
ვალერი ხაბურძანია ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრის და საუბრის დეტალებს იხსენებს.
მისი თქმით, ბიზნესმენი ცდილობდა, ედუარდ შევარდნაძე დაერწმუნებინა, რომ ძალოვანი მინისტრები ცუდები იყვნენ და ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო.
„ამის შემდეგ მე მოსკოვში ვიკითხე ბადრის ამბები, მას რაღაც პრობლემა ჰქონდა, ორმაგი მოქალაქეობა მიიღო კანონის გვერდის ავლით, ეს კომპრომატი მე მქონდა და შემეძლო, გამომეყენებინა.
ჯერ შევარდნაძეს ვკითხე: ეს კაცი რაღაცეებს აკეთებს ჩვენს წინააღმდეგ, ძალონების წინააღმდეგ მოქმედება თქვენც გირტყამთ, ამაზე რას იტყვით-მეთქი? რა ვიცი რა უნდა ვთქვა, მე მგონი ეგ კაცი პუტინის ახლობელიაო. მე ვუთხარი არა მგონია-მეთქი. არა ერთხელ პუტინს რომ შევხვდი, პირდაპირ მითხრა: „კაკ ტამ ნაშ ბადრი“-ო? შეიძლება ეს ირონიულად ეთქვა, ცინიკურად-მეთქი.
მერე მივხვდი შევარდნაძე თავს იშტერებდა, თითქოს თავად უნდოდა, რომ ბადრი პუტინის კაცი ყოფილიყო. (მე დავპირდი, რომ ამ საკითხს გავარკვევდი და მოსკოვში, გარკვეულ წრეებში გავიკითხე, აღმოჩნდა, რომ პუტინსა და მის გარემოცვას ბადრისთან ამ ეტაპზე არავითარი კავშირი არ ჰქონდა, სხვათაშორის მაშინ მირჩიეს, შენ ამ საქმეში ნუ ჩაერევი, არ ღირსო.
მე ვუთხარი მაინც მოვსინჯავ, შევხვდები ბადრი პატარკაციშვილს, თქვენგან რა გადავცე-მეთქი? ჩვენგან გადაეცი, ბორის ბერეზოვსკის დაანებოს თავი, რაც აქ ბიზნესები ჰქონდა ყველაფერს დავუბრუნებთ და თავისუფლად იქნება რუსეთშიო.
ჩამოვედი თბილისში, შევხვდი ბადრის ეს სიტყვები გადავეცი და მიპასუხა: „ია დრუზეი ნე პრადაიუ“. ამის შემდეგ მთხოვა, მოდი, მე და შენ კობა ნარჩემაშვილის წინააღმდეგ შევიკრათო. მეც იგივე ვუპასუხე - „ია, ტოჟე დრუზეი ნე პრადაიუ“.
ჩვენ დავშორდით იმ შეთანხმებით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯს არ გადავდგამდით. ბადრის ჰქონდა დიდი პრეტენზიები, შევარდნაძესთან ძალიან ახლოს იყო, მის კაბინეტში შედიოდა გვარდითი შესასვლელიდან. მას ძალიან ხშირი აუდიენციები ჰქონდა შევარდნაძესთან“, - განაცხადა ხაბურძანიამ.
„ალია“