვევა არა გიორგი მარგველაშვილის, არამედ მიხეილ სააკაშვილის სახელზე მოვიდა.
,,პირველად ვიტყვი ახლა, რომ 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა კლიმატის სამიტზე საქართველოს მისიამ მიიღო 14 მარტს და ეს მოწვევა იყო მიხეილ სააკაშვილის სახელზე. ესეც აჩვენებს იმას, თუ რამდენად ფორმალურია ეს მოწვევა.
უკვე 30 მაისს მიიღო საგარეო უწყებამ ახალი მოწვევა უკვე მარგველაშვილის სახელზე, რომელიც მას 5 ივნისს გადაეგზავნა. მინდა ვთქვა, რომ ამ პერიოდში კიდევ შაბათ-კვირა იყო და შესაბამისად ამ მოწვევის მიღება არ დაგვიანებულა” - განაცხადა ფანჯიკიძემ.
როგორც გუშინ გადაცემა ,,არჩევანში“ წარმოდგენილი დოკმენტებით გახდა ცნობილი, გიორგი მარგველაშვილის სახელზე გაერო-ს გენერალური მდივნის, პან გი მუნის ოფიციალური მიწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 თებერვალს შევიდა, თუმცა მაია ფანჯიკიძის უწყებამ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე თვის დაგვიანებით, 11 ივნისს აცნობა. ტელეკომპანიის განმარტებით, პრეზიდენტის სამიტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობა 7 ივლისს დაუდასტურა, რასაც სამინისტროდან 8 ივლისს საპასუხო წერილი მოჰყვა იმის თაობაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერმინისტრი გაემგზავრებოდა.