
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც გიორგი მარგველაშვილს არ აქვს კომუნიკაცია არც მთავრობასთან, არც პარლამენტთან და თავისი ამბიციების გამო სასაცილო ხდება.
ღარიბაშვილის განცხადებით პრეზიდენტთან ურთიერთობის ამგვარი გაუარესება მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ძალიან განვიცდი ამ საკითხს. რომ გითხრათ, ძალიან ბევრს ვფიქრობ-თქო, მოგატყუებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის, რაც ხდება, რაც ვიხილეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში.
ისევე, როგორც ბატონი ბიძინა არ მოელოდა, არც მე არ მოველოდი ამას, ამგვარ გაუარესებას ურთიერთობების, მაგრამ თუ ყველა თავის საქმეს გააკეთებს და ერთმანეთს, როგორც მინიმუმ, ხელს არ შევუშლით, ეს ყველაფერი დარეგულირდება.
მე მჯერა, რომ პრეზიდენტიც, პარლამენტიც, მთავრობაც, სასამართლოც, მედიაც, ყველანი ვიმუშავებთ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში. თუ ყველა გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება ამ ქვეყანაში.
ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ. ეს არის ყველაზე მთავარი. თუ ჩავერევით ერთმანეთის საქმეებში, მაშინ ხდება კონფლიქტი", - განაცხადა პრემიერმა.