
„ალიასთან“ ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მურმან დუმბაძის „ქართულ ოცნებიდან“ გარიცხვაზე საუბრობს.
„მურმან დუმბაძე თვეების განმავლობაში აკეთებდა შეუთანხმებელ განცხადებებს და იღებდა უცნაურ გადაწყვეტილებებს. როგორც ჩანს, მისი სურვილი იყო, უმაღლეს საბჭოსა და მთავრობაში გარკვეულწილად ეკონტროლებინა სიტუაცია.
როდესაც შენ ხარ კოალიციურ რეჟიმში და რაღაც საკითხები არ არის შეთანხმებული პარტიის ლიდერებთან, ასე დამოუკიდებლად მოქმედება საზიანოა. მე არ ვლაპარაკობ მის პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე, აქ საუბარია სახელმწიფო ინტერესებზე. როცა შენ გადაწყვეტ, რომ სრულიად დამუკიდებლად იმოქმედო და აღარ მოდიხარ შენს გუნდთან თანხვედრაში, ბუნებრივია, აქ თავს იჩენს კონფლიქტი.
ამ დროის განმავლობაში, მურმან დუმბაძე გაფრთხილებულიც იყო პრემიერისგან, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ როცა არ გესმის და მაინც მიდიხარ შენი გზით, მაშინ ასევე დამოუკიდებლად უნდა წახვიდე შენი გზით.
კითხვაზე, რატომ გარიცხეს დუმბაძე პარტიიდან, ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ დუმბაძის მიმართ გარკვეული პრეტენზიები მანამდეც არსებობდა.
„მან თქვა, დააგვიანეთ, მე თვითონ დავტოვე პარტიაო. არაფერი არ დავაგვიანეთ, მას გარიცხვამდე არ გაუკეთებია განცხადება წასვლის თაობაზე. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ დუმბაძე „ნაციონალების“ ფრაქციაში შევა, ამას არ გააკეთებს, თავისი შეხედულებები აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური გუნდი მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. ეს არ იყო ერთი და ორი დღის ნაფიქრი“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე დავით საგანელიძის განცხადებასაც ეხმაურება, რომლის თანახმად, მურმან დუმბაძის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გაწვევაც იგეგმება.
„ამ შემთხვევაში დუმბაძე ვიცე-სპიკერი არის აჭარის კვოტით. ვინაიდან ის ოპოზიციაში გადადის, ოპოზიციას აქვს თავისი კვოტა, რომელიც დაკავებულია, გია ბარამიძე გახლავთ ვიცე-სპიკერი, ბუნებრივია, ოპოზიციას მეორე ვიცე-სპიკერი ვერ ეყოლება, ეს კანონით დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცვლილებები მოხდება“, - აცხადებს კობახიძე.